თავმოყვარე კავალერები

AutoSharing Option
გუშინ, რეგულარულ ჩემპიონატში უინტერესო დღე იყო. მხოლოდ სამი მატჩი გაიმართდა და მათგან ერთადერთში შენარჩუნდა ინტრიგა ბოლო მეოთხედამდე. ეს გახლდათ "ჩიკაგოსა" და "ნიუ ჯერსის" დაპირისპირება.

ბოლო დროს, "ნეტსმა" თავისი შედეგებით ყველა გააკვირვა - ამ გუნდს ბოლო ხუთი წელია არ მოუგია ზედიზედ ხუთი მატჩი. ბევრმა "ნეტსის" საპლეიოფო პერსპექტივებზეც კი დაიწყო ლაპარაკი, რაზეც ცოტა ხნის წინ ფიქრიც კი სასაცილო იქნებოდა. თუმცა "ჩიკაგოც" კარგი განწყობით გადიოდა მოედანზე - მას ზედიზედ შვიდი მატჩი ჰქონდა მოგებული და თან ორი დღის წინ აღმოსავლეთის ლიდერობა ჩამოართვა "ბოსტონს".

მასპინძლებმა
მხნედ დაიწყეს და ჯერ 5:0, შემდეგ კი 10:3 დაწინაურდნენ. სტუმრები პირველი მეოთხედის ბოლოსკენ გამოფხიზლდნენ და 8:0 გაქცევის ხარჯზე საწყისი 12 წუთი ოთხი ქულით მოიგეს.

დიდ შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე დერეკ როუზმა პირველად მოუტანა თავის გუნდს ორნიშნა უპირატესობა - 36:26. "ნეტსი" ძირითადად ბრუკ ლოპესის შედეგიანი თამაშით გადიოდა ფონს - მასპინძლების ცენტრი ხშირად იოლად უსწორდებოდა ჟოაკიმ ნოას, რაც ცოტათი უცნაური ჩანდა. სამაგიეროდ, კარგად ჩაერთო თამაშში "ხარების" სათადარიგო ცენტრი ომერი აშიქი. თურქმა ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა და 16 მოხსნით კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა.

"ნიუ ჯერსი" მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო, მაგრამ ქულათა სხვაობა მისთვის უიმედო არ ყოფილა. მეოთხე მეოთხედის შუაში კი თამაშს ინტრიგა დაუბრუნდა. ტრევის აუთლო და საშა ვუიაჩიჩი თითქმის ყველა ბურთს აგდებდნენ, თუ არა და მოხსნაზე კარგად თამაშობდა კრის ჰემფრიზი. შესაბამისად, ფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა - 67:67. "ბულზი" დროულად გამოვიდა მცირე შოკიდან და 9:2 გაქცევა მოაწყო, რითაც შეხვედრა ლოგიკურ კალაპოტს დაუბრუნა. "ნეტსს" არც დრო და არც ძალა არ აღმოაჩნდა კიდევ ერთი გამოდევნებისთვის.


* * *
"ნიუ იორკმა" შინ 21 ქულით გაანადგურა "მემფისი", ასე რომ ამ მატჩში მოსაყოლი ბევრი არაფერია. უფრო საინტერესოა ორი რეკორდი, რომელიც მასპინძლებმა დაამყარეს. "ნიქსის" რეზერვისტი დუგლასი სათადარიგოთა სკამიდან შევიდა მოედანზე და საფინალო სირენამდე 12 სამქულიანიდან 9 გამოიყენა! ეს არის საკლუბო რეკორდის გამეორება, რომელიც ჯონ სტარქსს
ეკუთვნოდა. სულ კი "ნიუ იორკმა" იმ საღამოს 36-დან 20 სამქულიანი ჩააგდო. ამ გუნდს ასე კარგად შორეული ტყორცნება არასოდეს უსვრია.

"კლივლენდმაც" ასევე დიდი ანგარიშით წააგო "პორტლენდთან". თითქოს ამაში საოცარი არაფერია, თუმცა გაკვირვებას იწვევს ის, თუ როგორ მოახერხეს ასეთი "გმირობა" "კავალერებმა". პირველ წუთზე რაიმონ სეშენსის მიერ ჩაგდებული ორქულიანის შემდეგ (ანგარიში 2:2 გახდა), სტუმრებმა საკუთარ ფარში 22 (!) უპასუხო ქულა მიიღეს. "პორტლენდს" სულ ხუთი ქულა დააკლდა იმისთვის, რომ პირველივე მეოთხედში 30-ქულიანი უპირატესობა მოეპოვებინა. თუმცა ამ ზღვარს მეორე მეოთხედში გაადაბიჯეს. ასეთ სტილში მიმდინარე შეხვედრაში "მხოლოდ" 41 ქულით წაგება "კვლივლენდის" წარმატებად უნდა მივიჩნიოთ. როგორც ჩანს, ამ გუნდის კალათბურთელებს ბოლომდე არ დაუკარგავთ თავმოყვარეობა.


ნიუ ჯერსი-ჩიკაგო 73:84
20:24, 16:19, 14:17, 23:24
ნ-ჯ: ლოპესი (22+8 მოხსნა), ჰემფრიზი (13+16 მოხსნა+5 დაფარება), ვუიაჩიჩი (13+5 მოხსნა), უილიამსი (5+11 პასი).
ჩ: როუზი (21), დენგი (19), კორვერი (12), აშიქი (11+16 მოხსნა), ნოა (5+10 მოხსნა+6 პასი).

ნიუ იორკი-მემფისი 120:99
29:29, 30:22, 33:23, 28:25
ნ-ი: დუგლასი (29), ენტონი (28), ბილაპსი (18+8 პასი), სტაუდმაიერი (16+9 მოხსნა).
მ: კონლი (16+6 პასი), არტური (15+7 მოხსნა), რენდოლფი (14+6 მოხსნა), ალენი (14), ბატიე (11+5 მოხსნა), იანგი (11).

პორტლენდი-კლივლენდი 111:70
37:12, 27:22, 25:11, 22:25
პ: ოლდრიჯი (20+11 მოხსნა), უოლასი (17+6 მოხსნა+6 პასი), მეტიუზი (14+7 მოხსნა), ბატუმი (14+5 პასი), ფერნანდესი (13+5 პასი), მილსი (11).
კ: სეშენსი (14), გიბსონი (12), ჰარისი (10).



* * *
"ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემდეგ მოქმედი ჩემპიონი "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" ფანტასტიკურ ფორმაში შევიდა და "ოლ სტარიდან" მოყოლებული 11 მატჩში ათი მოგება დაუგროვდა.
გუნდის დამრიგებელმა ფილ ჯექსონმა იცის, რაში მდგომარეობს "ლეიკერსის" ბოლოდროინდელი პროგრესის მიზეზი.

"მოთამაშეებთან ერთად ყოველთვის ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საჭიროა სეზონის ბოლოსთვის ენერგიის ეკონომია.

და ბიჭებმა ეს კარგად გაიგეს. ახლა გვაქვს რეგულარულის დარჩენილი მატჩებისთვის და პლეი ოფისთვის ძალების საჭირო მარაგი", - გაგვიზიარა საიდუმლო ჯექსონმა.
ჟურნალისტებმა მაშინვე გაავლეს პარალელი 1999-2000 წლების სეზონთან, როცა "ლეიკერსმა" "ყველა ვარსკვლავის უქმეების" შემდეგ 34-დან 30 მატჩი მოიგო და საბოლოოდ იმ წელს ტიტული მოიპოვა.


* * *
ამასობაში, ამერიკულმა გამოცემა GQ-მ გამოარკვია, რომ NBA-ში ყველაზე უარესი ფანები "ლეიკერსს" ჰყავს.

"ვულოცავთ ლოს ანჯელესის მოსახლეობას! ჩვენ საკალათბურთო ლიგის ყველაზე უარეს ფანებად გაღიარეთ. "ლეიკერსის" ქარაფშუტა ფანებმა მიატოვეს გუნდი, როცა 1991 წელს კარიერა დაასრულა მეჯიქ ჯონსონმა, მეორედ ასეთი რამ 2004 წელს მოხდა - მაშინ შაკი წავიდა გუნდიდან. ახლა კი გულშემატკივრები იმის ნაცვლად, რომ ტაში დაუკრან და გუნდის წარმატებების გამო გაიხარონ, მთელი მატჩის განმავლობაში ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნიან. "ლეიკერსის" VIP-ლოჟა ხშირად საშინელ ღამის კლუბს მოგაგონებთ", - წერს გამოცემის კორესპონდენტი ადამ ვაინერი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული