დერონი სეზონს ასრულებს, კიდი - კარიერას

AutoSharing Option
"ნიუ ჯერსი ნეტსის" გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა, შესაძლოა, ვადაზე ადრე დაასრულოს რეგულარულ ჩემპიონატში გამოსვლა. NBA-ის ვარსკვლავმა "მილუოკისთან" მატჩში საზარდულის ტრავმა გაიმიზეზა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ეივერი ჯონსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამთამაშებლის სათადარიგოთა სკამზე დასმა უნდოდა, მაგრამ თავად დერონმა ითხოვა მატჩის ბოლომდე თამაში.

"კალათბურთს ვაღმერთებ და ვერ ვიტან სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ან თამაშების გამოტოვებას. ჩემთვის ეს რთული გადასატანია. შესაძლოა, ეს ყველაფერი უკეთესიც იყო - ვნახოთ, როგორ ვიგრძნობ თავს უახლოეს დღეებში. ტყორცნის შესრულება მიჭირს. ყოველთვის, როცა ბურთს ვისვრი, საკუთარ ორგანიზმს ვუსმენ. ეს ჩემთვის ფსიქოლოგიური
ზეწოლასავითაა", - მოჰყავს დერონის სიტყვები ESPN-ს.


* * *
სხვა საზრუნავი აქვს კიდევ ერთ ვარსკვლავ გამთამაშებელს, ჯეისონ კიდს, რომელსაც ამ კვირას 38 წელი უსრულდება. მან Yahoo! Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს სეზონი, შესაძლოა, ბოლო იყოს მის კარიერაში. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, გამოცხადდება თუ არა ამ ზაფხულს ლიგაში ლოკაუტი.

"თუ 2011-12 წლების სეზონი ლოკაუტის გამო ჩაიშლება, შემდეგ ჩემთვის რთული იქნება კალათბურთში დაბრუნება, - ამბობს კიდი. - სავარაუდოდ, დავასრულებ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპს და სხვა საქმეს მოვნახავ, მით უმეტეს, რომ მაქვს რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად, კარგ დამოკიდებულებაში ვარ ცნობილ ფინასისტ სტივ ვინთან. ის აშშ-სა და მაკაოში სასტუმროებისა და კაზინოების ბიზნესით არის დაკავებული და დიდი ხანია თავისთან მიხმობს.

გარდა ამისა, შემიძლია NBA-ის კლუბის მენეჯერად ვიმუშაო. თუმცა კვლავინდებურად დიდი იმედი მაქვს, რომ ლოკაუტი არ შედგება და მინიმუმ 2011-12 წლების სეზონს ვითამაშებ, რის შემდეგაც მართლა წავალ კალათბურთიდან."









.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული