სენსაცია ოკლაჰომაში

AutoSharing Option
კარმელო ენტონის დამატების შემდეგ "ნიუ იორკი" აღმოსავლეთის ფავორიტებს შორის ჩაეწერა, მაგრამ ამ ტრანსფერით "ნიქსს" ჯერჯერობით ბევრი არაფერი მომატებია, გუშინ კი მაიკ დ'ანტონის გუნდმა უცნაური მატჩი ჩაატარა "მილუოკის" წინააღმდეგ. უცნაურობა იმაში იყო, რომ პირველი მეოთხედის შემდეგ ნიუიორკელები 9:32-ს (!) აგებდნენ. სტუმრებმა საწყის 12 წუთში 25-დან მხოლოდ 4 ბურთი ჩააგდეს. მეორე უცნაურობა კი ის გახლდათ, რომ "მილუოკიმ" ასეთი უპირატესობის მოპოვების შემდეგ კინაღამ წააგო ეს შეხვედრა.

"ნიუ იორკმა" დაამტკიცა, რომ პირველ მეოთხედში ჩავარდნა შემთხვევითობა იყო. ბილაპსისა და ფილდსის ზუსტი ტყორცნების სერიის შემდეგ სტუმრებმა
ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს - 51:52. მაგრამ უფრო მეტის გაკეთება "ნიქსმა" ვერ მოახერხა და ამის მიზეზი გახდა მისი ყოფილი კალათბურთელი კარლოს დელფინო.

საფინალო სირენამდე ორწუთნახევრით ადრე "მილუოკის" უპირატესობა კვლავ მინიმალური იყო, როცა არგენტინელმა 74 წამში ოთხი საჯარიმო ჩააგდო და ამას სამქულიანიც დაუმატა, რითაც პარტნიორებს ზედმეტი ნერვიულობა ააცილა თავიდან. დელფინომ 30 ქულით კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა, "მილუოკი" კი აღმოსავლეთის ცხრილში "შარლოტს" გაუთანაბრდა და მერვე ადგილზე მყოფ "ინდიანამდე" ბევრი არაფერი უკლია.


* * *
გუშინდელ დღეს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია. ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ "ოკლაჰომა" საკუთარ მოედანზე დამარცხდებოდა "ტორონტოსთან". მით უმეტეს, რომ "თანდერმა" სტარტიდანვე დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი, როცა სწრაფად მიაღწია რვაქულიან უპირატესობას. მაგრამ ამით მასპინძლების წინსვლა შეჩერდა, "ტორონტო" კი ნამდვილ შტურმზე გადავიდა. შესვენებამდე "ოკლაჰომა" ასე თუ ისე უმკლავდებოდა კანადელთა შემოტევას, მაგრამ მესამე მეოთხედის ბოლოსთვის სხვაობა უკვე ძალიან სახიფათო გახდა - 74:62 "რეპტორზის" სასარგებლოდ.

მატჩს ინტრიგა ჯეიმს ჰარდენმა დაუბრუნა, რომელმაც ცხრიდან რვა საჯარიმო ჩააგდო, თანაც მასპინძელთა დაცვამაც იყოჩაღა და 550 წამის განმავლობაში არ ჩააგდებინა ბურთი მეტოქეს. ასე რომ, 11:2 გაქცევის წყალობით "ოკლაჰომამ" საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე სამი ქულით წინ გასვლა შეძლო. ამის შემდეგ "თანდერს" ორჯერ შეეძლო სხვაობის გაზრდა, მაგრამ ჯერ დურანტმა ააცილა საშუალო მანძილიდან, პერკინსმა კი ორი საჯარიმო ააცილა. ამისთვის "თანდერი" ბარბოზამ დასაჯა, რომელმაც სამქულიანით გაათანაბრა ანგარიში. დარჩენილ დროში გუნდებმა თითო შეტევა მოასწრეს - უესტბრუკმა ააცილა, სამაგიეროდ, ბოლო წამზე ჩააგდო ამირ ჯონსონმა.


* * *
ტურის ცენტრალური მატჩი ლოს ანჯელესში გაიმართა, სადაც მოქმედი ჩემპიონი "ლეიკერსი "პორტლენდს" მასპინძლობდა. ფილ ჯექსონის გუნდს ყოველთვის უჭირდა "ბლეიზერსის" წინააღმდეგ თამაში. ამას სტატისტიკაც ადასტურებს: 2004-05 წლების სეზონიდან მოყოლებული, "პორტლენდს" "ლეიკერსთან" რეგულარულში სერია არასოდეს წაუგია.

მაგრამ წელს ტრადიცია დაირღვა - კალიფორნიელებმა მიმდინარე რეგულარულში ზედიზედ მესამედ დაამარცხეს "ბლეიზერსი". თანაც ამის გაკეთება ენდრიუ ბინუმის გარეშე მოუწიათ, რომელიც მინესოტელი მაიკლ ბიზლის წინააღმდეგ უხეშობისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამიტომაც წინა ხაზზე თამაშის სიმძიმე პაუ გასოლსა და ლამარ ოდომს დააწვათ, რომლებმაც შესაბამისად 45 და 42 წუთი ითამაშეს. ორივემ ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო.

ჩემპიონს იოლი თამაში არ ჰქონია. თავიდან ის 29:20 დაწინაურდა, მაგრამ "პორტლენდი" საპასუხო სპურტით გამოვიდა და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ათი უპასუხო ქულის წყალობით პირველი ტაიმი 4 ქულით მოიგო. "ლეიკერსს" განსაკუთრებით შეტევაში უჭირდა, რის გამოც მესამე მეოთხედში სტუმრების უპირატესობა 9 ქულამდე გაიზარდა.

კალიფორნიელები დროულად მოვიდნენ გონს. ოდომმა, ბრაუნმა და გასოლმა ზედიზედ 7 ქულა დააგროვეს, ბარნსმა კი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საჭირო ბურთი ჩააგდო - მესამე მეოთხედის ბოლო წამზე 12 მეტრიდან ზუსტად ისროლა. თუმცა მასპინძლებმა საბოლოოდ მატჩის სადავეები საფინალო სირენამდე 2 წუთითა და 21 წამით ადრე იგდეს ხელთ, როცა კობი ბრაიანტმა ანგარიში გაათანაბრა. სწორედ დერეკ ფიშერთან მისმა დუეტმა ითამაშა გადამწყვეტი როლი მატჩის შედეგში. თავიდან ვეტერანი მცველი თავისივე ჩაჭრის შემდეგ გაიქცა, 10 წამით ადრე კი საშუალო მანძილიდან ოთხ ქულამდე გაზარდა ანგარიში, რითაც წერტილი დაუსვა შეხვედრას. ამ მოგებით "ლეიკერსმა" წყნარი ოკეანის დივიზიონის ჩემპიონობა გაინაღდა.


ვაშინგტონი-ნიუ ჯერსი 98:92
23:35, 20:21, 28:12, 27:24
ვ: უოლი (28+8 პასი+6 მოხსნა), კროუფორდი (21), მაკგი (16+7 მოხსნა), ევანსი (15).
ნ-ჯ: ლოპესი (21+10 მოხსნა), მოროუ (19), ჰემფრიზი (18+17 მოხსნა), ფარმარი (10+17 პასი).

ატლანტა-დეტროიტი 104:96
21:17, 34:33, 24:24, 25:22
ა: ჰორფორდი (18+10 მოხსნა+6 პასი), სმიტი (17+9 მოხსნა), ჯონსონი (17+8 პასი), ჰაინრიხი (15+6 პასი), უილიამსი (13+5 მოხსნა), ფაჩულია (13+5 მოხსნა).
დ: სტაკი (22+8 პასი), უილკოქსი (18), მონრო (17+10 მოხსნა), პრინსი (10+5 პასი).

მილუოკი-ნიუ იორკი 100:95
32:9, 15:32, 28:31, 25:23
მ: დელფინო (30+11 მოხსნა), სალმონსი (22), მბა ა მუტე (19+8 მოხსნა), ჯენინგსი (14+11 მოხსნა+9 პასი), ბოგუტი (13+12 მოხსნა).
ნ-ი: სტაუდმაიერი (25+11 მოხსნა), ენტონი (23+5 მოხსნა), ბილაპსი (21), ფოლდსი (13+5 მოხსნა).

კლიპერსი-ფინიქსი 99:108
23:27, 26:27, 29:27, 21:27
კ: კამანი (21+11 მოხსნა), უილიამსი (18+7 მოხსნა+7 პასი), გრიფინი (17), ფოიე (13), გორდონი (10+5 მოხსნა).
ფ: ნეში (23+13 პასი+7 მოხსნა), ფრაი (19), გორტატი (17+13 მოხსნა), დადლი (14+6 მოხსნა), უორიკი (12).

მინესოტა-საკრამენტო 95:127
23:28, 25:29, 27:28, 20:42
მ: რიდნური (22), რენდოლფი (14), მილიჩიჩი (13+6 მოხსნა), ბიზლი (13).
ს: დალემბერი (26+17 მოხსნა), ტორნტონი (23+9 პასი+8 მოხსნა), უდრიხი (19+5 პასი), ჯეტერი (13+6 პასი+5 ჩაჭრა), გრინი (13).

ჰიუსტონი-იუტა 110:108
30:19, 25:28, 22:28, 33:33
ჰ: მარტინი (34), ლოური (28+11 მოხსნა+10 პასი), პატერსონი (14+13 მოხსნა).
ი: მილსეპი (35+10 მოხსნა), მაილზი (19), ჯეფერსონი (17+19 მოხსნა), ჰარისი (12+5 მოხსნა), კირილენკო (10).

ოკლაჰომა-ტორონტო 93:95
22:25, 22:23, 22:28, 27:19
ო: ჰარდენი (23), უესტბრუკი (22+6 მოხსნა), დურანტი (20+5 მოხსნა), პერკინსი (5+12 მოხსნა).
ტ: ბარნიანი (23+5 მოხსნა), ბარბოზა (19), დეროზანი (16+8 მოხსნა), ევანსი (13+9 მოხსნა), ჯონსონი (12+6 მოხსნა).

დალასი-გ. სტეიტი 101:73
31:23, 20:20, 25:20, 25:10
დ: ნოვიცკი (20+6 მოხსნა), სტოიაკოვიჩი (17), ბობუა (15), მაინმი (9+13 მოხსნა), ჩენდლერი (7+17 მოხსნა).
გ-ს: ელისი (18), კარი (11+6 მოხსნა+6 პასი), ლი (10+12 მოხსნა).

ლეიკერსი-პორტლენდი 84:80
27:20, 17:28, 18:18, 22:14
ლ: ბრაიანტი (22), ოდომი (16+11 მოხსნა+6 პასი), გასოლი (14+13 მოხსნა), არტესტი (10).
პ: ბატუმი (25), ოლდრიჯი (18+6 მოხსნა), ფერნანდესი (10+5 მოხსნა), კემბი (3+10 მოხსნა).







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული