ხელმოცარულები

AutoSharing Option


ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ამერიკულ პრესაში უკვე დაიწყეს ჩემპიონატის შეჯამება. თავდაპირველად მიმომხილველებმა შეადგინეს ხუთეული, რომლის წევრები ამ სეზონის მთავარ იმედგაცრუებად დასახელდნენ.

გამთამაშებელი: გილბერტ არენასი (ვაშინგტონი, ორლანდო)
"ვაშინგტონში" ჯონ უოლის მისვლის შემდეგ არენასმა არაკომფორტულად იგრძნო თავი. თანაც მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედა ერნი გრიუნფელდის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ახალი გუნდი დრაფტის პირველი ნომრის გარშემო აიგებოდა. ამიტომაც, როცა "აგენტ ზეროს" ძველმა მეგობარმა ოტის სმიტმა "ორლანდოში" გუნდის გარდაქმნა წამოიწყო, არენასი სამხრეთისკენ გაემგზავრა. იქ გილბერტს თავისი კარიერის ახალი ეტაპის
დაწყებისა და "მეჯიქისთვის" ჩემპიონობის ბრძოლაში დახმარების იმედი ჰქონდა. სამწუხაროდ, ის ვერ გავიდა ძველ დონეზე და უფრო მეტიც, წლის დასაწყისში "ვაშინგტონში" ნაჩვენები სტატისტიკური მაჩვენებლები კიდევ უფრო დაბლა ჩამოვიდა. არენასს 4-წლიანი და 80-მილიონიანი კონტრაქტი აქვს, ასე რომ მივიღეთ კიდევ ერთი კალათბურთელი უდიდესი ხელფასითა და მარგი ქმედების დაბალი კოეფიციენტით. ბოლო ორი სეზონია არენასი ძირითადად სკანდალებში ეხვევა და თამაში დაავიწყდა, ასე რომ ნაკლებად მოსალოდნელია მან ძველი სპორტული ფორმა დაიბრუნოს.

შემტევი მცველი: ევან ტერნერი (ფილადელფია)
ბოლო დროს NBA-ს არ უმართლებს დრაფტის მეორე ნომრებში. დურანტის დაუჯერებელი პროგრესის შემდეგ ვერც ბიზლი, ვერც ტერნერი და მით უმეტეს, ვერც ტაბიტი ვერ აჩვენებენ იმ სათამაშო თვისებებს, რომელთა გამოც მიიღეს დრაფტზე ასეთი მაღალი ნომერი. როცა "სიქსერზის" ხელმძღვანელობამ დრაფტის მეორე ნომრად NCAA-ის საუკეთესო მოთამაშე, აიყვანა გულშემატკივრებმა მაშინვე მოითხოვეს გუნდიდან იგუოდალას გაშვება, რომელსაც შეიძლება ხელი შეეშალა ახალგაზრდა კალათბურთელის განვითარებისთვის. შემთვევითი არ ყოფილა "ფილადელფიას" ლიდერის გაცვლის თაობაზე შარშან ზაფხულში გავრცელებული ჭორები. მაგრამ მიმდინარე სეზონმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა: იგუოდალა კვლავინდებურად გუნდის ლიდერია, ტერნერი კი ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რომელსაც მისგან ელოდნენ.
ჯერ კიდევ დრაფტამდე წერდნენ, რომ ევანსს არ შეუძლია თავად შეიქნას სროლისთვის მომენტი და პასი სჭირდება, მაგრამ ამას ისიც დაემატა, რომ "სიქსერზის" ახალბედა ყველაზე ხელსაყრელი სიტუაციებიდანაც კი აცილებს ბურთს. ბუნებრივია, ეს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური მოუმზადებლობისგან მოდის, მაგრამ ფაქტი აშკარაა - ნდობის კრედიტი ამ კალათბურთელს ჯერ არ ამოუწურავს, თუმცა ეს შეიძლება სულ მალე მოხდეს. და თუ ასე გაგრძელდა, პლეი ოფში ტერნერს, შესაძლოა, სათადარიგო სკამიდან მოუწიოს სეზონის მთავარი მატჩებისთვის ცქერა.

მსუბუქი ფორვარდი: ო ჯეი მაიო (მემფისი)
ო ჯეი მაიო შემტევი მცველია, მაგრამ თანამედროვე კალათბურთში თითქმის გამქრალია ზღვარი მეორე და მესამე ნომრებს შორის და ამიტომაც შეიძლება ამ კალათბურთელის მსუბუქ ფორვარდად დაყენება. მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს "მემფისმა" მაქსიმალური კონტრაქტი მისცა რუდი გეის, ზოგიერთი გულშემატკივარი აყვირდა: "მაიომ რა დააშავა?" მათ მიიჩნიეს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ღუპავდა ო ჯეის ტალანტს. მაგრამ სეზონმა დაადასტურა "გრიზლისის" ბოსების სიმართლე: გეი გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდა, მაიომ კი სასტარტოში ადგილი დაკარგა. ამასთან, სათამაშო პრობლემების მიზეზი მოედნის მიღმა მომხდარი სკანალების შედეგი იყო: კონფლიქტი ტონი ალენთან საბანქო ვალის გამო, დოპინგტესტის დადებითი შედეგი...
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რეგულარული სასამართლო გარჩევები და კანონთან პრობლემები ხელს არ უშლის მაიოს პარტნიორს - ზაკ რენდოლფს კარგი თამაშის ჩვენებაში. მაგრამ როგორც ჩანს, ახალგაზრდა კალათბურთელს უჭირს მოედანზე გასვლისას კონცენტრირება. მაიოსთვის, შესაძლოა, სასარგებლო ყოფილიყო კლუბის შეცვლა, მაგრამ ბოლო მომენტში ჩაიშალა მისი ტრეიდი "ინდიანა პეისერსში". იქნებ, "მემფისში" ჯერ კიდევ სჯერათ მისი შესაძლებლობებს ან უფრო სარფიან შემოთავაზებას ელიან. ვნახოთ, როგორ განვითარდება ო ჯეის კარიერა, მაგრამ ფაქტია, რომ წლევანდელი სეზონი მისთვის დაკარგული აღმოჩნდა.

მძიმე ფორვარდი: ტროი მერფი (ნიუ ჯერსი, ბოსტონი)
ეჭვგარეშეა, რომ ეს არის წლის მთავარი ჩავარდნა. ტროი მერფი ის მოთამაშეა, რომელიც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში საშუალოდ მატჩში ორმაგ დუბლს ასრულებდა. მართალია, ის ათლეტურობით ვერ გამოირჩევა, სამაგიეროდ, კარგად დაყენებული ტყორცნა და ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს. უფრო სწორედ, ჰქონდა. მერფისთვის სეზონი კარგად იწყებოდა. ბილი კინგი ირწმუნებოდა, რომ კმაყოფილია ამ გარიგებით, მერფი კი ამბობდა, რომ "ნეტსი" კარგი გუნდია. მაგრამ ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ტროიმ ზურგის ტრავმა მიიღო, რის გამოც საწვრთნელი ბანაკი გამოტოვა, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ ეივერი ჯონსონი არ ჩქარობდა მისთვის დიდი სათამაშო დროის მიცემას. იმის გამო, რომ მოთამაშემ სეზონისწინა მზადება ჩააგდო და არ იყო საუკეთესო კონდიციებში, უნდა მოეცადა და ფორმა აეკრიფა. მაგრამ მერფი არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას დ ხანგრძლივ კონფლიქტში შევიდა გუნდის მწვრთნელთან. ტროი არ არის ის მოთამაშე, რომლის გამოც მწვრთნელს შეცვლიან, ამიტომაც ამ კონფლიქტის შედეგი თავიდანვე ცხადი იყო: ის "ნეტსში" ვეღარ ითამაშებდა. ფორვარდი დიდი ხნით ჩამოაშორეს გუნდს, მოგვიანებით კი მოედანზე რამდენიმე წუთით გასვლის ნება დართეს. ბოლოს "გოლდენ სტეიტში" გაუშვეს. ამის შემდეგ მერფიმ "მაიამის" "ბოსტონი" არჩია, არადა, ფლორიდაში უფრო მეტი სათამაშო დროის იმედი უნდა ჰქონოდა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ თავად კალათბურთელს არ სჯერა, რომ ძველ ფორმას დაიბრუნებს.

ცენტრი: ტიმოფეი მოზგოვი (ნიუ იორკი, დენვერი)
ყველას ახსოვს, რომ რუს კალათბურთელს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, რომლის ღირებულება 10 მილიონ დოლარს აღემატებოდა. გვახსოვს "ნიქსის" მწვრთნელის მაიკ დ'ანტონის სიტყვები, რომელმაც სეზონის წინ საჩვენებელ მატჩებში მოზგოვის თამაშს "ბრწყინვალე" უწოდა და მას სასტარტოში ადგილს დაპირდა. მაგრამ მწვრთნელის ენთუზიაზმი სულ მალე გაქრა. სეზონის პირველ 11 მატჩში ცხრაჯერ სასტარტოში თამაშის შემდეგ, ის მყარად დაჯდა სათადარიგოთა სკამზე. ძირითადში დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა დაგვიანებული აღმოჩნდა. საბოლოოდ ტიმოფეი "დენვერს" გაუცვალეს, იქ კი ნენე ილარიოს გადამკიდე სასტარტოში მოხვედრა შეუძლებელი იყო. თანაც "ნაგეტსში" ბევრი კარგი წინახაზელია, ასე რომ, რუსს კიდევ დიდხანს მოუწევს თავისი შანსის ლოდინი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული