"სპურსმა" დასავლეთი მოიგო

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატი ერთდღიანი შესვენების შემდეგ 13 შეხვედრით განახლდა და მთავარი მოვლენა ის იყო, რომ დასავლეთ კონფერენციაში ჩემპიონობა გაინაღდა "სან ანტონიო სპურსმა". ლიდერმა "ატლანტას" მოუგო, მისი უახლოესი მდევარი "ლეიკერსი" კი მოულოდნელად შინ დამარცხდა "იუტასთან".

მართლაც არავის ეგონა, რომ პირველი ადგილის ბედი სწორედ გუშინ გადაწყდებოდა. წამყვანი მოთამაშეების ტრავმებით დასუსტებულმა "იუტამ", რომელსაც არც კი ახსოვდა ბოლოს როდის მოიგო "სტეიპლ ცენტრში", დღის მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა.

ჩემპიონმა თამაშიდან ტყორცნების საშინელი პროცენტი დააფიქსირა. პაუ გასოლისა და ენდრიუ ბინუმის გარდა, "ლეიკერსის" მოთამაშეებმა (მათ შორის კობი ბრაიანტმა) თავიანთი
შესაძლებლობების ნახევარიც ვერ გამოავლინეს. ესპანელი ხშირად იღებდა საკუთარ თავზე ინიციატივას, ბინუმი კი ბრწყინვალედ მუშაობდა ორივე ფარზე (ამის ხარჯზე პირადი რეკორდი დაამყარა - 22-ჯერ მოხსნა ბურთი). რაც შეეხება "იუტას", ამ დღეს მისი მთავარი იმედი პოლ მილსეპისა და გორდონ ჰეივორდის დუეტი იყო. ეს უკანასკნელი საერთოდ მატჩის გმირი გახდა. სწორედ ის გაუძღვა მეოთხე მეოთხედში პარტნიორებს და გადამწყვეტ მომენტში საჭირო ქულები დააგროვა.

საფინალო სირენამდე 16 წამით ადრე "ლეიკერსი" სამი ქულით (82:85) აგებდა, როცა კობიმ საფირმო სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა. მაგრამ საპასუხო შეტევაში ჰეივორდმა მეტოქეს პერსონალურის აღება აიძულა და ერთი საჯარიმო ჩააგდო. დარჩენილი ექვსი წამი საკმარისი იყო გამარჯვების მოსაპოვებლად, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ბრაიანტს ბურთი ხელიდან გაუვარდა. 86:85 - "იუტას" სასარგებლოდ.


* * *
მოულოდნელად წააგო "მემფისმა". პლეი ოფის წინ შესანიშნავ ფორმაში შესულმა "გრიზლისმა" შინ "კლიპერსთან" წაგება მოახერხა. არადა, "დათვები" თითქმის მთელი მატჩი აკონტროლებდნენ თამაშის მსვლელობას. იმის მიუხედავად, რომ ზაკ რენდოლფს ბევრი არაფერი გამოსდიოდა ბლეიკ გრიფინის წინააღმდეგ, ტენესურ კლუბს დიდი ხანი სოლიდური უპირატესობა ჰქონდა. რენდოლფს წარმატებით აზღვევდნენ მაიკ კონლი და მარკ გასოლი. მაგრამ ჰოლინზის შეგირდებმა ფინალურ სერიამდე ვერ გაძლეს და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა წააგეს.

ბოლო მეოთხედის წინ "მემფისის" უპირატესობა 10 ქულას შეადგენდა. ისე ჩანდა, რომ ეს სხვაობა კიდევ გაიზრდებოდა, მაგრამ სწორედ ბოლო 12-წუთეულში "კლიპერსმა" დაცვაში ბრწყინვალე თამაშით საგონებელში ჩააგდო მასპინძელი. დელ ნეგროს ბიჭებმა მატჩის საინტერესო ფინალი უზრუნველყვეს და იქ საჭირო შედეგს მიაღწიეს. თუმცა არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა ყველაფერი, ბოლო წამებზე მსაჯებს ერიკ ბლედსოუზე შეტევაში პერსონალური რომ დაეფიქსირებინათ.


* * *
"ჰიუსტონმა" კი ვერ ისარგებლა "მემფისის" საჩუქრით და პლეი ოფში მოხვედრის შანსი დაკარგა. ბოლო ათ მატჩში რვა გამარჯვების შემდეგ ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ "რაკეტები" საკუთარ მოედანზე წააგებდნენ მოკრძალებულ "საკრამენტოსთან". მართალია, ბოლო დროს "მეფეებიც" კარგ ფორმაში შევიდნენ, მაგრამ ყველას ეგონა, რომ "ჰიუსტონის" მოტივაცია ყველაფერზე მაღლა დადგებოდა.

"როკეტსის" პრობლემები მეორე მეოთხედში დაიწყო, როცა სტუმრებმა წარმატებული გაქცევა მოაწყვეს და მეტ-ნაკლებად სოლიდური სხვაობით გავიდნენ წინ. "ჰიუსტონი" კევინ მარტინის მონდომებით ახერხებდა მეტოქის შეკავებას, მაგრამ ბოლო მეოთხედში "რაკეტებს" კიდევ ერთხელ გაექცათ მოწინააღმდეგე და მასპინძელი წაგებას ვეღარც კაილ ლოურის სამქულიანმა გადაარჩინა. ამ ყველაფრის მიზეზი გახდა "ჰიუსტონის" ქრონიკული პრობლემები დაცვაში, რის გამოც მასპინძლებმა გადამწყვეტ მომენტში ვერაფერი მოუხერხეს "საკრამენტონს".


* * *
პლეი ოფის პირველი რაუნდის რეპეტიცია დენვერში გაიმართა, სადაც "ნაგეტსი" საკუთარ არენაზე "ოკლაჰომას" მასპინძლობდა. ორივე გუნდის პოზიციებს არაფერი ემუქრება და თუ სასწაული არ მოხდა, აპრილის მეორე ნახევარში სწორედ მათ შორის ველოდებით დაძაბულ მერვედფინალურ სერიას. გუშინდელი მატჩი კი "ოკლაჰომას" გამარჯვებით დასრულდა. მართალია, რამდენიმე დღის წინ "ნაგეტსმა" სტუმრად "ლეიკერსი" დაამარცხა, მაგრამ ჯორჯ კარლის შეგირდებმა მშობლიურ არენაზე "თანდერის" შეტევები ვერაფრით შეაჩერეს.

უკვე შეხვედრის დებიუტში დურანტმა და კომპანიამ დიდი გაქცევა მოაწყვეს და რომ არა დენვერელი ტაი ლუსონის შედეგიანი თამაში, მატჩი დიდ შესვენებამდე დამთავრებული იქნებოდა. "დენვერმა" თამაში გაათანაბრა, მაგრამ კევინ დურანტის ბრწყინვალე თამაშის ფონზე მასპინძლებს წარმატების იმედი არ დარჩენიათ. თუმცა კარლს საკმარისი დრო აქვს შეცდომებზე სამუშაოდ.


ატლანტა-სან ანტონიო 90:97
21:16, 25:27, 19:23, 25:31
ა: ჯონსონი (21), კროუფორდი (20), ჰაინრიხი (13), ჰორფორდი (12+9 მოხსნა+5 პასი).
ს-ა: პარკერი (26+5 მოხსნა), ჯინობილი (18), დანკანი (17+6 მოხსნა), ჰილი (13).

კლივლენდი-შარლოტი 99:89
34:16, 21:22, 19:28, 25:23
კ: სეშენსი (18), ჰიქსონი (16+19 მოხსნა), ჰოლინზი (16), გი (13+6 მოხსნა), დევისი (11+5 პასი), ჰარანგოდი (11), გიბსონი (10+5 პასი).
შ: ოგუსტინი (22+8 პასი+5 ჩაჭრა), ჰენდერსონი (15), კეროლი (13), კანინგემი (10+11 მოხსნა), ბრაუნი (10), დიაო (3+11 მოხსნა+5 პასი).

ნიუ ჯერსი-მინესოტა 107:105
29:23, 32:27, 24:25, 22:30
ნ-ჯ: ლოპესი (30+12 მოხსნა), უილიამსი (18+21 პასი), ვუიაჩიჩი (17+10 მოხსნა), აუთლო (13), ფარმარი (12).
მ: ბიზლი (20+11 მოხსნა+7 პასი), რენდოლფი (20+10 მოხსნა), უებსტერი (16+5 მოხსნა), ტოლივერი (14+5 მოხსნა), პეკოვიჩი (12), რიდნური (11+9 პასი).

ორლანდო-მილუოკი 78:72
26:14, 16:19, 15:22, 21:17
ო: ჰოვარდი (18+17 მოხსნა), ნელსონი (17+5 ჩაჭრა), ბასი (13), თურქოგლუ (12+10 მოხსნა).
მ: გუდენი (18), დულინგი (10).

ვაშინგტონი-დეტროიტი 107:105
31:22, 21:32, 26:27, 29:24
ვ: უოლი (26+12 პასი+6 მოხსნა), ბლეტჩი (26+10 მოხსნა), ევანსი (20), კროუფორდი (17).
დ: მონრო (22+14 მოხსნა), მაკგრეიდი (14+6 პასი+5 მოხსნა), დეი (14+6 მოხსნა), ბინუმი (14), პრინსი (14), უილკოქსი (10+9 მოხსნა).

ბოსტონი-ფილადელფია 99:82
24:26, 30:24, 21:15, 24:17
ბ: პირსი (18+7 მოხსნა), რონდო (16+13 პასი), გარნეტი (14), ალენი (13).
ფ: ტერნერი (21+5 პასი), ბრენდი (12+5 მოხსნა), ჰოლიდეი (11), იგუოდალა (10+5 მოხსნა), მიქსი (10).

ნიუ იორკი-ტორონტო 131:118
39:26, 39:28, 21:28, 32:36
ნ-ი: დუგლასი (28+5 პასი), ენტონი (23+9 მოხსნა), სტაუდმაიერი (23+6 მოხსნა+5 პასი), ბილაპსი (13+9 პასი), ფილდსი (10).
ტ: დეროზანი (36+10 მოხსნა), დევისი (22+13 მოხსნა), ბეილესი (19+5 პასი), უიმსი (14), ჯონსონი (10).

ჩიკაგო-ფინიქსი 97:94
25:24, 28:16, 28:30, 16:24
ჩ: როუზი (19), დენგი (18), ბუზერი (12+9 მოხსნა+7 პასი), ნოა (12), გიბსონი (10+9 მოხსნა), ბრიუერი (10+6 მოხსნა).
ფ: კარტერი (23+5 მოხსნა), ფრაი (13+9 მოხსნა), ჰილი (13), დადლი (12), გორტატი (10+13 მოხსნა), ნეში (6+16 პასი).

მემფისი-კლიპერსი 81:82
23:18, 20:21, 25:20, 13:23
მ: კონლი (20+5 მოხსნა), გასოლი (14+15 მოხსნა), რენდოლფი (14+7 მოხსნა), იანგი (13).
კ: უილიამსი (16), გრიფინი (15+14 მოხსნა), კამანი (14+7 მოხსნა), გორდონი (11+6 მოხსნა).

ჰიუსტონი-საკრამენტო 101:104
28:24, 18:28, 28:24, 27:28
ჰ: მარტინი (30), სკოლა (18+10 მოხსნა+5 პასი), ლოური (15+9 პასი), ლი (12+6 მოხსნა).
ს: დალემბერი (21+15 მოხსნა), ტორნტონი (21), ევანსი (18+5 პასი), კაზინსი (15+15 მოხსნა), ტომპსონი (14+6 მოხსნა), უდრიხი (10).

დენვერი-ოკლაჰომა 94:101
16:27, 31:21, 20:21, 27:32
დ: ლოუსონი (28+5 პასი), გალინარი (17+6 მოხსნა), მარტინი (14+7 მოხსნა), ფელტონი (11+6 მოხსნა).
ო: დურანტი (32+9 მოხსნა), უესტბრუკი (18+6 პასი), ჰარდენი (13), მეინორი (10), იბაკა (9+11 მოხსნა), პერკინსი (4+14 მოხსნა).

პორტლენდი-გ. სტეიტი 87:108
19:19, 28:28, 21:37, 19:24
პ: ოლდრიჯი (17+12 მოხსნა), მეტიუზი (17), ბატუმი (15), მილერი (12), უოლასი (10).
გ-ს: ელისი (30+5 პასი), ლი (29+20 მოხსნა), კარი (28+8 მოხსნა).

ლეიკერსი-იუტა 85:86
24:20, 16:14, 17:23, 28:29
ლ: ბრაიანტი (20+5 პასი), გასოლი (19+5 მოხსნა), ბინუმი (12+22 მოხსნა), ოდომი (11+8 მოხსნა).
ი: მილსეპი (22+7 მოხსნა), ჰეივორდი (22+6 მოხსნა+5 პასი), ფეივორსი (14+11 მოხსნა), ჯეფერსონი (11+11 მოხსნა), უოტსონი (11+8 მოხსნა+6 პასი).







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული