დიდი შაკი: დასასრული თუ დასასრულის დასაწყისი?

AutoSharing Option

თითქოს დიდი ხანი არ გასული იმ პერიოდიდან, როცა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შაკილ ო'ნილი ბატონობდა და ერთმანეთის მიყოლებით იგებდა ტიტულებს, საჩემპიონო ბეჭდებსა თუ ათასგვარ პრიზებს. "დიდი არისტოტელე", "დიდი კაქტუსი", უბრალოდ "დიზელი" - ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენის სასურველი სტუმარი იყო. მაგრამ წლები მაინც თავისას შვება და ასაკი ახსენებს შაკს, რომ პენსიაში გასვლის დრო მოვიდა.

გენერალურმა მენეჯერებმა, მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა რთული სატრანსფერო ზაფხული გადაიტანეს, მაგრამ ტრეიდები და ტრანსფერები ჯერ არ შეხებია ლიგის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ და ტიტულოვან კალათბურთელს. თავისუფალი აგენტებს ბაზარმა გასული სეზონის შემდეგ

მიიღო ო'ნილი, მაგრამ ჯერჯერობით მის გაშვებას არ აპირებს.

სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. უკვე 65-მა თავისუფალმა აგენტმა მონახა ახალი კლუბი, მათ შორის 13-მა ცენტრმა. დარკო მილიჩიჩი და იოჰან პეტროც კი არ დარჩენილან უმუშევრები. ახალ გუნდებში მოეწყვნენ შაკის მსგავსი "ბებრები" - რეტლიფი და ბეტი... ხოლო მილიონობით გულშემატკივრის კერპი, 38 წლის შაკილ ო'ნილი ჯერაც "უმუშევართა" არმიას ეკუთვნის.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კეთილი შაკი თავად არის დამნაშავე შექმნილ სიტუაციაში. თითქმის დადასტურებული ინფორმაციაა, რომ კალათბურთელი მზად არის კიდევ ორი წლით დარჩეს ლიგაში და ამის სანაცვლოდ 8 მილიონი დოლარი მიიღოს. ო'ნილი ჯანმრთელია და თავისუფლად შეუძლია მოედანზე 15-20 წუთი დაჰყოს, მაგრამ ორმოც წელს მიტანებული გიგანტი მხოლოდ გარკვეულ მომენტებში იქნება სასარგებლო, რადგან მთელს სეზონს უმაღლეს ან თუნდაც საშუალო დონეზე, ალბათ, ვეღარ ჩაატარებს. ის მონსტრი, რომელიც ათ წელზე მეტხანს "მეფობდა" ლიგაში, წარსულს ჩაბარდა.

"ვერ წარმომიდგენია, რომელმა გუნდმა შეიძლება აიყვანოს შაკი", - განაცხადა აღმოსავლეთი კონფერენციის ერთ-ერთმა სკაუტმა და ხაზი გაუსვა შაკის დაბალ მარგი ქმედების კოეფიციენტს. მართლად, თავიდან მსურველები მრავლად იყვნენ, მაგრამ მალე დაიფანტნენ.
მაგალითად, შაკთან კონტაქტი ჰქონდა "დალასის" მფლობელ მარკ ქიუბანს, მაგრამ "დიზელის" მოთხოვნები გადამეტებული მოეჩვენა და ფული ჰეივუდის 6-წლიან კონტრაქტში (55 მილიონი) ჩადო, აგრეთვე ჩენდლერი და მაინმი დაიმატა.
"მას შეუძლია ტიტულის პრეტენდენტ გუნდს დაეხმაროს. უბრალოდ, ჰეივუდის გაფორმების შემდეგ ჩვენთვის ეს ვარიანტი აქტუალური აღარ იყო", - აღნიშნა ქიუბანმა.

"ჰიუსტონს" სჭირდებოდა იაო მინის შემცვლელი, რომლის დაბრუნების ვადები ჯერაც დაუდგენელია, მაგრამ "როკეტსმა" არჩევანი ასევე ვეტერან, მაგრამ მხნე ბრედ მილერზე შეაჩერა, რომელიც დიდი ხანია ოცნებობდა რიკ ადელმანთან დაბრუნებაზე.
შაკი "მაიამიში" მოწყობასაც ცდილობდა, სადაც "ვარსკვლავი მეგობრები" შეიკრიბნენ, მაგრამ ახალწვეულებმა "ჰიტში" საკუთარი მეგობრების კანდიდატურები წარადგინეს და პატ რაილიმ ისინი დაამტკიცა. ილგაუსკასმა და მაგლოირმა უკვე მოაწერეს კონტრაქტებს ხელი და მშვიდად შეუძლიათ დაელოდონ სეზონის დაწყებას.

შაკილ ო'ნილის გარემოცვა ამტკიცებს, რომ ლეგენდარულ ცენტრს კიდევ ერთი ტიტულის მოპოვება სურს და არ მიდის ისეთ გუნდში, რომელსაც ახალ სეზონში ფავორიტის სტატუსი არ ექნება. ო'ნილს კარიერის მაჟორულ ნოტაზე დასრულება უნდა და ამიტომაც მეხუთე საჩემპიონო ბეჭედს უმიზნებს. თუმცა გუნდებისგან ჯერ ყურადღება ვერ დაიმსახურა.

შეიძლებოდა "ლეიკერსში" დაბრუნებაზე ფიქრი, მაგრამ იქ მას ღრმა რეზერვისტის როლი ექნებოდა გარანტირებული. მით უმეტეს, რომ 2004 წელს ამ გუნდიდან წასვლისას, შაკმა უკან დასაბრუნებელი გზა არ დაიტოვა.
ანალოგიური სიტუაციაა "ორლანდოსთან" დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შაკი კარგი მასწავლებელი იქნებოდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა დუაიტ ჰოვარდისთვის, მაგრამ "მეჯიქის" გულშემატკივრებს, ალბათ, არ დავიწყებიათ ის სიტყვები, რომელიც ო'ნილმა 1996 წელს კლუბის დატოვებისას თქვა - მან "ორლანდო" "დამშრალ წყაროს" შეადარა. ასე რომ, "ჯადოქრები" უკან აღარ მიიღებენ ყოფილი ლიდერს.
უნდა ითქვას, რომ რეალური ვარიანტი ძალიან ცოტაა. თუ ჩემპიონობის პრეტენდენტი გუნდების შანსებს ცალცალკე განვიხილავთ, შაკი "სან ანტონიოშიც" არ სჭირდებათ, "დენვერში" მის გარეშეც მრავლად არიან არასტანდარტული პიროვნებები. ის ძალიან დიდია "იუტასთვის", ძალიან მომთხოვნი "პორტლენდისთვის" და მეტად სარისკო "ოკლაჰომასთვის".

ო'ნილი "კლივლენდში" დაბრუნებას თავად არ აპირებს - ლებრონის გარეშე მას იქ არაფერი ესაქმება, მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდის ხელმძღვანელობა ისტერიულად იმუქრება - ტიტულს "მაიამიზე" ადრე მოვიპოვებთო. "კავალერები" ფავორიტებში აღარ წერიან.
რამდენჯერმე ამოტივტივდა "ბოსტონის" ვარიანტი, მაგრამ ამ მხრივ უფრო გაუმართლა შაკილის მოგვარეს, თანაც ჯერმეინ ო'ნილი უფრო ახალგაზრდა და მოქნილია. თუმცა ბოლო ჭორების მიხედვით, შაკი ყველაზე ახლოს მაინც "სელტიქსთანაა". თანაც ამბობენ, რომ ო'ნილი მაღალ ხელფასსაც აღარ ითხოვს (რაც არ უნდა მოითხოვოს, "სელტიქსში" ვეტერანის მინიმალურ ხელფასზე მეტს ვერ მიიღებს).
რაოდენ პესიმისტურიც არ უნდა იყოს შექმნილი სიტუაცია, ბევრს რატომღაც სჯერა, რომ მომავალ სეზონში შაკილ ო'ნილს მაინც ვიხილავთ მოედანზე. რა თქმა უნდა, ნაკლებად დასაჯერებელია, რომ მას ალენ აივერსონივით გაუმართლებს, რომელმაც შარშან "მემფისში" სამმილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ უკვე ნახსენებ მინიმალურ ხელფასს მას ბევრი კლუბი გადაუხდის. მართალია, შარშანდელი სტატისტიკა (12 ქულა, 6.3 მოხსნა) ყველაზე უარესია ო'ნილის კარიერაში, მაგრამ "დიზელი" ჯერაც უქმნის სამწამიანში პრობლემებს კონკურენტებს.

გასულ სეზონში მან 29 მატჩი გამოტოვა თითის ტრავმის გამო, მაგრამ პლეი ოფის მატჩებისთვის დაბრუნდა და კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული ამოცანა. "კლივლენდის" ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ მაშინ განაცხადა, რომ შაკი იმაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე მთელი გასული სეზონის განმავლობაში.
მის წინააღმდეგ უკვე აღარ აყენებენ ორმაგ მეურვეობას, მის გარშემო აღარ იგება შეტევები, მაგრამ შაკილი ნებისმიერ გუნდში მაინც შესამჩნევი ფიგურაა. რაც არ უნდა იყოს, NBA-ის ოთხგზის ჩემპიონი სეზონში 41 ანშლაგის გარანტიაა იმ გუნდის საშინაო მატჩებზე, რომელიც მასზე გააკეთებს აქცენტს.

მაგრამ თუ "დიდი კაქტუსი" განსაკუთრებულ ზომას მიმართავს და რაშიდ უოლასის მსგავსად კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, მას NBA-ში გატარებულ 18 სეზონში ოთხი საჩემპიონო ბეჭედი ექნება, ფინალური სერიის MVP-ის სამი ტიტული და "ყველა ვარსკვლავის მატჩში" 15 მონაწილეობა. ის მეხუთე ადგილს იკავებს NBA-ის ყველაზე შედეგიან კალათბურთელებს შორის (28 255 ქულა), მეორეა თამაშიდან სროლების რეალიზაციის პროცენტით - 58.1. მოკლედ, კალათბურთის დიდების დარბაზში მას გარანტირებული აქვს ადგილი.
კარიერის ზენიტში შაკი იკვეხნიდა, რომ პენსიაში გაუშვა ჰაკიმ ოლაჟუონი, პატრიკ იუინგი, დევიდ რობინსონი, რიკ სმიტსი, ალონზო მოურნინგი და ვლადე დივაცი. ახლა თავად არის მოწმე როგორ იკავებენ მის ადგილს ლიგის ახალგაზრდა ცენტრები.
"დიდი ოპტიმისტი" კვლავაც ახალი კონტრაქტის იმედადაა, მაგრამ, როგორც ჩანს, შორს არ არის "დიდ კაქტუსთან" გამოთხოვების ჟამი.

სპორტული გაზეთი ლელო

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული