ფავორიტები აგებენ და...

AutoSharing Option
წლევანდელ პლეი ოფში უცნაურობები გრძელდება. თუ პირველ დღეს აღმოსავლეთის ფავორიტები - "მაიამი" და "ჩიკაგო" დიდი გაჭირვებით გადაურჩნენ წაგებას, დასავლეთის პირველმა ორმა გუნდმა გუშინ თავი შეირცხვინა: "სან ანტონიომ" და "ლეიკერსმა" პირველვე მატჩში დაკარგეს საკუთარი მოედნის უპირატესობა.


დასავლეთი
სან ანტონიო-მემფისი 98:101
22:27, 21:18, 31:25, 24:31
ს-ა: პარკერი (20+5 პასი+3 ჩაჭრა), დანკანი (16+13 მოხსნა), ჰილი (15+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჯეფერსონი (13+6 მოხსნა), ბონერი (12), ნილი (10+5 პასი), ბლეირი (9+6 მოხსნა), მაკდაესი (3), გრინი.
მ: რენდოლფი (25+14 მოხსნა), მ. გასოლი (24+9 მოხსნა), კონლი (15+10 პასი), მაიო
(13), ბატიე (10), ალენი (7), არტური (5), იანგი (2), სმიტი, ჰადადი.
სერია: 0-1

"მემფისი" არ შეუშინდა დასავლეთის ჩემპიონს და თავიდანვე მოახვია საკუთარი თამაში მეტოქეს. შეიძლება ეს ბევრმა "თავხედობად" მიიჩნია, მაგრამ ერთადერთი გზა იყო წარმატებისკენ.

ამ მატჩში გადამწყვეტი როლი ითამაშა "მემფისის" "მაღლების" კარგმა თამაშმა და თამაშიდან ტყორცნების გამოყენების მაღალმა პროცენტმა. პირველ ტაიმში სტუმრებმა წააგეს ფარქვეშ ბრძოლა (16:22), სამაგიეროდ მეორე ტაიმში მოხსნებში შეფარდება 24:10 იყო მათ სასარგებლოდ. იმავე მეორე ნახევარში "მემფისმა" ტყორცნების 62 პროცენტი გამოიყენა და პრაქტიკულად ყველა სამქულიანი ჩააგდო.

"გრიზლისს" ფსიქოლოგიური მომზადების მხრივაც არ ჰქონია პრობლემა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთითა და 50 წამით ადრე გარი ნილის სამქულიანით "სან ანტონიო" 10 ქულით გავიდა წინ, მაგრამ სტუმრების რიგებში პანიკა არ დაწყებულა. "გრიზლისმა" ფართან მისასვლელი გზები გადაკეტა და თავისუფლად ასროლინა მეტოქეს საშუალო და შორი მანძილებიდან. ამ მხრივ კი იმ დღეს "სპურსის" სნაიპერები მოიკოჭლებდნენ, ასე რომ, ტაქტიკამ სრულად გაამართლა. საბოლოოდ, უკვე მეოთხე მეოთხედის მეოთხე წუთისთვის სტუმრებმა ანგარიში წაიყვანეს.

საფინალო სირენამდე ოთხი წუთით ადრე "სპურსი" კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა - მანამდე ჩრდილში მყოფმა მაიკ კონლიმ ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდი შვიდი ქულით დააწინაურა. გრეგ პოპოვიჩმა ტაიმ-აუტი აიღო და თავისი შეგირდები აგრესიული ტონით დაარიგა. ამას მოჰყვა "სპურსის" 13:2 გაქცევა, რომელშიც ზედიზედ ორი სამქულიანით თავი გამოიჩინა მეტ ბონერმა.

ბოლო წუთი "სან ანტონიოს" ოთხქულიანი უპირატესობით დაიწყო და თითქოს "მემფისს" გადარჩენის შანსი არ ჰქონდა, მაგრამ მარკ გასოლმა ტონი ალენის პასის შემდეგ ფარქვეშიდან ჩააგდო, შეინ ბატიემ კი ტონი პარკერის უშედეგო შეტევის შემდეგ სამქულიანი მოათავსა კალათში და წინ გაიყვანა თავისი გუნდი.

"სპურსს" თამაშის გადარჩენის ორი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერც ჰილმა და ვერც ჯეფერსონმა სამქულიანები ვერ ჩააგდეს, ბოლოს კი ალენმა საჯარიმოები გამოიყენა და ტენესურმა კლუბმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო პლეი ოფის მატჩი. მანამდე მას 12-დან 12 წაგება ჰქონდა.

"სან ანტონიოს" სასწრაფოდ სჭირდება მანუ ჯინობილი, რომელიც ტრავმის გამო ტოვებდა მატჩს. წინააღმდეგ შემთხვევაში, "მემფისი" მხოლოდ ამ ერთი გამარჯვებით არ დაკმაყოფილდება.


ლეიკერსი-ნიუ ორლეანი 100:109
24:26, 23:29, 25:18, 28:36
ლ: ბრაიანტი (34+5 პასი), არტესტი (16+11 მოხსნა), ბინუმი (13+9 მოხსნა), ოდომი (10), პ. გასოლი (8+6 მოხსნა+6 პასი), ფიშერი (8+5 მოხსნა), ბრაუნი (8), ჯონსონი (3), რეტლიფი, სმიტი, ბარნსი.
ნ-ო: პოლი (33+7 მოხსნა+14 პასი+4 ჩაჭრა), ლენდრი (17+5 მოხსნა), ჯეკი (15+5 პასი), გრეი (12), ბელინელი (10), გრინი (8), არიზა (6+7 მოხსნა), ოკაფორი (4), მბენგა (2), სმიტი (2).
სერია: 0-1

თუ "სან ანტონიოს" ასე თუ ისე ჰქონდა მატჩის გადარჩენის შანსი, მოქმედმა ჩემპიონმა ასეთი შესაძლებლობაც არ დაიტოვა. არადა, მეოთხე მეოთხედის შუაში კობი ბრაიანტმა 34 წამის ინტერვალით შვიდი ქულა აიღო და ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა - 95:97. ისე ჩანდა, რომ ცოტაც და "ლეიკერსი" საბოლოოდ გატეხდა "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგობას. მაგრამ პირიქით მოხდა - გააქტიურების ნაცვლად კალიფორნიელებს ჩაეძინათ...

საფინალო სირენამდე დარჩენილ დროში მასპინძლების დაცვა მასხრად აიგდო კრის პოლმა. საშუალო და შორი მანძილიდან უშეცდომო სროლით მან 396 წამში 17 ქულა დააგროვა - ზუსტად იმდენი, რამდენიც პირველ სამ მეოთხედში. ამას დაუმატეთ 14 შედეგიანი პასი, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა! პოლის შემოტევას ფილ ჯექსონის შეგირდებმა ვერაფერი დაუპირსპირეს.

"ლეიკერსი" არ იმსახურებდა გამარჯვებას. მისი თამაში მთლიანად კობი ბრაიანტზე იყო დამოკიდებული, დანარჩენები კი სტატისტების როლში მოგვევლინენ. მასპინძლებს მეტოქეზე ათით მეტი შეცდომა და 18-ით ნაკლები მოხსნა დაუგროვდათ. და ეს იმ დროს, როცა "ლეიკერსის" "მაღლებმა" - ბინუმმა, ოდომმა და გასოლმა ჯამში მოედანზე 95 წუთი გაატარეს.

"ნიუ ორლეანმა" 109 ქულიდან 63 პოლის მონაწილეობით მოიპოვა. თუ კრისმა ასე გააგრძელა, ჩემპიონებს ძალიან გაუჭირდებათ შემდეგ წრეში გასვლა. პოლის თამაში მატჩის შემდეგ "ლეიკერსის" დამრიგებელმა ფილ ჯექსონმაც აღნიშნა: "ქუდს ვიხდი "ჰორნეტსისა" და პოლის წინაშე. მათ დაიმსახურეს ეს გამარჯვება".
რაც შეეხება ბრაიანტს, მან პლეი ოფის მატჩებში 79-ედ დააგროვა 30-ე მეტი ქულა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მაიკლ ჯორდანს ჩამორჩება. გარდა ამისა, კობი პლეი ოფის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე მყოფ შაკილ ო'ნილს (5248) მიუახლოვდა. ახლა მათ შორის სხვაობა 196 ქულაა. შორს არც პირველ და მეორე ადგილზე მყოფი ჯორდანი (5987) და ქარიმ აბდულ-ჯაბარი (5762) არიან.

მაგრამ თუ "ლეიკერსმა" ასეთი უშინაარსო თამაში გააგრძელა, მის გულშემატკივარს მხოლოდ კობის რეკორდები არ დააკმაყოფილებს.







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული