ფავორიტთა რეაბილიტაცია

AutoSharing Option
გუშინდელი დღის სამივე შეხვედრა დასავლეთში გაიმართა. თავიანთ სერიებში თანაფარდობა აღადგინეს "სან ანტონიო სპურსმა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა", "ოკლაჰომა სიტიმ" კი მეორე საშინაო შეხვედრაც მოიგო და კარგი განწყობით გაემგზავრა დენვერში.

დასავლეთი
სან ანტონიო-მემფისი 93:87
17:17, 24:27, 25:21, 27:22
ს-ა: ჯინობილი (17+7 მოხსნა+4 პასი), დანკანი (16+10 მოხსნა+3 დაფარება), ჯეფერსონი (16), ჰილი (16+5 მოხსნა+4 პასი), პარკერი (12+7 პასი), ნილი (6), მაკდაესი (5+5 მოხსნა+3 დაფარება), ბონერი (3), ბლეირი (2+5 მოხსნა), გრინი.
მ: იანგი (17), ალენი (15), კონლი (13+7 მოხსნა+4 პასი), მ. გასოლი (12+17 მოხსნა), რენდოლფი
(11+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), არტური (8+3 დაფარება), მაიო (5+4 პასი), ბატიე (3+6 მოხსნა), ვასკესი (3), პოუ.
სერია: 1-1

როგორც ჩანს, სერიის პირველ შეხვედრაში "სან ანტონიოს" ყველაზე მეტად მანუ ჯინობილი აკლდა - არგენტინელმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა და ტექსასელებმა საკუთარ მოედანზე წააგეს. გუშინ მანუ დაბრუნდა და მაშინვე თავისი გუნდის წარმატების მთავარი ფიგურა გახდა - მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ მოურჩენია იდაყვის ტრავმა, მან თავის გუნდში ყველაზე მეტი ქულა მიითვალა.

თუმცა "მემფისი" უშანსოდ არ ყოფილა. მეორე შეხვედრაც თანაბარი გამოვიდა და თითქმის მთელი 48 წუთი ქულა ქულა თამაში მიდიოდა. მეორე მეოთხედის ბოლოს სტუმრები 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ წინ და ეს სოლიდურ სხვაობად მოჩანდა ასეთი ხასიათის თამაშში.

მესამე მეოთხედის დასაწყისში გაქცევა სცადეს მასპინძლებმა. 11:0 სპურტმა "სან ანტონიოს" ბოლო მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 12-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. მაგრამ ეს არ ყოფილა საბოლოო სიტყვა, რადგან "გრიზლისმა" 7:0 გაქცევით უპასუხა. ყველაფერი ბოლო მეოთხედში უნდა გარკვეულიყო.

ძირითადი დროის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე "სპურსმა" თითქოს საბოლოოდ გადაწყვიტა მატჩის ბედი: ჯინობილისა და ანტონიო მაკდაესის საჯარიმოების შემდეგ ანგარიში გახდა 89:81. მაგრამ "მემფისმა" მორიგი მინი-გაქცევით (6:0) ამჯერადაც დაუბრუნა შეხვედრას ინტრიგა. გრეგ პოპოვიჩის გუნდს მშველელად მცველი ჯორჯ ჰილი მოევლინა. ზედიზედ ოთხმა ზუსტმა საჯარიმომ (მაიკ კონლისა და ო ჯეი მაიოს აცილებული სამქულიანების შემდეგ) წერტილი დაუსვა შეხვედრას.


ოკლაჰომა-დენვერი 106:89
31:15, 28:29, 22:22, 25:23
ო: დურანტი (23+5 მოხსნა+5 პასი), უესტბრუკი (21+7 პასი), ჰარდენი (18+5 მოხსნა), იბაკა (12+12 მოხსნა), კოლისონი (10+8 მოხსნა), პერკინსი (7+11 მოხსნა), სეფოლოშა (6+3 მოხსნა), კუკი (6+5 მოხსნა), მეინორი (3+5 პასი), მოჰამედი.
დ: ლოუსონი (20), ფელტონი (16), ნენე (16+9 მოხსნა), ჰარინგტონი (15), მარტინი (7+6 მოხსნა), გალინარი (7), ჩენდლერი (4), სმიტი (2), კუფოსი (2), ანდერსენი, ფორბსი.
სერია: 2-0

"დენვერი" სერიის მეორე მატჩს ძალიან ცუდ ხასიათზე შეხვდა. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში მსაჯებმა აშკარა შეცდომა დაუშვეს, როცა "ოკლაჰომას" კენდრიკ პერკინსის წესების დაცვით ჩაგდებული ბურთი ჩაუთვალეს. ძირითადად, სწორედ ამ ორი ქულის წყალობით მოიგო მასპინძელმა. მოგვიანებით, ლიგამ ოფიციალურად აღიარა შეცდომა, მაგრამ ამით "დენვერის" გაჭირვებას არ ეშველებოდა.

სტუმრების მთავარი ამოცანა კევინ დურანტისა და რასელ უესტბრუკის შეჩერება იყო: ამ დუეტმა პირველ მატჩში 72 ქულა დააგროვა. თუ მეორე შეხვედრაში "ოკლაჰომას" ლიდერთა მონაგარს გადავხედავთ, "დენვერმა" თითქოს მოაგვარა ეს პრობლემა. დურანტმა "მხოლოდ" 23 ქულა დააგროვა, უესტბრუკმა - 21... მაგრამ მასპინძლებმა ისევ მოიგეს, რითაც დაამტკიცეს, რომ "ოკლაჰომა" ორი კაცის გუნდი არ არის და იქ სხვა ოსტატებიც არიან - ჯეიმს ჰარდენი, სერჟ იბაკა, კენდრიკ პერკინსი, ნიკ კოლისონი, დეშუან კუკი. ამ ჯგუფმა ღირსეული დახმარება გაუწია დურანტსა და უესტბრუკს. სტუმრების რიგებში კი მხოლოდ ტაი ლოუსონსა და ნენე ილარიოს თუ გამოვყოფთ, დანარჩენებმა კი თამაში მთლიანად ჩააგდეს.


ლეიკერსი-ნიუ ორლეანი 87:78
23:23, 24:18, 16:15, 24:22
ლ: ბინუმი (17+11 მოხსნა), ოდომი (16+7 მოხსნა), არტესტი (15+6 მოხსნა), ბრაიანტი (11), ფიშერი (9+4 პასი), პ. გასოლი (8+5 მოხსნა+3 დაფარება), ბარნსი (8), ბრაუნი (3), ბლეიკი (0 + 5 პასი).
ნ-ო: არიზა (22 + 7 მოხსნა), პოლი (20+9 პასი), ლენდრი (12+7 მოხსნა), ოკაფორი (7+5 მოხსნა), ჯეკი (6), გრინი (5), ბელინელი (4), ჯეკი (2+8 მოხსნა), მბენგა, სმიტი.
სერია: 1-1

პირველ მატჩში მომხდარი გაუგებრობის შემდეგ "ლეიკერსს" უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. პირველ რიგში ჩემპიონს მეტოქის ლიდერის კრის პოლის ნეიტრალიზაციის საშუალება უნდა მოენახა. სხვათა შორის, კალიფორნიელებს ყოველთვის ექმნებათ სწრაფი და შემტევი პლეიმეიკერის შეჩერების პრობლემა, რადგან მათ ვერ ეწევიან ასაკოვანი დერეკ ფიშერი და სტივ ბლეიკი.

პოლის მეურვეობა არამარტო მისმა ნომინალურმა თანაამპლუელებმა, არამედ კობი ბრაიანტმა და შენონ ბრაუნმაც იტვირთეს. კობი ყველანაირი ხერხით ცდილობდა კრისის წყობიდან გამოყვანას - მსაჯისთვის შეუმჩნეველ აკრძალულ ილეთებს მიმართავდა. საბოლოოდ, "ჰორნეტსის" ლიდერმა მაინც კარგად ითამაშა, თუმცა სასარგებლო მოქმედება უფრო ნაკლები ჰქონდა - 43 წუთში თამაშიდან მხოლოდ 11-ჯერ ისროლა.

საოცარია, მაგრამ ზედიზედ მეორედ ძალიან უფერული თამაში აჩვენა პაუ გასოლმა (36 წუთში მხოლოდ ორი ზუსტი ტყორცნა თამაშიდან და ხუთი მოხსნა). მის ნაცვლად ფარქვეშ საქმე ენდრიუ ბინუმმა, რონ არტესტმა და ლამარ ოდომმა გააკეთეს.

სხვათა შორის, ბრაიანტმაც სუსტი თამაში აჩვენა შეტევაში - 10 ცდიდან მხოლოდ სამჯერ ჩააგდო. სამაგიეროდ, დაცვაში მოქმედების გამო დაიმსახურა საფინალო სირენის შემდეგ ოვაციები.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული