კლასი თავისას შვრება

AutoSharing Option
გუშინ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფში სამი მატჩი გაიმართა და აღმოსავლეთის ფავორიტებმა - "მაიამიმ" და "ჩიკაგომ" მორიგი ნაბიჯები გადადგეს მეოთხედფინალისკენ. მათ მესამე მატჩებში მიაღწიეს გამარჯვებას.

იგივეს გაკეთება ვერ შეძლო დასავლეთის მესამე გუნდმა - "დალასმა", რომელიც სტუმრად პორტლენდში დამარცხდა.


აღმოსავლეთი
ფილადელფია-მაიამი 94:100
29:21, 23:29, 23:23, 19:27
ფ: ბრენდი (21+11 მოხსნა), ჰოლიდეი (20+8 პასი), ლ. უილიამსი (15), ჰოეისი (12+6 მოხსნა), იგუოდალა (10+10 პასი+5 მოხსნა), მიქსი (6), ტ. იანგი (4), ბეტი (4), ტერნერი (2).
მ: უეიდი (32+10 მოხსნა+8 პასი), ჯეიმსი (24+15 მოხსნა+6 პასი), ბოში
(19+6 მოხსნა), ილგაუსკასი (10+8 მოხსნა), ჯ. ჯონსი (8+5 მოხსნა), ჯ. ენტონი (4), ბიბი (3), მ. ჩელმერსი.
სერია: 0-3

"ფილადელფიას" დიდი მონდომებისა და ღირსეული თამაშის მიუხედავად, "მაიამის" ლოგიკურ შედეგამდე მიჰყავს ეს სერია. დუეინ უეიდსაც აღარ აწუხებს თავის ტკივილი, ასე რომ, ფლორიდელები მალე იზეიმებენ შემდეგ წრეში გასვლას.

გუშინ მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა. "ფილადელფია" სტარტიდანვე გაიქცა (9:0) და უკვე მესამე წუთზე "ჰიტის" მთავარ მწვრთნელს ერიკ სპოელსტრას ტაიმ-აუტის აღება მოუწია. სტუმრებმა სხვაობა მეორე მეოთხედში შეამცირეს, მაგრამ ბოლო 12-წუთეულის დაწყებამდე მუდმივად წინ მაინც "ფილადელფია" იყო.

ბოლო მეოთხედში მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ და დაცვაში ვეღარ უმკლავდებოდნენ მეტოქის სწრაფ შეტევებს, ასევე მოიკოჭლებდა ფარქვეშ თამაში. "მაიამი" თუ აცილებდა ბურთს, შეტევაში მოხსნა პრობლემას არ წარმოადგენდა. "სიქსერზს" ტაიმ-აუტებმაც არ უშველა. იმ მომენტისთვის "დიდ ტრიოს" ისეთი ტემპი ჰქონდა აღებული, მისი შეჩერება შეუძლებელი ჩანდა. 75 ქულა, 31 მოხსნა, 15 შედეგიანი პასი და 5 დაფარება - ასეთი იყო უეიდის, ჯეიმსისა და ბოშის მონაგარი.


ინდიანა-ჩიკაგო 84:88
17:21, 25:21, 22:23, 20:23
ი: გრეინჯერი (21), დან. ჯონსი (11), ჰენსბრო (10+5 მოხსნა), დ. კოლისონი (9), მაკრობერტსი (9), პ. ჯორჯი (6+12 მოხსნა), ჰიბერტი (6+7 მოხსნა), დანლივი (6), ეი ჯეი პრაისი (4), ფოსტერი (2+7 მოხსნა), ბ. რაში.
ჩ: როუზი (23), დენგი (21+6 მოხსნა+6 პასი), კორვერი (12), ნოა (11+10 მოხსნა+4 დაფარება), ბოგანსი (9), ტ. გიბსონი (6+5 მოხსნა), ბუზერი (4+1 მოხსნა), რ. ბრიუერი (2), უოტსონი, კ. ტომასი, აშიქი.
სერია: 0-3

ასეც ხდება: გუნდი ზედიზედ სამ კარგ მატჩს ატარებს და სამივეჯერ დამარცხებული ტოვებს მოედანს. "ინდიანა" განვლილი სამი შეხვედრიდან ერთ მოგებას ნამდვილად იმსახურებდა, თუნდაც იმ მონდომების გამო, რომლითაც მოედანზე გადიოდა. სხვა თუ არაფერი, მესამე თამაშში "პეისერსმა" თითქმის მოახერხა დერიკ როუზის შეჩერება. პირველ მეოთხედში "ბულზის" ლიდერმა თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო, მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში კი ორი ტყორცნა მოათავსა კალათში (სულ 18-დან 4 ჩაგდება და 15-დან 13 გამოყენებული საჯარიმო). უფრო მეტიც, როუზმა 42 წუთის განმავლობაში მხოლოდ 2 (!) შედეგიანი პასი მიითვალა, რაც ასეთი დონის პლეიმეიკერისთვის მიუღებელი შედეგია. ამას დაემატა კარლოს ბუზერის 10-დან რვა აცილებული ბურთი და ერთადერთი მოხსნა. თავისი ლიდერების სუსტი თამაშის მიუხედავად, "ჩიკაგომ" მოიგო, ყველაზე უიღბლო როუზი კი საღამოს გმირი გახდა.

მეოთხე მეოთხედში მასპინძლებმა გადაიტანეს ჩიკაგოელთა 10:0 გაქცევა და ბოლო წუთისთვის ანგარიში გაათანაბრეს - 84:84. საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე დარენ კოლისონმა საშუალო მანძილიდან ააცილა და თავის გუნდის წინ გასვლის საშუალება მოუსპო. სამაგიეროდ, როუზმა საპასუხო შეტევაში საფირმო გარღვევის შემდეგი ორი ქულა მიითვალა - "ბულზი" 17 წამით ადრე ორი ქულით გავიდა წინ. "ინდიანას" საკმარისი დრო ჰქონდა კარგი შეტევის ორგანიზებისთვის, სანაცვლოდ კი იგუოდალამ რთული სამქულიანი ისროლა და ააცილა. რონი ბრიუერის საჯარიმოები უკვე აღარაფერს წყვეტდა - ტაბლოზე 1.1 წამი რჩებოდა.


დასავლეთი
პორტლენდი-დალასი 97:92
28:23, 26:29, 21:20, 22:20
პ: მეტიუზი (25), ოლდრიჯი (20), ა. მილერი (16+7 პასი), როი (16), ჯ. უილასი (7+11 მოხსნა), ბატუმი (7), კემბი (6+10 მოხსნა), ფერნანდესი, კ. ჯონსონი.
დ: ტერი (29+7 პასი), ნოვიცკი (25+9 პასი), კიდი (8+6 მოხსნა), მერიონი (9+8 მოხსნა), სტოიაკოვიჩი (7), ჰეივუდი (6+6 მოხსნა), ბარეა (6), სტივენსონი.
სერია: 1-2

"პორტლენდმა" არ მიბაძა "ფილადელფიასა" და "ინდიანას": მათგან განსხვავებით მოიგო საკუთარ მოედანზე და შეამცირა სერიაში სხვაობა. თანაც ეს საკმაოდ დამაჯერებლად გააკეთა, რაც "დალასთან" დაპირისპირებას მეტად საინტერესოს ხდის.

"ბლეიზერსი" საერთოდ სახლის გუნდია, "დალასთან" კი შინ ძალიან იშვიათად მარცხდება: ამ მატჩამდე 11 შეხვედრაში 10 მოგება ჰქონდა. ამ სტატისტიკით გამხნევებული "პორტლენდი" სასტარტო ხუთ წუთში 16:7 დაწინაურდა. "მავერიქსის" დამრიგებელმა რიკ კარლაილმა ბრძოლაში ჩართო თავისი კოზირი - სათადარიგო ჯეისონ ტერი. მან პირველ ტაიმში 17 ქულა დააგროვა და ნოვიცკისთან ერთად თავის გუნდს კატასტროფა ააციდა თავიდან. გაჩაღდა ბრძოლა.

"დალასის" სათადარიგოთა სკამმა საერთო ჯამში კარგად ითამაშა - 48 ქულა "პორტლენდის" რეზერვისტთა 23 ქულის წინააღმდეგ. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ბრენდონ როი სათადარიგოთა სკამიდან შევიდა თამაშში და ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი, ლამარკუს ოლდრიჯმა დროული ბურთები ჩააგდო და "ბლეიზერსმა" საფინალო სირენამდე ორწუთნახევრით ადრე თითქოს გაინაღდა გამარჯვება - 95:87. მაგრამ "კოვბოებმა" ნაადრევად დანებება არ მოისურვეს: ნოვიცკიმ საშუალოდან ჩააგდო, კიდმა შორიდან და სხვაობა 13 წამით ადრე ორ ქულამდე შემცირდა. სწრაფი პერსონალურისა და ანდრე მილერის ზუსტი ჯარიმების შემდეგ კიდმა ისევ ესროლა სამქულიანი, მაგრამ ამჯერად ფარს ვერ გაარტყა ბურთი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული