"ბოსტონი" პირველი გავიდა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე "ბოსტონ სელტიქსი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მეოთხედფინალში თამაშის უფლება სხვებზე ადრე მოიპოვა. იგივეს გაკეთება შეეძლოთ "ჩიკაგოსა" და "მაიამის", მაგრამ მათ ერთი მატჩით გაახანგრძლივეს თავიანთი სერიები.

აღმოსავლეთი
ნიუ იორკი-ბოსტონი 96:113
20:27, 24:25, 19:34, 33:27
ნ-ი: უილიამსი (17), ენტონი (15+11 მოხსნა+6 პასი), დუგლასი (15), ჯეფრიზი (12), მეისონი (10), უოკერი (9), სტაუდმაიერი (7), ტურიაფი (5), კარტერი (4), ფილდსი (2).
ბ: პირსი (38), ადენი (32), რონდო (15+ 20 პასი+11 მოხსნა), გარნეტი (9+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), გრინი (9), ჯ. ო’ნილი (6), დევისი (4).

ნიუ იორკი-ბოსტონი 89:101
23:29, 15:26, 34:27, 17:19
ნ-ი: ენტონი (32+9 მოხსნა), სტაუდმაიერი (19+12 მოხსნა), კარტერი (11), დუგლასი (6), მეისონი (6), უილიამსი (6), უოკერი (5), ტურიაფი (3), ფილდსი (1).
ბ: გარნეტი (26+10 მოხსნა), რონდო (21+12 პასი+5 მოხსნა), ალენი (14+5 პასი), დევისი (14+5 მოხსნა), პირსი (13+3 ჩაჭრა), გრინი (5+7 მოხსნა), კრსტიჩი (4), ჯ. ო’ნილი (2+6 მოხსნა), უესტი (2).
სერია: 0-4

როგორც გახსოვთ, პირველი ორი საშინაო შეხვედრის მოგება "ბოსტონს" ძალიან გაუჭირდა - ორივეჯერ ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა, როცა ერთადერთი ზუსტი ტყორცნით ნებისმიერ გუნდს შეეძლო გამარჯვების მოპოვება. შესაბამისად, "მედისონ სკვერ გარდენში" დაძაბული ბრძოლის გაგრძელებას ელოდნენ, მაგრამ ნიუიორკულ პუბლიკას იმედგაცრუება ელოდა.

მესამე შეხვედრაში "ბოსტონმა" თავიდანვე მიხედა საქმეს. 9:0, 18:5 - ასეთი იყო სტუმრების საწყისი გაქცევა, რასაც მეორე მეოთხედში "ნიქსის" დროებითი გამოცოცხლება მოჰყვა, მაგრამ მესამე მეოთხედის ბოლოსთვის მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო - "სელტიქსის" უპირატესობა 23 ქულას შეადგენდა.

"ნიუ იორკი" ორ საშინაო შეხვედრას დიდი პრობლემებით შეხვდა: ბილაპსმა ორივე მატჩი გამოტოვა, სტაუდმაიერს ზურგის არეში ტკივილები აწუხებდა, ამას კი ისიც დაემატა, რომ მესამე მატჩში კარმელო ენტონი ვერ აგდებდა (16-დან მხოლოდ ოთხი ზუსტი ტყორცნა). "ბოსტონის" ბრწყინვალე ოთხეულმა კი ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა: რონდომ 20 (!) პასით (ორით მეტი გადაცემა, ვიდრე მეტოქის ყველა კალათბურთელმა) სამმაგი დუბლი შეასრულა, რეი ალენმა დაამტკიცა, რომ ისტორიაში ყველაზე კარგად ისვრის სამქულიანებს - 11-დან 8 ზუსტი შორეული ტყორცნა, პირსმა კი თამაშიდან 19-ჯერ ისროლა და 14 ზუსტად. გარნეტიც შესანიშნავად გამოიყურებოდა. ამ კვარტეტმა ერთად 94 ქულა დააგროვა - "ნიუ იორკზე" ორით ნაკლები.

მეოთხე მატჩში "ბოსტონმა" კიდევ უფრო ადრე მოიპოვა კომფორტული უპირატესობა - დიდ შესვენებამდე 2 წუთითა და 15 წამით ადრე რონდოს საჯარიმოების შემდეგ სხვაობა 18 ქულას შეადგენდა. "ნიუ იორკმა" მესამე მეოთხედში გაიბრძოლა, როცა "ბოსტონმა" 438 წამის განმავლობაში თამაშიდან ბურთი ვერ ჩააგდო, რითაც მეტოქე ძალიან ახლოს მიუშვა, მაგრამ იქვე რონდომ, ალენმა და პირსმა ზედიზედ ცხრა ქულა ჩააგდეს, რითაც გამარჯვებულის საკითხი მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან.

"ბოსტონმა" ბოლო 30 წლის განმავლობაში მხოლოდ მესამედ მოიგო სერია "მშრალი" ანგარიშით. საინტერესო ისაა, რომ წინა ორ შემთხვევაში (1980-81, 1985-86) "სელტიქსი" ტიტულს ეუფლებოდა. რაც შეეხება "ნიუ იორკს", ამ გუნდს პლეი ოფში 10 წელია არ მოუგია და ვერც ამჯერად შეწყვიტა ეს უსიამოვნო სერია.


ინდიანა-ჩიკაგო 89:84
ი: გრეინჯერი (24+10 მოხსნა), ჰიბერტი (16+10 მოხსნა), პრაისი (10), ჯორჯი (9+5 მოხსნა), დანლივი (7), კოლისონი (6), მაკრობერტსი (6), ჯონსი (5), ჰენსბრო (4), ფოსტერი (2).
ჩ: ნოა (21+14 მოხსნა), დენგი (16), ბუზერი (15+13 მოხსნა), როუზი (15+10 პასი), კორვერი (9), ტომასი (4), ბრიუერი (2), უოტსონი (2).
სერია: 1-3

ხანდახან თვით დერიკ როუზსაც არ გამოსდის თამაში. შეიძლება ვინმეს ეს უაზრო შეფასებად მოეჩვენოს, რადგან ამ მატჩში "ჩიკაგოს" ლიდერმა 15 ქულითა და 10 შედეგიანი პასით ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ როუზმა თამაშიდან 22-ჯერ ესროლა და მხოლოდ 27-პროცენტიანი რეალიზაცია ჰქონდა. ამ წაგებით "ჩიკაგოს" ბევრი არაფერი დააკლდება - 1:3-დან "ინდიანა" ვერ შეძლებს სერიის გადარჩენას.

როუზის პრობლემები პირველივე მეოთხედში დაიწყო, როცა უწყინარ სიტუაციაში მარცხენა ფეხი გადაუბრუნდა და ექიმებისკენ გაემართა. როცა გამთამაშებელი მოედანზე დაბრუნდა, "ინდიანას" უკვე მოწყობილი ჰქონდა 15:1 გაქცევა, ყველაზე დიდი სხვაობა კი 18 ქულას შეადგენდა (ყველაზე დიდი ორივე გუნდისთვის მთლიანად სერიაში).

ასეთი ჩამორჩენის მიუხედავად, "ჩიკაგომ" კინაღამ მოიგო ეს მატჩი, უბრალოდ იღბალი არ ეყო სერიის "მშრალი" ანგარიშით დასასრულებლად. საფინალო სირენამდე 38.9 წამით ადრე როუზმა ბურთი ჩაჭრა და თავად გაიქცა სწრაფ შეტევაში - 81:84. ამის შემდეგ გუნდებმა სამ-სამი ქულა გაცვალეს და ბოლო შეტევის უფლება სტუმრებს ჰქონდათ, რომლებსაც თამაშის ოვერტაიმში გადასაყვანად სამქულიანი სჭირდებოდათ. მაგრამ "ჩიკაგომ" სასროლად დენგის, კორვერის ან როუზის გაყვანა ვერ მოახერხა. სროლა ბუზერს მოუწია. რა გასაკვირია, რომ მძიმე ფორვარდმა ვერ ჩააგდო - ეს მისი პირველი ცდა იყო 2007 (!) წლის შემდეგ.


ფილადელფია-მაიამი 86:82
28:16, 18:31, 18:19, 22:16
ფ: ტერნერი (17+6 მოხსნა), უილიამსი (17), იგუოდალა (16), ბრენდი (15+11 მოხსნა), ჰოლიდეი (10+5 პასი), მიქსი (5), ჰოიესი (4+8 მოხსნა), იანგი (2).
მ: ჯეიმსი (31+7 მოხსნა+6 პასი), უეიდი (22+8 მოხსნა+5 დაფარება+4 პასი+3 ჩაჭრა), ბოში (12), ჩელმერსი (9+4 ჩაჭრა), ჯონსი (5+6 მოხსნა), ენტონი (2+7 მოხსნა), ილგაუსკასი (1).
სერია: 1-3

"ჩიკაგოს" მსგავსად ვერც "მაიამიმ" მიბაძა "ბოსტონს" და ვერ მოიგო თავისი სერია "მშრალი" ანგარიშით. "ფილადელფიამ" კარი გაჯახუნება გადაწყვიტა და ეს გამოუვიდა კიდეც. მასპინძელთა სერიოზული განწყობა დებიუტშივე გამოჩნდა, როცა მეტოქის შვიდი შეცდომის ხარჯზე და ჰოლიდეის, ბრენდისა და იგუოდალას მონდომებით 20:6 გაიქცნენ.

ასეთი სხვაობა ძალაში იყო მეორე მეოთხედის შუა ნაწილამდე, რის შემდეგაც უეიდმა და ჯეიმსმა ზუსტად ხუთ წუთში 16-ქულიანი კატასტროფული ჩამორჩენა 4-ქულიან უპირატესობად აქციეს. ცხადი იყო, რომ "მაიამი" მხოლოდ საკუთარი შეცდომებით თუ წააგებდა ამ შეხვედრას.

მეორე ტაიმში ფლორიდელები დიდად არ იტვირთავდნენ თავს და მორიგ შტურმს მატჩის ბოლოსთვის ინახავდნენ. ასეთი სპურტი მართლაც შედგა და საფინალო სირენამდე წუთითა და 35 წამით ადრე "ჰიტი" 6 ქულით დაწინაურდა. თითქოს "ფილადელფიასთვის" სეზონი ამ მატჩის შემდეგ უნდა დასრულებულიყო.

მაგრამ "სიქსერზმა" არ მოისურვა ნაადრევად შვებულებაში გასვლა. ტერნერმა და ჰოლიდეიმ ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდეს, უეიდმა ააცილა და უილიამსის შორეული ტყორცნის შემდეგ რვა წამით ადრე "ფილადელფია" წინ გავიდა. ოვერტაიმის მისაღწევად "მაიამის" ორქულიანი სჭირდებოდა, მაგრამ ლებრონის ნასროლს ბრენდმა თითი გაკრა და თავისიანებს პირველად მოაგებინა.


ატლანტა-ორლანდო 88:84
25:25, 26:17, 15:20, 22:22
ა: კროუფორდი (23), ჯონსონი (21+5 პასი), სმიტი (15+10 მოხსნა), ჰორფორდი (13+7 მოხსნა), ჰაინრიხი (8), ფაჩულია (4+5 მოხსნა), კოლინზი (2), უილიამსი (2).
ო: ჰოვარდი (21+15 მოხსნა), ჯ. რიჩარდსონი (14+9 მოხსნა), ნელსონი (13+10 პასი), ბასი (10); თურქოგლუ (9), კ. რიჩარდსონი (9), რედიკი (8).

ატლანტა-ორლანდო 88:85
25:17, 21:20, 20:24, 22:24
ა: კროუფორდი (25+6 პასი), ჯონსონი (20+9 მოხსნა), ჰორფორდი (14+12 მოხსნა), ჰაინრიხი (14), სმიტი (9+10 მოხსნა+5 პასი), კოლინზი (2), უილიამსი (2), პაუელი (2).
ო: ჰოვარდი (29+17 მოხსნა), არენასი (20), ბასი (11), კ. რიჩარდსონი (7), ნელსონი (6+6 პასი), თურქოგლუ (6+6 მოხსნა), ანდერსონი (4), რედიკი (2).
სერია: 3-1

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული