გენიალური პოლი, ფანტასტიკური როი

AutoSharing Option
დასავლეთში თითქმის ყველა სერიაში დიდი ბრძოლა მიდის, გამონაკლისი მხოლოდ "ოკლაჰომასა" და "დენვერის" წყვილია, სადაც "თანდერს" "მშრალი" ანგარიშით მოგების შანსი აქვს.

დასავლეთი
ნიუ ორლეანი-ლეიკერსი 86:100
23:30, 19:21, 26:24, 18:25
ნ-ო: ლენდრი (23), პოლი (22+8 პასი), ოკაფორი (15+8 მოხსნა), არიზა (12+12 მოხსნა+4 ჩაჭრა), სმიტი (6), ბელინელი (5), ჯეკი (2), მბენგა (1).
ლ: ბრაიანტი (30+6 მოხსნა), პ. გასოლი (17+10 მოხსნა), ბინუმი (14+11 მოხსნა), ოდომი (13+9 მოხსნა), ფიშერი (10+5 პასი), არტესტი (9), ბლეიკი (3), ბრაუნი (2), ბარნსი (2).

ნიუ ორლეანი-ლეიკერსი 93:88
22:25, 27:20, 20:22, 24:21
ნ-ო:
პოლი (27+15 პასი+13 მოხსნა), არიზა (19+6 მოხსნა), ლენდრი (16+7 მოხსნა), ბელინელი (7), გრეი (7), ოკაფორი (6+6 მოხსნა), ჯეკი (5), გრინი (4), მბენგა (2).
ლ: ბრაიანტი (17+8 პასი+6 მოხსნა), პ. გასოლი (16), არტესტი (16), ბინუმი (11+9 მოხსნა), ფიშერი (10), ოდომი (6), ბლეიკი (6), ბრაუნი (6).
სერია: 2-2

ამ გუნდებმა ნიუ ორლეანშიც გაცვალეს გამარჯვებები და ლოს ანჯელესში თანაბარი ანგარიშით ბრუნდებიან. მესამე შეხვედრაში ჩრდილიდან გამოვიდნენ ბრაიანტი და პაუ გასოლი. სწორედ მათ გადაწყვიტეს ამ მატჩის ბედი თავიანთი გუნდის სასარგებლოდ. ბოლო მეოთხედში მასპინძლებს ჰქონდათ გადარჩენის შანსი, როცა ხუთ ქულამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ გასოლის შვიდი ქულისა და ბლეიკის სამქულიანით ანგარიში 85:71 გახდა. ამით შეხვედრას საბოლოოდ დაეკარგა ინტრიგა.

საერთოდ, ამ სერიაში ასეთი ტენდენციაა: თუ "ლეიკერსი" ახერხებს "ჰორნეტსის" ლიდერის, კრის პოლის შეჩერებას, მაშინ იოლად იგებს შეხვედრას, სხვა შემთხვევაში განწირული ჩანს. ასე მოხდა მეოთხე შეხვედრაში. პოლმა გენიალური თამაში აჩვენა და პლეი ოფში მეორე სამმაგი დუბლი შესრულა.

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. საფინალო სირენამდე 9.3 წამით ადრე ჯარეტ ჯეკმა პოლის პასით გამოიჩინა თავი - 90:86. "ლეიკერსმა" საპასუხო შეტევისთვის წამზე ნაკლები დახარჯა - ფიშერის გრძელი პასის შემდეგ გასოლმა ჩატენა. შემდეგ "ლეიკერსი" ჯეკზე დაჯარიმდა და ამ უკანასკნელმა ორი თავისუფალი ჩააგდო, რითაც მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.


მემფისი-სან ანტონიო 91:88
29:20, 23:22, 19:24, 20:22
მ: რენდოლფი (25+5 მოხსნა), მ. გასოლი (17+9 მოხსნა), კონლი (14+8 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), მაიო (10), არტური (9+6 მოხსნა), ბატიე (9), იანგი (5), ალენი (2).
ს-ა: ჯინობილი (23+5 პასი), პარკერი (16+5 პასი), დანკანი (13+11 მოხსნა+6 პასი+5 დაფარება), ჰილი (11), მაკდაესი (8+10 მოხსნა), ბონერი (5), ჯეფერსონი (4), ნილი (4), ბლეირი (4).
სერია: 2-1

თუ გახსოვთ, რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს, "მემფისის" დამრიგებელმა ლაიონელ ჰოლინზმა ისე გათვალა ყველაფერი, რომ პლეი ოფის პირველ წრეში "სან ანტონიოს" შეხვედროდა. ამის გამო "დათვების" დამრიგებელმა ირონიული კრიტიკა დაიმსახურა. მაგრამ ახლა კრიტიკა აღფრთოვანებით შეიცვალა, რადგან "მემფისის" თამაშმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მასპინძლები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ, თუმცა მათი უპირატესობა ათ ქულას არ გაცდენია. სიტუაცია მეოთხე მეოთხედის სტარტზე გამწვავდა, როცა სტუმრებმა 10:0 გაქცევა მოაწყვეს და ანგარიში 75:75 გახდა. მასპინძლებს ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყოთ.

ქულა ქულაში მიმდინარე თამაშის ბედი ზაკ რენდოლფმა გადაწყვიტა. საფინალო სირენამდე 42 წამით ადრე ("მემფისი" ორი ქულით იყო წინ), მძიმე ფორვარდმა სამქულიანის ხაზთან მიიღო ბურთი - თავისუფალი პარტნიორი ვერ მონახა, შეტევისთვის კი მხოლოდ ოთხი წამი რჩებოდა - ზაკმა გარისკა და საერთოდ პლეი ოფში თავისი პირველი სამქულიანი ჩააგდო!

"სპურსმა" ასეთ სიტუაციაშიც მონახა გადარჩენის შანსი, მაგრამ ტაქტიკური შეცდომა დაუშვა - სტუმრებმა 7 წამით ადრე რენდოლფის აცილების შემდეგ (88:91-ზე) ფარქვეშ მოხსნეს ბურთი, მაგრამ იმის ნაცვლად რომ ტაიმ-აუტი მოათხოვათ, შეტევაში გაიქცნენ და ჯინობილიმ სროლაც კი ვერ მოასწრო.


დენვერი-ოკლაჰომა 94:97
31:26, 18:30, 24:15, 21:26
დ: სმიტი (15+6 მოხსნა), ნენე (15+10 მოხსნა), მარტინი (15+7 მოხსნა), აფლალო (13), ანდერსენი (13), ლოუსონი (8), გალინარი (6), ფელტონი (6), ჩენდლერი (4).
ო: დურანტი (26+6 პასი), უესტბრუკი (23+9 მოხსნა+8 პასი), იბაკა (22+16 მოხსნა+4 დაფარება), ჰარდენი (10), კოლისონი (5), სეფოლოშა (4), კუკი (3), მოჰამედი (2+5 მოხსნა), პერკინსი (2).
სერია: 0-3

ამ სერიაში ყველაზე დიდ ბრძოლას ელოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთიდან პირველი მეოთხედფინალისტი სწორედ ამ წყვილიდან გახდება ცნობილი.
რა თქმა უნდა, "დენვერი" ბოლომდე იბრძვის და ახლოსაც იყო მესამე მატჩში გამარჯვებასთან. ამ შეხვედრას ფანტასტიკური ფინალი გამოუვიდა. არადა, 49 წამით ადრე "ოკლაჰომა" 10 ქულით იყო წინ და თითქოს ინტრიგა აღარ არსებობდა. მაგრამ მასპინძლებმა 34 წამში 10 ქულა ჩააგდეს და მხოლოდ ერთი გაუშვეს - 94:95! მატჩის გმირი იბაკა გახდა, ვინც დურანტის პასის შემდეგ ჩატენა და სწორედ ეს აღმოჩნდა გამარჯვების მომტანი ორქულიანი. საპასუხო შეტევაში სმიტმა სამქულიანი ისროლა, მაგრამ ააცილა და "ოკლაჰომამ" მესამე შეხვედრაშიც გაიმარჯვა.


პორტლენდი-დალასი 84:82
11:16, 24:21, 14:30, 35:15
პ: როი (24+5 პასი), ოლდრიჯი (18+6 მოხსნა), მილერი (14), მეტიუზი (11), ულასი (10+11 მოხსნა), ბატუმი (5), ფერნანდესი (2).
დ: ნოვიცკი (20), ტერი (13), მერიონი (12+11 მოხსნა), კიდი (9+5 მოხსნა), სტივენსონი (8), სტოიაკოვიჩი (8), ჩენდლერი (6+7 მოხსნა), ბარეა (4), ჰეივუდი (2).
სერია: 2-2

მიმდინარე პლეი ოფში ბევრი საინტერესო მომენტი ვიხილეთ, მაგრამ ის, რაც პორტლენდელმა ბრენდონ როიმ სერიის მეოთხე მატჩში გააკეთა, სხვა ვარსკვლავების ნებისმიერ გმირობას ჩრდილავს. "პორტლენდმა" მოიგო შეხვედრა, რომელსაც ბოლო შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე 23 ქულით აგებდა.

როიმ ბოლო მეოთხედში 18 ქულა დააგროვა. ბოლო სამი წუთი პორტლენდელმა გულშემატკივრებმა ბრენდონის შოუს ფეხზე ამდგარი უყურეს. მისი ფანტასტიკური სამქულიანის შემდეგ საფინალო სირენამდე წუთითა და 6 წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა (მანამდე იყო გაქცევა, რომელშიც მთავარი როლი ასევე როიმ ითამაშა). შემდეგ შეტევაში ტერიმ ააცილა და როიმ კვლავ წინ გაიყვანა "პორტლენდი". საპასუხო შეტევაში კიდმა სამქულიანი ისროლა და ფარამდეც ვერ მიაღწია, მასპინძლებმა ბოლომდე გაითამაშეს ბურთი და როიმ შორიდან გაისროლა - ამჯერად არაზუსტად. სამი წამი დასჭირდა კიდს იმისთვის, რომ ტერიმდე მიეტანა ბურთი. ამ უკანასკნელის სამქულიანი შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო, რაც დიდი უსამართლობა იქნებოდა. დალასელმა ააცილა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა.

"ბლეიზერსი" მესამე გუნდი გახდა NBA-ის ისტორიაში, რომელმაც მოიგო პლეი ოფის მატჩი მაშინ, როცა მეოთხე მეოთხედის დასაწყისში 18 ქულით იყო ჩამორჩენილი. მომხდართან დაკავშირებით ყველაზე კარგი კომენტარი "პორტლენდის" ფორვარდ ჯერალდ უოლასს ჰქონდა: "როცა მკითხავენ, რას ვაკეთებდი ამ ისტორიული მატჩის მეოთხე მეოთხედში, ვუპასუხებ: "კუთხეში ვიდექი, პირი მქონდა ღია და "ბრენდონ როის შოუს" ვუცქერდი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული