კარგად იმუშავეს

AutoSharing Option

თუ დღემდე უმუშევარ შაკილ ო'ნილს არ ჩავთვლით, NBA-ში ყველა მნიშვნელოვანი ტრანსფერი უკვე განხორციელებულია. ამიტომაც შეიძლება შეფასება მივცეთ ამ ზაფხულს კლუბების მიერ გაწეულ სასელექციო სამუშაოს. ESPN-ის მიმომხილველი ჯონ ჰოლინჯერი ყველაზე წარმატებული კლუბებისა და მოთამაშეების შესახებ მსჯელობს.

მაიამი
ყველაზე მოკლე და უბრალო ისტორია. მხოლოდ იმის თქმა არ იქნება საკმარისი, რომ ფლორიდელებმა კარგი სასელექციო სამუშაო ჩაატარეს - აღმოსავლეთი კონფერენციის ოთხი საუკეთესო მოთამაშიდან სამი "მაიამის" ფორმით გავა მოედანზე. კომენტარი ზედმეტია.
ერთადერთი ხარვეზია ჯოელ ენტონის 18-მილიონიანი კონტრაქტი. გუნდი, რომელსაც სერიოზული ფინანსური სირთულეები აწუხებს, უფლება არ აქვს

ამდენი ფული დახარჯოს ასეთი ვიწრო პროფილის მქონე მოთამაშეზე. თუმცა პატ რაილის ეს ერთი ჩავარდნა ეპატიება, ამიტომაც მისი გუნდი 2010 წლის ბაზარზე, ნებისმიერ შემთხვევაში, პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ.

ჩიკაგო
ეს იყო "ხარებისთვის" ძალიან ძლიერი ზაფხული. მათ გასული სეზონიც კარგი და პერსპექტიული გუნდის სტატუსით დაასრულეს, ახლა კი საფუძვლიანად გაძლიერდნენ. მართალია, კლუბი დატოვეს ჯონ სალმონსმა და კირკ ჰაინრიხმა, მაგრამ მათი შემცვლელები უფრო სოლიდურად გამოიყურებიან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოზიციები შეავსეს კარლოს ბუზერმა და კაილ კორვერმა, დერიკ როუზს კი კარგი შემცვლელი ეყოლება სი ჯეი უოტსონი სახით. რონი ბრიუერი თამაშს აგრესიასა და სისწრაფეს დაუმატებს. ჟოაკიმ ნოას ახალგაზრდა და პერსპექტიული თურქის - ომერ აშიქის მხრიდან ექნება მხარდაჭერა. და თითქოს ტრეისი მაკგრეიდისთან კონტრაქტის გაფორმებაც არ არის შორს. თუ ტი-მაკი სამედიცინო ტესტებს გაივლის და თავის რეალურ დონეს მიუახლოვდება, "ჩიკაგო" თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ პირველობის ფავორიტთა რიცხვს.

მილუოკი
ეს გუნდი შეიძლება სერიოზული ძალა გახდეს მოახლოებულ სეზონში. კარგი შენაძენია აღიარებული სნაიპერი (რაც ასე აკლდა "ბაქსს" გასულ სეზონში) კორი მაგეტი, არაელიტური, მაგრამ საიმედო "მაღალი" დრიუ გუდენი, აგრეთვე უნივერსალი ფორვარდი ჯონ სალმონსი. წინა წელს "ირმების" დაბალანსებული და ორგანიზებული თამაში ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. არ დავივიწყოთ ისიც, რომ მნიშვნელოვან პირველ და მეხუთე პოზიციებზე "მილუოკის" ძლიერი შემსრულებლები ჰყავს - ბრენდონ ჯენინგსი და ენდრიუ ბოგუტი.

გოლდენ სტეიტი
ამ გუნდში უმნიშვნელოვანესი ცვლილები მოხდა - "მეომრებს" ახალი მეპატრონეები ჰყავთ - ბიზნესმენები ჯო ლეიკობი დ პიტერ გუბერი. მთავარი ის არის, რომ "გოლდენ სტეიტს" აღარ ფლობს კრის კოანი. მისი მმართველობის პერიოდი მართლაც უნიკალური გამოვიდა: 16 წლის განმავლობაში "უორიორზი" 15-ჯერ მონაწილეობდა დრაფტ-ლატარიაში! დაუჯერებელი მაჩვენებელია. შედეგი? ნული. "გოლდენ სტეიტმა" ვერც ერთი ვარსკვლავური ახალბედა ვერ აიყვანა და ერთხელაც ვერ ვიხილეთ კონკურენტუნარიანი გუნდის შექნის რეალური პროექტი. არადა, კლუბს უერთგულესი გულშემატკივარი ჰყავს - მოგებათა მწვავე დეფიციტის მიუხედავად, ისინი დარბაზს ავსებენ. წარმოიდგინეთ რა მოხდება მაშინ, როცა "გოლდენ სტეიტი" მოგებას დაიწყებს.
რა თქმა უნდა, ყოფილ ნიუიორკელ დევიდ ლისან კონტრაქტის გაფორმებას ძნელად თუ უწოდებ გენიალურ ნაბიჯს, თუმცა ეს მეტად ხარისხიანი შენაძენია. ლი და სტივენ კარი კარგად გაუგებენ ერთმანეთს და მათგან პროდუქტიული დუეტი შეიქმნება. ხოლო თუ "უორიორზი" ერთ-ორ ძლიერ დამცველს იპოვნის და თან მიხვდება, რომ მონტა ელისს შეუძლია ლიდერის ფუნქციები საკუთარ თავზეაღება, ოკლენდში შეიძლება მართლაც ძლიერი გუნდი მიიღონ.

სან ანტონიო
"სპურსმა" მოახერხა ამ ზაფხულში ერთდროულად ყველაზე კარგი (ტიაგო სპლიტერი) და ყველაზე ცუდი (რიჩარდ ჯეფერსონი) კონტრაქტის დადები. თუმცა ეს ერთი შეხედვით. სპლიტერის გაფორმებით ყველაფერი გასაგებია. იმის ფონზე, რომ ბრენდან ჰეივუდს "დალასთან" 55-მილიონიანი კონტრაქტი აქვს, სპლიტერი თავისი 10 მილიონით (3 წელიწადში) - უბრალოდ ფანტასტიკური შენაძენია. ჯეფერსონთან მიმართებაში ყველაფერი პირიქითაა - თითქმის 40 მილიონი ოთხ წელიწადში. ეს კალათბურთელი ორი წლის არ ღირდა ამხელა თანხა. სინამდვილეში ირკვევა, რომ კლუბმა ყველაფერი კარგად გათვალა. ჯეფერსონმა გამოისყიდა თავისი წინა კონტრაქტის ბოლო წელი, რომლისთვისაც 15 მილიონი უნდა მიეღო და გააფორმა ახალი, ოთხწლიანი ხელშეკრულება. ამით მან უახლოესი ოთხ წელიწადში გარანტირებული სამუშაო მიიღო, თანაც კარგი ხელფასით, კლუბმა კი ბიუჯეტში 17 მილიონი დოლარი გამოანთავისუფლა. ასე რომ, ახლა "სან ანტონიოს" წელიწადში 13 მილიონად სპლიტერი და ჯეფერსონი ჰყავს - ფულის ეკონომიაც გააკეთა და შემდგენლობაც გააძლიერა.

პორტლენდი
"პორტლენდმა" უცნაურად დაიწყო ეს ზაფხული - გაანთავისუფლა გენერალური მენეჯერი კევინ პრიტჩარდი, თუმცა მანამდე მას დრაფტის ცერემონიაში მონაწილეობა აცალა. შემდეგ კი ყველაფერი გამოსწორდა და კლუბმა რამდენიმე სერიოზული შენაძენი გააკეთა. პრიტჩარდის ადგილას მივიდა რიჩ ჩო "ოკლაჰომადან" - მეტად ძლიერი და ავტორიტეტული სპეციალისტი. მისი მონდომებით კლუბმა შემადგენლობის გასაძლიერებლად დიდი და ნაყოფიერი სამუშაო გასწია. დრაფტზე აიყვანეს პერსპექტიული ლუკ ბებიტი და ელიოტ უილიამსი, "იუტადან" კი სნაიპერი უესლი მეტიუზი გადაიბირეს. მართალია, მათ სანაცვლოდ მარტელ უებსტერზე უარის თქმა მოუწიათ, მაგრამ ამ მსხვერპლის გაღება ღირდა.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული