მარტო კობი ცოდოა

AutoSharing Option
პლეი ოფის მეოთხედფინალში ოთხივე წყვილში ჩატარდა პირველი მატჩები და მხოლოდ "მაიამიმ" შეძლო საკუთარ მოედანზე გამარჯვება. დანარჩენ სამ შეხვედრაში უპირატესობა სტუმრების მხარეს იყო.

დასავლეთი
ლეიკერსი-დალასი 94:96
23:25, 30:19, 25:27, 16:25
ლ: ბრაიანტი (36+5 მოხსნა), გასოლი (15+11 მოხსნა+7 პასი), ოდომი (15+12 მოხსნა), ფიშერი (8+6 პასი), ბინუმი (8+5 მოხსნა), ბრაუნი (6), ბარნსი (4+5 მოხსნა), არტესტი (2).
დ: ნოვიცკი (28+14 მოხსნა), ტერი (15), ჩენდლერი (11+9 მოხსნა), მერიონი (10), სტოიაკოვიჩი (10), ბარეა (8+5 პასი), კიდი (7+11 პასი+5 მოხსნა), ბრიუერი (5), ჰეივუდი (2).
სერია: 0-1

მატჩის წინ
თითქმის ყველა ამერიკელი ექსპერტი იმაზე თანხმდებოდა, რომ ამ სერიაში "დალასი" მაქსიმუმ ორი მატჩის მოგებას თუ შეძლებდა. საინტერესოა, პირველი მატჩის შემდეგ რა გაცხადებებს აკეთებენ ისინი. ასეა თუ ისე, "ლეიკერსმა" ზუსტად ისე დაიწყო მეორე რაუნდის სერია, როგორც პირველი - საშინაო წაგებით.

სტუმრებისთვის მნიშვნელოვანი იყო გასაქანი არ მიეცა "ლეიკერსის" მაღლებისთვის - პაუ გასოლისთვის, ლამარ ოდომისთვისა და ენდრიუ ბინუმისთვის. "მავერიქსის" წინა ხაზი ამ ამოცანას დამაჯერებლად გაუმკლავდა. ეს, პირველ რიგში, ტაისონ ჩენდლერს ეხება, რომელმაც არა მარტო გააძევა ფარქვეშიდან ბინუმი, არამედ სერიოზულად გაურთულა საქმე გასოლს, რის გამოც შეხვედრის ბოლოსკენ ესპანელი აშკარად გამოფიტული ჩანდა. საბოლოოდ, პაუმ მონაწილეობა მიიღო ეპიზოდში, რამაც მისი გუნდის მარცხი განაპირობა.

ასევე მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო რეზერვისტების როლი. აქ გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. თუ ოდომს არ ჩავთვლით, მასპინძლების სათადარიგოებმა მინიმალური სარგებლობა მოიტანეს, "დალასის" სკამის მონაგარი კი 40 ქულა იყო.

რაც შეეხება გუნდის ლიდერების დაპირისპირებას, ფაქტია, რომ "ლეიკერსმა" ვერ შეძლო დირკ ნოვიცკის შეჩერება, თანაც გერმანელს სათანადო მხარდაჭერა ჰქონდა პარტნიორებისგან. დირკმა ბოლო მეოთხედში 11 ქულა დააგროვა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში შონ მერიონი, ჯეისონ ტერი, პეჟა სტოიაკოვიჩი, ჩენდლერი და ჯეისონ კიდიც კარგები იყვნენ. "ლეიკერსში" კი ბოლო 5 წუთი მხოლოდ ერთი კაცი თამაშობდა - კობი ბრაიანტი. არადა, მატჩის ბოლოსთვის კალიფორნიელთა ლიდერი აშკარად დაღლილი ჩანდა და ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა.

საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე ნოვიცკიმ ზუსტი საშუალო ტყორცნით ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა - 93:94. საპასუხო შეტევაში კობიმ ბურთი დაკარგა და იმავე დირკმა ორი საჯარიმოთი წინ გაიყვანა "დალასი". მასპინძლებს საკმარისი დრო ჰქონდათ გამარჯვების მოსაპოვებლად, მაგრამ გასოლმა და ბრაიანტმა კიდევ ერთხელ დაკარგეს ბურთი - კიდმა ჩაჭრა და მასზე მაშინვე დაჯარიმდნენ. გამოცდილმა პლეიმეიკერმა მხოლოდ ერთი საჯარიმო ჩააგდო - 96:94 3.1 წამით ადრე. ტაიმ-აუტის შემდეგ თამაშის გადარჩენა ბრაიანტს დაევალა, მაგრამ მატჩის ერთ-ერთი გმირი საბოლოოდ ანტიგმირად იქცა.

შეხვედრის შემდეგ "ლეიკერსის" დამრიგებელი ფილ ჯექსონი იმის გამო ჩიოდა, თუ როგორ გაუშვა მისმა გუნდმა ხელიდან პრაქტიკულად მოგებული მატჩი: "მესამე მეოთხედში 16 ქულით ვიყავით წინ და წაგება მოვახერხეთ. ეს უდიდესი იმედგაცრუებაა".

შეიძლება რთული დასაჯერებელია, მაგრამ ეს კლუბები ბოლო 23 წლის განმავლობაში პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს.


აღმოსავლეთი
ჩიკაგო-ატლანტა 95:103
18:28, 32:23, 21:21, 24:31
ჩ: როუზი (24+10 პასი+5 მოხსნა), დენგი (21+6 მოხსნა), ბუზერი (14+8 მოხსნა+3 პასი), ნოა (11+9 მოხსნა), კორვერი (9), ბუზერი (6), უოტსონი (5), ბოგანსი (3), გიბსონი (2+3 დაფარება).
ა: ჯონსონი (34+4 პასი+3 ჩაჭრა), კროუფორდი (22+4 პასი), ტიგი (10+5 პასი), ჰორფორდი (9+13 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), სმიტი (8+6 მოხსნა+4 პასი+4 დაფარება), ფაჩულია (6+5 მოხსნა), უილიამსი (5), კოლინზი (5), უილკინსი (4).
სერია: 0-1
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული