დიდი ეპოქის დასასრული

AutoSharing Option
ნამდვილად არ ფიქრობდა და ვერც წარმოიდგენდა კარიერის ასეთ დასასრულს "ლეიკერსის" დამრიგებელი ფილ ჯექსონი, მაგრამ სწორედ სეზონის ამ მონაკვეთში მოუნდა "დალასს" არათუ წელს, არამედ არსებობის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთის ჩვენება.

American Airlines Center-ში შეკრებილმა მაყურებელმა "კოვბოების" შესრულებით უმაღლესი დონის თამაში იხილა და ამ ფონზე "ლეიკერსი" სრულიად უმწეოდ გამოიყურებოდა. მოქმედი ჩემპიონის უსუსურობა კარგად გამოიხატა მეოთხე მეოთხედის ორ ეპიზოდში, როცა ლამარ ოდომმა და ენდრიუ ბინუმმა ნერვები ვეღარ მოთოკეს და ტექნიკური ჯარიმებით მოედანი ვადაზე ადრე დატოვეს. მათი განწყობა გასაგებია - როცა შენი გუნდი აგებს სერიას
0:3 და 32 ქულით არის ჩამორჩენილი მეოთხე მატჩში, საკუთარი მოქმედების გაკონტროლება იოლი არ არის.

მასპინძლებმა ჩემპიონის დაცვას სასტიკი დღე აყარეს. საკმარისია აღინიშნოს, რომ "მავერიქსმა" 32 შედეგიანი პასი შეასრულა, მიზანში ჩააგდო 20 სამქულიანი (NBA-ს პლეი ოფის რეკორდის გამეორება), საბოლოო სხვაობამ კი 36 ქულა შეადგინა.

სხვათა შორის, აქამდე "ლეიკერსს" 30-ზე მეტი ქულით მხოლოდ სამჯერ ჰქონდა წაგებული პლეი ოფის მატჩი და ერთადერთხელ დამარცხდა სერიაში, როცა საკუთარი მოედნის უპირატესობა გააჩნდა.

ბრწყინვალე იყო ჯეისონ ტერისა და პეჟა სტოიაკოვიჩის დუეტი - ამ წყვილმა 16-დან 15 სამქულიანი გამოიყენა, ტერი კი რექს ჩეპმენის, ვინს კარეტრისა და რეი ალენის გვერდით დადგა - სწორედ მათ ჰქონდათ პლეი ოფის ერთ მატჩში 9 სამქულიანი ჩაგდებული. ჯეისონი უფრო შორს წავიდოდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედის დასაწყისიდან მას მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა.

ამ დუეტის ბრწყინვალე თამაშის ფონზე დირკ ნოვიცკის ამოსუნთქვის საშუალება მიეცა - გერმანელი მაშინ უტევდა, როცა იერიშის განვითარების სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. დირკი ამჯერადაც იოლად უსწორდებოდა პაუ გასოლს. თავად ესპანელი 10 ქულით, 8 მოხსნითა და 6 შედეგიანი პასით "ლეიკერსის" საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, თუმცა ეს დიდი შვება არ იქნებოდა პაოსთვის, რომელმაც ოკეანის გაღმა კარიერაში პირველად დაასრულა პლეი ოფი ძმაზე - მარკ გასოლზე ადრე.

ბუნებრივია, ფილ ჯექსონი შეეცადა მდგომარეობის შეცვლას. ერთხელ 174 წამის განმავლობაში სამი ტაიმ-აუტი აიღო, მაგრამ ხეირიანი ვერაფერი მოიფიქრა. ეს იყო პლეი ოფის ისტორიაში 99-ე შემთხვევა, როცა ერთი გუნდი მეორეს სერიაში 3:0-ს უგებდა და 99-ედ გამარჯვებული დაწინაურებული გუნდი გამოვიდა.

"რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, - თქვა მატჩის შემდეგ ჯექსონმა. - ძალიან რთულია მუდმივი ზეწოლის ქვეშ თამაში და საჭირო შედეგის მიღწევა. რთულია ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად და სულიერადაც კი. არ მაქვს ჩემი შეგირდების დადანაშაულების უფლება. თუმცა ვაღიარებ, რომ ასეთი ინერტულები და გამოფიტულები ისინი არასოდეს მინახავს".

დასავლეთი
დალასი-ლეიკერსი 122:86
27:23, 36:16, 23:23, 36:24
დ: ტერი (32+4 პასი), ბარეა (22+8 პასი), სტოიაკოვიჩი (21+3 ჩაჭრა), ნოვიცკი (17+7 მოხსნა+4 პასი), მერიონი (8+6 მოხსნა+3 პასი), ჩენდლერი (5+9 მოხსნა), ჰეივუდი (4+8 მოხსნა), კიდი (3+7 პასი+4 ჩაჭრა), სტივენსონი (3), კარდინალი (3), ბრიუერი (2), მაინმი (2).
ლ: ბრაიანტი (17), ბრაუნი (15+3 ჩაჭრა), არტესტი (11), გასოლი (10+8 მოხსნა+6 პასი), ოდომი (10), ბარნსი (9+5 მოხსნა), ბინუმი (6+6 მოხსნა), ფიშერი (5+7 მოხსნა), ბლეიკი (3).
სერია: 4-0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული