მაკგი გინესის წიგნში

AutoSharing Option
წლევანდელ "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" "ვაშინგტონ უიზარდსის" ფორვარდმა ჯავალ მაკგიმ ისე მოხიბლა ყველა თავისი ჩატენვით, რომ ამ საკალათბურთო ილეთის გინესის რეკორდების წიგნში შეტანაც კი განიზრახეს. მართალია, მაშინ მაკგიმ წააგო "კლიპერსის" დებიუტანტ ბლეიკ გრიფინთან ჩატენვების კონკურსი, სამაგიეროდ მისი "დანქი" სამუდამოდ შევა ისტორიაში.

აი, რა განცხადება გაავრცელეს გინესის რეკორდების წიგნის წარმამადგენლებმა:

"ვაშინგტონის" ფორვარდმა ჯავალ მაკგიმ ყველაზე რთული საკალათბურთო სლემ-დანკი შეასრულა, როცა ერთი ნახტომისას კალათში სამი ბურთის ჩატენვა მოასწრო.

ნახტომის შესრულების მომენტში მას ორი ბურთი ხელებში ეჭირა, მესამე კი თანაგუნდელ ჯონ უოლისგან მიიღო".


დანკანი
ჯერ არ მიდის
"სან ანტონიო სპურსის" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა განაცხადა, რომ ბოლომდე ენდობა ვეტერან ტიმ დანკანს და მომავალ სეზონში ამ ფორვარდის დიდი იმედი აქვს. შეგახსენებთ, რომ ტიმმა წელს თავისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა. საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ დანკანი პირველად ბოლო 14 წლის განმავლობაში ვერ მოხვდა საუკეთესო დამცველთა პირველ ან მეორე სიმბოლურ ნაკრებში.

"ტიმს ჩემთვის არ უთქვამს, რომ ამ სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება უნდა. ასე რომ, ის გუნდში რჩება.

მე მართლაც ვთქვი მისი კონტრაქტის პირობების გადახედვის შესახებ, მაგრამ ეს ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, კიდევ რამდენი ხანი აპირებს ის აქტიურ სპორტში დარჩენას", - განაცხადა "სპურსის" დამრიგებელმა.

წლევანდელ რეგულარულში დანკანის მონაგარი 13.4 ქულასა და 8.9 მოხსნას შეადგენდა. "სან ანტონიომ" დასავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ პლეი ოფის პირველივე წრეში წააგო სერია (2:4) მერვე ნომრად განთესილ "მემფის გრიზლისთან".


იაო სასამართლოში მიდის
"ჰიუსტონ როკეტსის" ცენტრმა იაო მინმა სასამართლოში უჩივლა სპორტული ატრიბუტიკის მწარმოებელ ჩინურ კომპანიას.

როგორც ირკვევა კომპანია Wuhan Yunhe Dashayu Sportswear უკანონოდ იყენებდა იაოს სახელს სარეკლამო მიზნებისთვის. ამ პროცესის მსვლელობისას ფირმამ საქმეში ჩართო ჩინელი ცენტრის ფოტო და ავტოგრაფი.

იაოს წარმომადგენლები ორი კვირის განმავლობაში სასამართლოს ჩარევის გარეშე ცდილობდნენ ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ მეორე მხარემ დათმობაზე წასვლა არ მოისურვა.

ამიტომაც მინმა სასამართლოს მიმართა. თუმცა ამ სარჩელის მთავარი მიზანი არა კომპენსაციის მიღება, არამედ სხვა კომპანიების გაფრთხილებაა, რათა მათ უკანონოდ არ გამოიყენონ საუკეთესო ჩინელი კალათბურთელის პოპულარობა.


ლეიკერსს გამოცდილი მწვრთნელი უნდა
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ახალი მთავარი მწვრთნელის საკითხი კარგა ხანი აქტუალური იქნება. როგორც იცით, ფილ ჯექსონის ერთ-ერთ შემცვლელად პრესა მის ასისტენტს ბრაიან შოუს ასახელებდა. ამ სპეციალისტით "გოლდენ სტეიტიც" დაინტერესდა და როგორც ახლა ირკვევა, "ლეიკერსის" ხელმძღვანელობა ხელს არ შეუშლის შოუს "მეომრებთან" გადასვლაში. იგივე ეხება ფილ ჯექსონის კიდევ ერთ ასისტენტს ჩაკ პერსონს.

აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "ლეიკერსი" არ აპირებს გამოუცდელი შოუსთვის ნდობის გამოცხადებას და სავარაუდოდ, უპირატესობას უფრო გამოცდილ მწვრთნელს მიანიჭებს. ერთი ასეთი კანდიდატი რამდენიმე დღის წინ დასახელდა - ეს გახლავთ რიკ ადელმანი.

რაც შეეხება შოუს, ის ოკლენდშია დაბადებული - სწორედ იმ ქალაქში, რომელშიც თავის საშინაო მატჩებს ატარებს "გოლდენ სტეიტი". შარშან ამ მწვრთნელს აქტიურად ეპატიჟებოდა "კლივლენდი", მაგრამ ბრაიანმა "ლეიკერსში" დარჩენა ამჯობინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული