სრულფასოვანი რევანში

AutoSharing Option
"ოკლაჰომამ" ბოლო მეოთხედში (რომელიც რასელ უესტბრუკის გარეშე ჩაიარა) სათადარიგოების ბრწყინვალე თამაშით გამარჯვება გამოსტაცა "დალასს" მეორე მატჩში და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის წინ ორი კანონზომიერება იყო დაფიქსირებული - ერთის მხრივ, 2011 წლის პლეი ოფში "დალასი" შინ არ აგებდა, ამასთან, "ოკლაჰომას" წინა არც ერთ სერიაში ზედიზედ ორი მატჩი არ ჰქონდა წაგებული. არსებობდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ სერიაში ბევრ რამეს არა გუნდების სუპერვარსკვლავები, არამედ მათი დამხმარეები გადაწყვეტდნენ. პირველმა მატჩმა ეს ჰიპოთეზა მთლიანად დაადასტურა: მაშინ გადამწყვეტი აღმოჩნდა არა კევინ დურანტისა (40 ქულა) და
დირკ ნოვიცკის (48) სნაიპერული გმირობები, არამედ სათადარიგოთა შედეგიანობა (მასპინძლების 53 ქულა სტუმრების 22 ქულის წინააღმდეგ). მეორე მატჩის გადამწყვეტ მომენტში "ოკლაჰომას" დამრიგებელმა სკოტ ბრუქსმა რეზერვისტებზე გააკეთა აქცენტი და გაუმართლა. სათადარიგოების დუელი ისევ დიდი სხვაობით დასრულდა, ოღონდ ამჯერად სტუმრების სასარგებლოდ - 50:29.

პირველ ნახევარში მასპინძლების უპირატესობა 11 ქულას აღწევდა, მაგრამ მეორეში "მავერიქსი" ხშირად რჩებოდა მდევრის როლში. თუმცა "ოკლაჰომას" უპირატესობა პირობითი იყო და როგორც წესი, 6 ქულას არ აღემატებოდა. ხოლო ტაისონ ჩენდლერისა და ჯეისონ კიდის აქტურობით "დალასმა" წინ გასვლაც მოახერხა. და სწორედ აქ გამოვიდა სცენაზე ჯეიმს ჰარდენი. 76:73-ზე, მესამე მეოთხედის ბოლო წამზე 21 წლის მცველმა სამქულიანი ჩააგდო და თან მეტოქეს წესი დაარღვევინა, ბოლო მეოთხედში კი 10 ქულა მიითვალა.

NBA-ში გავრცელებულია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ბოლო მეოთხედის დასაწყისში სასტარტო ხუთეულის წევრებს დასვენების საშუალებას აძლევენ, რათა ლიდერები გადამწყვეტ წუთებს დასვენებული შეხვდნენ. დურანტს თუ არ ჩავთვლით, "ოკლაჰომადან" მოედანზე მხოლოდ რეზერვისტები იმყოფებოდნენ. ბრუქსი არჩევანის წინაშე დადგა: დაეტოვებინა მოედანზე შესანიშნავ სათამაშო რითმში მყოფი სათადარიგოები თუ სასტარტოებისთვის მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. ბრუქსმა პირველი ვარიანტი აირჩია. "მემფისთან" სერიის მეშვიდე მატჩში სამმაგი დუბლის ავტორს უესტბრუკს ბოლო მეოთხედში ერთი წამით არ უთამაშია! და ამის გამო უკმაყოფილება არ გამოუხატავს, პირიქით, სახიდან ღიმილი არ მოშორებია.

მის არყოფნაში შესანიშნავად გაუძღვა გამთამაშებლის ფუნქციებს მეინორი. კუკმა ორი უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო, კოლისონი კი გარკვეული პერიოდი კარგად იჭერდა ნოვიცკის. თუმცა ბოლოსკენ ორი საჯარიმო ააცილა და "დალასს" შანსი მისცა - "მინუს ექვსი" საფინალო სირენამდე წუთითა და 19 წამით ადრე. ბოლო წუთზე კი კოლისონმა დირკზე მეექვსე პერსონალური მიიღო. გერმანელმა ამ ეპიზოდში ფანდს მიმართა - სამქულიანის შესრულებისას ჰაერში "დაეკიდა" და სამი საჯარიმო სროლის უფლება მიიღო.

იმ მომენტისთვის "ლეიკერსთან" სერიის მეორე მატჩიდან მოყოლებული ნოვიცკის ზედიზედ 38 საჯარიმო ჰქონდა ჩაგდებული. ეს სერია 39-ე ტყორცნაზე შეწყდა და ამან ფაქტობრივად მოუსპო "დალასს" თამაშის გადარჩენის შანსი. სამიდან ორი საჯარიმოს რეალიზაციის შემდეგ ჩამორჩენა არა სამი, არამედ ოთხი ქულა იყო - ეს კი დიდი განსხვავებაა.

ნოვიცკის საჯარიმოების სერიასთან ერთად შეწყდა პლეი ოფში "მავერიქსის" შვიდმატჩიანი მოგებათა სერია.

დასავლეთი
დალასი-ოკლაჰომა 100:106
31:26, 26:33, 19:18, 24:29
დ: ნოვიცკი (29+5 მოხსნა+5 პასი), ჩენდლერი (19+13 მოხსნა), კიდი (13+7 პასი+5 მოხსნა+5 ჩაჭრა), ბარეა (11+4 პასი), მერიონი (9+8 მოხსნა), სტოიაკოვიჩი (8), ტერი (8), სტივენსონი (5), ჰეივუდი (2), მაინმი.
ო: დურანტი (24+4 პასი), ჰარდენი (23+7 მოხსნა+4 პასი), უესტბრუკი (18+4 პასი), მეინორი (13), კუკი (8), იბაკა (6+6 მოხსნა), კოლისონი (6+7 მოხსნა+2 დაფარება), პერკინსი (4), სეფოლოშა (4+5 მოხსნა), მოჰამედი.
სერია: 1-1
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული