ბრავო "დალასი", ბრავო დირკი!

AutoSharing Option
დასავლეთი კონფერენციის ფინალური სერია დასასრულს მიუახლოვდა. "ოკლაჰომამ" შინ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო "დალასთან" და სავარაუდოდ, ამ ეტაპზე ფინალში გასვლის ოცნებას გამოეთხოვება. თუმცა დირკ ნოვიცკის ასეთი ბრწყინვალე თამაშის ფონზე არა თუ "თანდერი", სხვა ბევრი გუნდიც უშანსოდ იქნებოდა "მავერიქსის" წინააღმდეგ.

ამ პლეი ოფში "დალასი" შესანიშნავად თამაშობს სტუმრად. პირველ სერიაში "პორტლენდთან" ორი გასვლითი წაგების შემდეგ "კოვბოებს" სტუმრად ზედიზედ ოთხი მოგება დაუგროვდათ.

წინა მატჩის პირველ ტაიმში წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" საჭირო დასკვნები გააკეთა და აქტიურად დაიწყო მეოთხე შეხვედრა. მასპინძლები აკეთებდნენ იმას, რაც ყველაზე კარგად იციან
- სწრაფად ანვითარებდნენ იერიშებს. ამ სერიამ დაგვანახა, რომ "დალასი", რომელსაც ასევე უყვარს სწრაფი კალათბურთი, ფეხს ვერ უწყობდა "ოკლაჰომას" ახალგაზრდა გვარდიას.

საბოლოოდ, დურანტისა და უესტბრუკის ხშირმა გარღვევებმა საგონებელში ჩააგდო სტუმარი გუნდი, რომლის ჩამორჩენამ პირველ მეოთხედში ათი ქულა შეადგინა. მიუხედავად ამისა, რიკ კარლაილის გუნდი არ ჩქარობდა თამაშის პოზიციურ შეტევაში გადაყვანას - მწვრთნელმა თავის გამოჩენის შანსი მისცა ჯეისონ ტერისა და დანარჩენ რეზერვისტებს. პრინციპში, ამ სვლამ ნაწილობრივ გაამართლა. ტერი ძალიან ნაყოფიერად და აქტიურად ეხმარებოდა დირკს შეტევაში, ტექსასელთა დანარჩენმა რეზერვისტებმა კი თავი ვერაფრით გამოიჩინეს.

ასე რომ, დიდ შესვენებაზე სტუმრები 5-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ, რაც ცუდი შედეგი არ იყო. თავის მხრივ, "ოკლაჰომა" მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებდა. მეორე ტაიმის დასაწყისში სკოტ ბრუქსის ბიჭებმა ისევ დაიწყეს კომფორტული უპირატესობის შექმნა და სხვაობა ისევ 10 ქულამდე ავიდა. თუმცა უფრო შორს წასვლა მასპინძლებმა ვერ შეძლეს, რადგან დირკ ნოვიცკი არანაირ შანსს არ უტოვებდა დაცვაში სერჟ იბაკასა და დანარჩენებს.

ბოლო მეოთხედიც ანალოგიური სცენარით წარიმართა. "ოკლაჰომამ" დურანტის მეთაურობით ისევ მონახა ძალა მორიგი გაქცევისთვის, ოღონდ ამჯერად უპირატესობა უფრო სოლიდური გახდა - 15 ქულა. ამ მომენტში საფინალო სირენამდე 5 წუთი რჩებოდა და ისე ჩანდა, რომ ამჯერად ნოვიცკი ვეღარ შეძლებდა სტატუს-ქვოს აღდგენას. მართალია, კიდი და ტერი ღირსეულად ეხმარებოდნენ დირკს, მაგრამ დურანტისა და კომპანიის ასეთი აღმაფრენით თამაშის ფონზე რთული წარმოსადგენი იყო, რომ "დალასი" თამაშის გადარჩენას მოახერხებდა.

მაგრამ, როგორც ჩანს, გერმანელს ძალიან უნდა კარიერაში მეორედ ფინალში თამაში. ის, რაც ნოვიცკიმ ბოლო წუთებში გააკეთა, ოსტატობის ყოველგვარ ზღვარს სცილდება. "მავერიქსის" ლიდერი უბრალოდ იჭერდა ბურთს, უმკლავდებოდა ორმაგ ან სამმაგ მეურვეობას და სხვადასხვა დისტანციიდან არნორმალურ ბურთებს აგდებდა. ასე დააგროვა მან ბოლო ხუთ წუთში 12 ქულა და თითქოს წაგებული მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. ბოლო წამებზე დურანტს ჰქონდა გამარჯვების მოპოვების შანსი, მაგრამ შონ მერიონმა ითამაშა დაცვაში კარგად.

დამატებით დროშიც მაყურებელს ბევრი ნერვიულობის გადატანა მოუწია. ხუთიდან ოთხი წუთი ქულა ქულაში თამაში მიდიოდა და გუნდები არაფრის დათმობას არ აპირებდნენ. მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ მომენტში წინა პლანზე გამოვიდა გამოცდილება, რომელიც "მავერიქსს" გაცილებით მეტი აქვს. სირენამდე 40 წამით ადრე ჯეისონ კიდის სამქულიანმა გადაწყვიტა ამ მატჩის ბედი. რა თქმა უნდა, "თანდერს" ანგარიშის გათანაბრებისთვის დრო და შანსიც ჰქონდა, მაგრამ ტექსასელები უბრალოდ ვალდებულნი იყვნენ შეენარჩუნებინათ გამარჯვება, რაც გააკეთეს კიდეც.

ასე გახდა სერიაში ანგარიში 3:1 "დალასის" სასარგებლოდ, რომელიც შემდეგ შეხვედრას საკუთარ კედლებში ჩაატარებს. "ოკლაჰომას" ტექსასში ერთი მოგება უკვე აქვს, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ ახალგაზრდა გუნდმა სერიაში დარჩენილი სამი მატჩიდან სამივე მოიგოს.

ოკლაჰომა-დალასი 105:112 (ო)
31:22, 28:32, 22:23, 20:24, 4:11
ო: დურანტი (29+15 მოხსნა+4 პასი), უესტბრუკი (19+8 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა), იბაკა (18+10 მოხსნა+5 დაფარება), კოლისონი (12+7 მოხსნა+3 პასი), სეფოლოშა (12+3 ჩაჭრა), ჰარდენი (7+7 მოხსნა), პერკინსი (6), მეინორი (2+3 პასი).
დ: ნოვიცკი (40+5 მოხსნა+3 პასი), ტერი (20+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), კიდი (17+7 პასი+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჰეივუდი (9), ბარეა (7), მერიონი (7+4 ჩაჭრა), ჩენდლერი (5+8 მოხსნა), სტოიაკოვიჩი (4), სტივენსონი (3).
სერია: 1-3
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული