ფინალი თითქმის ცნობილია

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კონფერენციების ფინალები თითქმის ერთნაირი სცენარით ვითარდება. საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში უპირატესობა იმ გუნდების მხარესაა, რომლებსაც შემადგენლობაში მეტი გამოცდილი მოთამაშე ჰყავთ. მოკლედ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახავთ ფინალს ფლორიდული და ტექსასური კლუბების მონაწილეობით.

მეოთხე მატჩის დასაწყისში "ჩიკაგომ" ტრადიციას არ უღალატა და პირველივე წუთებიდან მკაცრი დაცვით თამაშის სადავეების ხელში აღება სცადა. ამან სტუმრებს მცირეოდენი უპირატესობა მოუტანა. "დალასისა" და "ოკლაჰომას" სერიისგან განსხვავებით, აქ თითოეული ჩაგდებულ ბურთს ოქროს ფასი აქვს, რაც კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას მოედანზე. პირველ 12-წუთეულში
შვიდი ქულით დაწინაურების შემდეგ "ხარებმა" მაინც მისცეს ჯეიმსსა და კომპანიას რამდენიმე რთული ბურთის ჩაგდების საშუალება და პირველ შესვენებაზე "ჩიკაგოს" მხოლოდ სამქულიანი უპირატესობა ჰქონდა.

მეორე მეოთხედის დასაწყისი უკვე "მაიამის" დარჩა. ფლორიდელებმა 9:0 გაქცევა მოახერხეს, მისი ინიციატორი კი დუეინ უეიდი გახდა. სანამ ერიკ სპოელსტრა ლებრონს ასვენებდა, ორი კაცის საქმეს სწორედ უეიდი აკეთებდა. ახლა უკვე "ჩიკაგო" აღმოჩნდა მდევრის როლში. მასპინძლები შვიდ ქულას იგებდნენ, რაც საკმაოდ სერიოზული ფორაა ასეთი ხასიათის მატჩში. თუმცა "ბულზს" პასუხი არ დაუგვიანია. თავიდან დერიკ როუზმა ჯეიმისგან შეურაცხმყოფელი ბლოკ-შოტი მიიღო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი გაღვევა დაასრულა ზუსტი ტყორცნით.

თუ როუზის თემას გავაგრძელებთ, უნდა ითქვას, რომ სინამდვილეში "ჩიკაგოს" ლიდერის ეფექტურობა კვლავ დაბალი იყო. რვა ზუსტი ტყორცნა 27 ცდიდან - ეს არ არის სეზონის MVP-ისთვის შესაფერისი შედეგიანობა. მიუხედავად ამისა, ტომ ტიბოდო ჯიუტად აძლევდა დერეკს საკუთარ თავზე თამაშის აღების უფლებას. არადა, მატჩის ბოლოს ყველა მნიშვნელოვანი ქულა სტუმრებმა მაშინ ჩააგდეს, როცა გუნდმა ბურთი გაათამაშა. როუზსა და "ჩიკაგოს" ჯერ არ შეუძლია 48 წუთის განმავლობაში კოლექტიური კალათბურთის ჩვენება, გუნდის მწვრთნელმა კი ჯერჯერობით ვერ იპოვნა ბალანსი გუნდურ თამაშსსა და როუზის ინდივიდუალურ მოქმედებებს შორის.

დიდი შესვენების შემდეგ სტუმრები ისევ აქტიურ დაცვასა და სწრაფ კონტრშეტევებზე გადაერთვნენ. შედეგად, "ბულზი" ისევ წინ გაიჭრა, თუმცა 8-ქულიანი ჰანდიკაპის პირობებშიც რთული იყო იმის თქმა, რომ "ჩიკაგო" შეძლებდა ასეთი უპირატესობის შენარჩუნებას. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე სხვაობა 5 ქულა იყო და "ხარებს" უკანასკნელ 12 წუთში სერიოზული გამოცდა ელოდათ.

პირველი ექვსი წუთის განმავლობაში ტიბოდოს შეგირდები დიდი გაჭირვებით იგერიებდნენ მეტოქის შეტევებს, მაგრამ სხვაობა მაინც შემცირდა 3 ქულამდე. რვაქულიანი ჰანდიკაპის დაბრუნებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, რადგან სტუმრების მთელი ენერგია დაცვით თამაშზე იხარჯებოდა. "ჩიკაგომ" გაძლო, რადგან ფლორიდელთა "დიდმა ტრიომ" მაიკ მილერის აქტიური დახმარებით მხოლოდ საფინალო სირენამდე ცოტა ხნით ადრე აღადგინა თანაფარდობა.

თუმცა მეოთხე მეოთხედის დარჩენილ დროში დერიკ როუზს ორჯერ შეეძლო გამარჯვების მომტანი ტყორცნის ჩაგდება, მაგრამ ორივე შემთხვევაში მან საფირმო გარღვევის ნაცვლად ლებრონის მოტყუება და საშუალო მანძილიდან სროლა სცადა. "ჩიკაგოს" ლიდერის ადგილას ნოვიცკი ან ბრაიანტი რომ ყოფილიყვნენ, მსგავს გათამაშებას აზრი ექნებოდა, მაგრამ როუზის მოუმზადებელ ტყორცნებს "მაიამისთვის" ხიფათი არ მოუტანია.

ასე გადავიდა თამაში ოვერტაიმში, სადაც ფსიქოლოგიური უპირატესობა "მაიამის" მხარეს იყო, თანაც სტუმრებს თითქმის აღარ ჰქონდათ ძალა შერჩენილი. "ჩიკაგომ" მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა მხოლოდ ოვერტაიმის პირველ ნახევარში გაუწია. სირენამდე ორწუთნახევრით ადრე რონი ბრიუერმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. თუმცა ამას ფლორიდელებზე არ უმოქმედია, "ჩიკაგომ" კი ბოლოს იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ თამაშს ყოველგვარი ინტრიგა დაეკარგა.

"მაიამიმ" რვა ქულით მოიგო ოვერტაიმი და სერიაში 3:1 დაწინაურდა. რა თქმა უნდა, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მით უმეტეს, რომ შემდეგი მატჩი ილინოისში გაიმართება, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, "ხარები" ჯერ ასეთ სერიებში გამარჯვებამდე.

აღმოსავლეთი
მაიამი-ჩიკაგო 101:93 (ო)
16:19, 28:27, 19:22, 22:17, 16:8
მ: ჯეიმსი (35+6 პასი), ბოში (22), უეიდი (14+4 დაფარება), მილერი (12+9 მოხსნა), ჩელმერსი (9), ბიბი (5), ენტონი (2+4 დაფარება), ჰასლემი (2+9 მოხსნა).
ჩ: როუზი (23+6 პასი), დენგი (20+8 მოხსნა), ბუზერი (20+11 მოხსნა), ბრიუერი (7), ბოგანსი (6), ნოა (6+14 მოხსნა+6 პასი), უოტსონი (6), კორვერი (5).
სერია: 3-1

კლივლენდმა ირვინგი აირჩია?
ახლოვდება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დრაფტი და ექსპერტები სულ უფრო აქტიურად განიხილავენ ახალბედათა ლატარიის მომავალ პირველ ნომერს, რომელიც წელს "კლივლენდ კავალიერზს" ეკუთვნის.
სახელდება რამდენიმე კანდიდატი, თუმცა ამ საკითხს ოდნავ მოჰფინა ნათელი "კავალიერზის" ერთ-ერთი წარმომადგენლის მინიშნებამ - "კლივლენდი" დრაფტში პირველ ნომრად, სავარაუდოდ კაირი ირვინგს აირჩევს.
"კაირი - შესანიშნავი მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, ის იოლად მოახერხებს გუნდში ადაპტირებას და გაამყარებს კავშირს მაყურებელთან.

ერთადერთი პრობლემა, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, ირვინგის ხშირი ტრავმიანობაა", - ამბობს კლუბის ინკოგნიტო წარმომადგენელი.

ირვინგი 19 წლისაა და ის დიუკის უნივერსიტეტში გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობდა.

* * *
დაახლოებით ცნობილია მომავალ დრაფტზე "ნიუ იორკ ნიქსის" პრიორიტეტიც. კლუბის ხელმძღვანელობა ფლორიდის უნივერსიტეტის გუნდის - "მორჰედ სტეიტის" მძიმე ფორვარდს კენეტ ფარიდს უმიზნებს. "ნიუ იორკ პოსტის" ინფორმაციის თანახმად, კლუბის მფლობელ დონი უოლშს სტაბილური "მომხსნელის" აყვანა სურს, რომელიც ფარქვეშ საქმეს შეუმსუბუქებს გუნდის ლიდერ ამარე სტაუდმაიერს. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ დრაფტზე "ნიუ იორკს" მე-17 ნომრად არჩევის უფლება აქვს.

ფარიდი სტუდენტური ლიგის ლიდერია მოხსენების რაოდენობით - ჯამში მის ანგარიშზე 1673 მოხსნა მოდის. ამ სეზონში კენეტის საშუალო მონაგარი მატჩში 13.4 მოხსნას უდრიდა.

"ის ფარქვეშ ბრძოლის დიდი სპეციალისტია. მოზღვავებული ენერგია აქვს, რის გამოც მეორე ბენ უოლასსაც კი უწოდებენ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ფარიდს", - განაცხადა უოლშმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული