ისტორია ხანდახან მეორდება

AutoSharing Option
ხუთი წლის წინ "დალასი" "მაიამისთან" ფინალურ სერიას 2:0-ს იგებდა და მესამე მატჩის ბოლო მეოთხედის ზუსტად შუაში 15 ქულით იყო წინ. "მაიამიმ" ფანტასტიკურ სტილში შეძლო იმ მატჩის გადარჩენა, რის შემდეგაც სერია თავის სასარგებლოდ დაასრულა და ჩემპიონი გახდა.

თურმე ასეთი რამ ერთხელ არ ხდება. გუშინ "მაიამი" იგებდა საფინალო სირენამდე ექვსი წუთით ადრე 15 ქულის სხვაობით და... წააგო, რითაც მეტოქეს საკუთარი მოედნის უპირატესობა გადააბარა. რა თქმა უნდა, ჯერ შეუძლებელია იმის თქმა, როგორ დასრულდება ეს სერია, მაგრამ 2006 წლის ფინალთან გარკვეული პარალელები უკვე გამოიკვეთა.

შეხვედრის დასაწყისი ძალიან ჰგავდა პირველი მატჩის სტარტს, როცა გუნდები აშკარად დაცვით თამაშს ანიჭებდნენ უპირატესობას. თუმცა პირველი 12-წუთეულის შუა ნაწილში სტუმრების მცირე უპირატესობა გამოიკვეთა - "დალასმა" სტივენსონისა და კიდის ორი შორეული ტყორცნით ექვსქულიანი ჰანდიკაპი მიიღო. "ჰიტმა" ძალიან სწრაფად უპასუხა: "დიდმა ტრიომ" 7:0 სპურტი "გამოაცხო" და "მავერიქსის" უპირატესობისგან არაფერი დარჩა. ლებრონ ჯეიმსმა აქცენტი სამქულიანებზე გადაიტანა და ბიბიმაც დროულად აუბა მხარი, რომელმაც ასევე ორჯერ გამოიჩინა თავი პერიმეტრიდან. "დალასის" რიგებში კარგად დაიწყო შეხვედრა სტივენსონმა, რომელიც პერსონალურად ძალიან ურთულებდა საქმეს უეიდს და შეტევასაც არ ივიწყებდა. გარდა ამისა, მასპინძლები ყოველთვის ვერ ახერხებდნენ ჩენდლერის დაკეტვას, თუმცა საერთო ჯამში, "მაიამის" სამწამიანში დაცვა არ დაეწუნებოდა - ეს რომ არა, "მავერიქსის" უპირატესობა უფრო დიდი იქნებოდა, რაც გამოჩნდა კიდეც მეორე მეოთხედში.

როგორც კი ლებრონი და ენტონი დასასვენებლად გავიდნენ, ბარეამ და სხვა რეზერვისტებმა მერიონისა და ნოვიცკის დახმარებით "ჰიტის" ტერორიზება დაიწყეს. ფლორიდელებს კი შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ - რამდენიმე აცილება და სამჯერ ბურთის დაკარგვა ექვსქულიან ჩამორჩენად დაუჯდათ. მართალია, უეიდმა ფაქტობრივად მარტომ შეძლო გამოეცოცხლებინა თავისი გუნდის თამაში, თუმცა "დალასი" მოპოვებული უპირატესობის დათმობას არ აპირებდა და მალე ისევ მძლავრად შეუტია. დირკი თავადაც ზუსტად ისროდა და თავისუფალ პარტნიორებსაც პოულობდა. შედეგად, "დალასის" ცხრაქულიანი უპირატესობა უკვე გამაღიზიანებელი იყო მასპინძლებისთვის.

"მაიამიმ" სიტუაციის გამოსწორება აგრესიული შეტევებით სცადა, რომლებიც ძირითადად საჯარიმო ტყორცნებით სრულდებოდა, დაცვა კი ისევ გაუვალ ბარიერს დაემსგავსა და მეორე მეოთხედი პირველი მსგავსად ფრედ დასრულდა. გუნდები დიდ შესვენებაზე ასეთი ანგარიშით გავიდნენ - 51:51.

მესამე მეოთხედი ტექსასელებისთვის საშინლად დაიწყო. ზედიზედ სამ შეცდომას უეიდისა და ჯეიმსის წყვილის სამი გაქცევა მოჰყვა და მასპინძლები ხუთი ქულით დაწინაურდნენ. პირველი ექვსნახევარი წუთის განმავლობაში სტუმრებმა მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდეს თამაშიდან და როგორც ჩანდა, "ჰიტმა" დიდი ხნით ჩაიგდო ხელთ ინიციატივა.

"დალასის" სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე უეიდმა საჯარიმოს ხაზიდან პირველად დააფიქსირა ორნიშნა უპირატესობა - 71:61. ხოლო უკანასკნელი მეოთხედის საწყისი წუთები სტუმრებისთვის სრულ კოშმარად იქცა. მნიშვნელოვანი მომენტი იყო უეიდის ზუსტი სამქულიანი საფინალო სირენამდე 6 წუთითა და 33 წამით ადრე. ამ მომენტისთვის ანგარიშში სხვაობა 15 ქულას შეადგენდა. შესაძლებელი იყო თუ არა ასეთ სიტუაციაში გადარჩენა? ამ პლეი ოფში მსგავსი რამ "დალასის" შესრულებით უკვე ვნახეთ, ოღონდ "ოკლაჰომასთან" სერიაში, ეს გუნდი კი, დურანტისადმი პატივისცემის მიუხედავად, "მაიამის" კლასში აშკარად ჩამოუვარდება. ფლორიდელებთან ნებისმიერი ქულის მოპოვებას დიდი მონდომება სჭირდება.

მაგრამ სასწაული ამჯერადაც მოხდა. საფინალო სირენამდე 2 წუთითა და 44 წამით ადრე ნოვიცკიმ ურთულესი საშუალო ტყორცნა ჩააგდო - 88:90. 57 წამით ადრე, მასპინძლების ძალიან გრძელი, მეტოქის ფარზე ორმოხსნიანი შეტევის შემდეგ მანვე ანგარიში გაათანაბრა - 90:90. ეს იყო დალასელთა 17:2 სპურტის დასასრული.

გაოგნებულმა სპოელსტრამ ტაიმ-აუტი მოითხოვა, მაგრამ რაიმეს შეცვლა უკვე ძალიან რთული იყო. ამ პაუზიდან პირველივე შეტევაში მთელი საღამო ბრწყინვალედ მოთამაშე უეიდმა სამქულიანის სროლა გადაწყვიტა და ააცილა. საპასუხო შეტევაში "დალასმა" იგივე გააკეთა, ოღონდ ეს ცდა ზუსტი იყო. რა თქმა უნდა, ტყორნცის ავტორი ნოვიცკი გახლდათ. სათამაშო რჩებოდა 26,7 წამი. "მაიამიმ" ისევ ტაიმ-აუტი აიღო.

ფლორიდელებს ანგარიშის გასათანაბრებლად სულ რაღაც ორი წამი დასჭირდათ. ლებრონმა გრძელი პასით მოედნის კუთხეში მონახა რატომღაც ყველასგან მიტოვებული ჩელმერსი, რომელმაც გუნდი არ დააღალატა - 93:93.

"დალასს" ზუსტად ერთი შეტევისთვის ჰქონდა დრო. სტუმრებს ოვერტაიმი თითქმის ჯიბეში ედოთ, თან მატჩის მოგების კარგი შანსიც არსებობდა. ტექსასელებს ბოლო წამებზე უნდა ესროლათ, რადგან "მაიამის" ტაიმ-აუტი აღარ ჰქონდა და ეს მასპინძელთა მდგომარეობას ამძიმებდა.

კიდმა დიდხანს ატარა ბურთი, შემდეგ გააკეთა ის, რასაც ყველა ელოდა: ბურთი ნოვიცკის გადააწოდა. ფარისკენ ზურგით მდგარმა გერმანელთა რამდენიმე მოძრაობა გააკეთა, შემდეგ მკეთრად შებრუნდა, ბოშს გაუსწორდა და ფარქვეშიდან ჩააგდო. სწორედ იმ ტრავმირებული მარცხენა ხელით, რომელზეც მატჩის წინ ამდენი ლაპარაკი იყო.

სათამაშო რჩებოდა 3,6 წამი და ჯეიმსმა და უეიდმა მაინც მიიყვანეს საქმე პოტენციურ გამარჯვების ტყორცნამდე, მაგრამ დუეინის ათი მეტრიდან შესრულებული სამქულიანი კალათში არ ჩავარდა.

მაიამი-დალასი 93:95
28:28, 23:23, 24:20, 18:24
მ: უეიდი (36+6 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯეიმსი (20+8 მოხსნა+4 პასი+4 ჩაჭრა+2 დაფარება), ბიბი (14+4 ჩაჭრა), ბოში (12+8 მოხსნა), ჩელმერსი (9+3 პასი), ჰასლემი (2), ენტონი (0+3 დაფარება), მილერი.
დ: ნოვიცკი (24+11 მოხსნა+4 პასი), მერიონი (20+8 მოხსნა+3 პასი), ტერი (16+5 პასი), ჩენდლერი (13+7 მოხსნა), სტივენსონი (9+3 ჩაჭრა), კიდი (6+8 მოხსნა+5 პასი), ბარეა (5), ჰეივუდი (2), სტოიაკოვიჩი, კარდინალი.
სერია: 1-1

სტატისტიკა
ტყორცნები თამაშიდან: 34/73 (46,6) - 36/75 (48,0)
სამქულიანები: 9/30 (27,0) - 6/17 (35,3)
საჯარიმოები: 16/24 (66,7) - 17/21 (81,0)
მოხსნები (შეტევაში-სულ): 6/30 - 11/41
პასები: 13-18
შეცდომები: 12-18
ჩაჭრები: 15-8
დაფარებები: 7-2
ყველაზე დიდი სხვაობა: 15-9
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული