მოემზადეთ: სეზონი შეიძლება არ იყოს

AutoSharing Option
უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობისა და NBA-ის მოთამაშეთა პროფკავშირის მოლაპარაკებათა გადამწყვეტი რაუნდი. თუ მხარეები კომპრომისამდე ვერ მივლენ, სავსებით შესაძლებელია, პირველი ივლისიდან მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში ლოკაუტი გამოცხადდეს.

რა მოხდა 13 წლის წინ
ბოლოს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ლოკაუტი 1998 წელს დაიწყო და 1999 წლის იანვრამდე გაგრძელდა. ამის გამო რეგულარული ჩემპიონატი 82-დან 50-მატჩამდე (თითო გუნდისთვის) შემცირდა, ხოლო ლიგის კალათბურთელებს მონაწილეობა არ მიუღიათ საბერძნეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში.
მოკლედ, 1998 წელს NBA ნახევარი წლით დაიხურა და ამის სრული საფუძველი არსებობდა. ხელფასების ზრდა
კონტროლიდან გამოვიდა, კლუბები თავიანთი მოგების 57 პროცენტს მოთამაშეთა ჰონორარებზე ხარჯავდნენ და გუნდების ნახევარზე მეტი ზარალში იყო. ლიგა მოითხოვდა ზოგიერთი წესის გაუქმებას, რომლებიც კლუბებს სახელფასო ლიმიტისთვის გვერდის ავლის საშუალებას აძლევდა, კალათბურთელები კი, რა თქა უნდა, ამის წინააღმდეგნი იყვნენ. ამ ფუნდამენტალური პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე თვე გახდა საჭირო.

საბოლოოდ, ორივე მხარემ პრესისა და გულშემატკივრების სიძულვილი დაიმსახურა. ჩემპიონატის განახლების შემდეგაც კი მატჩებზე დასწრება და ტელერეიტინგები საგრძნობლად დაეცა და ასე გრძელდებოდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ამით შეშინებულმა მოთამაშეებმა და კლუბების მფლობელებმა 2005 წელს სწრაფად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოაწერეს ხელი ახალ ექვსწლიან კოლექტიურ ხელშეკრულებას, სწორედ იმას, რომელსაც ოთხი კვირის შემდეგ გასდის ვადა.

რისთვის იბრძვიან?
1998 წლის ლოკაუტი კლუბების მფლობელთა მცირე ტაქტიკური გამარჯვებით დასრულდა. ინდივიდუალური ხელფასის მაქსიმუმი წელიწადში ცხრიდან 14 მილიონ დოლარამდე შემოიფარგლა და ის დამოკიდებული იყო ლიგაში გამოსვლის სტაჟზე. ხოლო იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც პირველი სამი წელი გამოდიოდნენ NBA-ში, კიდევ უფრო მკაცრი ლიმიტი დააწესეს. მაგრამ მაშინ NBA-მ ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს. საქმე ეხება "ლარი ბერდის წესის" გაუქმებას ან მოდიფიკაციას.

ეს წესი კლუბებს სახელფასო ლიმიტიდან გასვლისა და იმ კალათბურთელებთან ახალი კონტრაქტების დადების საშუალებას აძლევს, რომლებსაც ლიგაში მინიმუმ სამი სეზონი აქვთ ნათამაშები. ამით საუკეთესო გუნდები დიდი ხნით ინარჩუნებდნენ თავიანთ შემადგენლობებში ვარსკვლავურ ბირთვს და უხანგრძლივებდნენ ცხოვრებას საჩემპიონო "დინასტიებს". მაგრამ ლეგენდარულ მოთამაშეთა კონტრაქტები, რომლებიც "ბერდის წესს" ექვემდებარებოდნენ, კლუბებს უდიდეს თანხებად უჯდებოდათ და გუნდებისთვის დაწესებულ სახელფასო ლიმიტს სრულ ფორმალობად აქცევდა. 1998 წელს კლუბების მფლობელებმა კანონმდებლობაში არსებული ეს ხვრელი ვერ ამოავსეს და ახლა მეორე ცდაზე მიდიან. თუმცა ბრძოლა მხოლოდ ამისთვის არ მიდის. ლიგასა და მოთამაშეთა პროფკავშირს შორის მომავალი ომი რამდენიმე მიმართულებით განვითარდება.

პირველი საკითხი: ხელფასების მკაცრი ლიმიტი, როგორც ეს ჰოკეის ეროვნულ ლიგაშია მიღებული. NBA-ში "ლარი ბერდის წესის" გარდა კიდევ უამრავი პირობა და გამონაკლისი არსებობს, რომელიც კლუბებს მოქმედი ლიმიტის გადამეტების საშუალებას აძლევს. ლიგა ყველა ამ წესის გაუქმებას აპირებს. პროფკავშირი იმუქრება, რომ სახელფასო ლიმიტში არსებული ყველა ხვრელის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. აქ ყველაზე სავარაუდო შედეგია - კომპრომისი: გაუქმდეს რამდენიმე, მაგრამ ყველა არა.

მეორე საკითხი: "ლარი ბერდის წესი". ყველაზე ფართო ხვრელი და NBA-მ შესანიშნავად იცის, რომ მისი გაუქმება შეუძლებელი იქნება, რადგან ლიგას თავადაც აწყობს, რომ კლუბებმა შეინარჩუნონ თავიანთი სუპერვარსკვლავები. მაგრამ ასოციაციის კომისარი დევიდ სტერნი და კლუბების მფლობელები იბრძოლებენ ამ წესის რეფორმისთვის.

მესამე საკითხი: მოგების გაყოფა. სისტემა, რომელიც მდიდარ კლუბებს ღარიბებისთვის მოგების გაყოფას აიძულებს, სპორტის სხვა სახეობებში არსებობს. იმავე ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) შემოსავლიანი კლუბები თავიანთი მოგებიდან გარკვეულ თანხას რიცხავენ საერთო სალაროში, საიდანაც ეს ფული "საბიუჯეტო" გუნდებში ნაწილდება. ამერიკული ფეხბურთის ლიგაში (NFL) საერთოდ კომუნიზმს მიაღწიეს: ყველა გუნდი საერთო შემოსავალს თანაბრად ინაწილებს. NBA-ში კი საერთო სალაროში მხოლოდ 54 მილიონი დოლარი შედის, რაც ძალიან ცოტაა.

მეოთხე საკითხი: გარანტირებული კონტრაქტები. აქ მოქმედებს წესი, რომელიც NHL-შია დამკვიდრებული - გუნდს, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა სპორტსმენთან, არ აქვს ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების უფლება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთამაშე არ იმსახურებს იმ ფულს, რომელსაც ხელშეკრულების მიხედვით იღებს (იდეალური მაგალითია - ედი კარი, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და სანაცვლოდ 31 (!) მილიონი დოლარი მიიღო). კლუბების მფლობელებს სურთ გადმოიღონ NFL-ში დამკვიდრებული სისტემა, სადაც მოკლე კონტრაქტები მოქმედებს, მათი გაუქმება შესაძლებელია და როგორც წესი, გათვალისწინებულია უამრავი ბონუსი ინდივიდუალური თუ გუნდური წარმატებისთვის. მოთამაშეები ამას არ დათანხმდებიან.

მეხუთე საკითხი: მოქმედი კონტრაქტების შეკვეცა. NHL-ში ლოკაუტის შემდეგ ყველა მოთამაშის ხელფასი ერთი მეოთხედით შემცირდა. სტერნი დღეს კიდევ უფრო რადიკალურ რიცხვს ასახელებს - 40 პროცენტი. ძნელი წარმოსადგენია, რომ ლიგის ხელმძღვანელობამ ამაზე მოთამაშეები დაითანხმოს, მაგრამ კალათბურთელებსაც მოუწევთ ოდნავ უკან დახევა.

რა იქნება შემდეგ?
NBA-ის მიერ 1998 წელს მოპოვებული ტაქტიკური გამარჯვება სტრატეგიულ მარცხში გადაიზარდა. მოთამაშეთა ხელფასები ისევ გამოვიდა კონტროლიდან და 2005 წლიდან მოყოლებული, ლიგამ დაახლოებით მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი ნახა (სტერნის ინფორმაცია). თუმცა პროფკავშირის შეფი ბილი ჰანტერი საპასუხოდ ამბობს, რომ ლიგას საწუწუნო არაფერი აქვს. წინა სეზონში მან სარეკორდო მოგება ნახა, რამაც, თავის მხრივ, ხელფასების ზრდა გამოიწვია. რა პრობლემებზე უნდა იყოს ლაპარაკი, როცა ლებრონ ჯეიმსის სატრანსფერო ისტორია გასული ზაფხულის მთავარი სპორტული მოვლენა გახდა?!

ჰანტერი იმასაც სწორად აღნიშნავს, რომ კლუბების მფლობელები ფულის განიავებაში თავად არიან დამნაშავენი. სულელები ხომ არ არიან, საკუთარი თავისგან დაცვა რომ სჭირდებოდეთ?

თითქოს ლოგიკური ნათქვამია, მაგრამ ჰანტერის სიტყვებზე პასუხი მარტივად ჟღერს: დიახ, სულელები არიან და დაცვა მართლაც სჭირდებათ. ამის მაგალითია იგივე ლებრონი და მისი "მაიამი ჰიტი". პროფკავშირი ჰოკეის ეროვნულ ლიგაშიც არსებობს და იქაც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე მსგავსი განცხადებებით გამოდის, მაგრამ ის სასტიკად დაამარცხეს კლუბების მფლობელებმა და სტერნის კოლეგამ - NHL-ის კომისარმა გერი ბეტმენმა.

ხელფასების შემცირება, მკაცრი საბიუჯეტო ლიმიტი და გარანტირებული კონტრაქტები - უმნიშვნელოვანესი საკითხებია, ოღონდ მხოლოდ ფინანსური. მათი გადაწყვეტა ელემენტარული ვაჭრობით შეიძლება. ვიღაც მაგრად დადგება, ვიღაც დათმობს და ბოლოს ხელს ჩამოართმევენ ერთმანეთს. მაგრამ არსებობს პრობლემის სპორტული მხარე. სტერნი და კომპანია შეწუხებულნი არიან იმით, რომ ლიგა თანდათან ემსგავსება ევროპულ საფეხბურთო ჩემპიონატებს. თუ NHL-სა და NFL-ში ნებისმიერ აუთსაიდერს შეუძლია ორ-სამ წელიწადში ჩემპიონობისთვის იბრძოლოს, ხოლო ნებისმიერი ჩემპიონი ქვემოთ დაეშვას, NBA-ში ყველაფერი საკმაოდ სტატიკურადაა: "ბოსტონი" და "ლეიკერსი" მუდმივად ავანგარდში, "ტორონტო" და "კლიპერსი" - მუდმივად აუთსაიდერებში, "ატლანტა", "მინესოტა" და "ინდიანა" - სტაბილურად საშუალო დონის გუნდები.

რა თქმა უნდა, ფლაგმანი კლუბების არსებობა მომგებიანია ლიგისთვის. "ლეიკერსი" და "ბოსტონი" მაღალი ტელერეიტინგის გარანტიაა, ხოლო დღევანდელმა "მაიამიმ" საერთოდ ისტერიკამდე მიიყვანა მასმედია. სამაგიეროდ, "ინდიანა" დღეს ბოლო ადგილზეა დასწრების მხრივ, არადა, ეს გუნდი იმ შტატიდანაა, სადაც კალათბურთი - რელიგიასავითაა. სპორტის ამ სახეობაში გათვითცნობიერებულ ფანებს მობეზრდათ საცოდავი სანახაობა, რომელსაც წლიდან წლამდე აჩვენებს "პეისერსი". ინტერესის კლება იწვევს ადგილობრივ ტელევიზიებში რეიტინგის დაცემას და სასპონსორო შემოსავლების კლებას. ისეთი კლუბები, რომლებიც "პერმანენტული რეანიმაციის" მდგომარეობაში არიან და არასოდეს აცხადებენ პრეტენზიას საჩემპიონო ტიტულზე, დღევანდელ NBA-ში ათზე მეტია.
ლაპარაკია ლიგის მრავალწლიან ჯანმრთელობაზე. "ლებრონომანიისა" და "სელტიქსი"-"ლეიკერსის" მაღალრეიტინგიანი ფინალების მიუხედავად, NBA-ს დღეს ძალიან უჭირს. ჯანმრთელ ლიგებში ყოველ ორ-სამ წელიწადში გუნდები ერთი ქალაქიდან მეორეში არ მოგზაურობენ, NBA-ში კი მომავალ წელს ორი ასეთი გადასვლა იგეგმება - "ნიუ ჯერსი" და "საკრამენტო" შეიცვლიან ადგილმდებარეობას. სხვანაირად როგორ უნდა შეიცვალოს სიტუაცია, თუ არ შემოიღებენ ხელფასების მკაცრ ლიმიტსა და შემოსავლების სამართლიან განაწილებას?

სწორედ ამის გამო დაუპირისპირდებიან ერთმანეთს სტერნი და ჰანტერი. თუ სტერნი თავისი ყოფილი მოსწავლისგან - ბეტმენისგან აიღებს მაგალითს და ბოლომდე არ დაიხევს უკან, ლოკაუტი პირველ ივლისს დაიწყება და შეიძლება იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე ეს 13 წლის წინ იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული