ჯორდანი ისევ ჩემპიონობაზე ფიქრობს

AutoSharing Option
"შარლოტ ბობკეტსის" მფლობელი, ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი მომავალი სეზონისთვის თავისი გუნდის სერიოზულ პროგრესს ელოდება. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ დრაფტზე "ბობკეტსს" მეცხრე და მე-19 ნომრების არჩევის უფლება აქვს.

"ყველაფერი დეტალურად უნდა განვიხილოთ. "შარლოტი" უნდა გახდეს კლუბი, რომელიც ყოველ წელს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. 2010 წელს პლეი ოფში გავედით, რაც კარგი შედეგია, მაგრამ გულშემატკივრები მეტს იმსახურებენ", - აცხადებს ჯორდანი.

კლუბის მფლობელს ეთანხმება "შარლოტის" ამჟამინდელი მწვრთნელი პოლ სილასი: "თუ შედეგების მხრივ სერიოზულ პროგრესზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, გუნდს ვარსკვლავური სტატუსის მოთამაშე სჭირდება. ვფიქრობ, დრაფტზე შევძლებთ ორი
კარგი კალათბურთელის აყვანას".

ამასობაში, სილასი, შესაძლოა, თავისი ერთ-ერთი ასისტენტის გარეშე დარჩეს. მწვრთნელის კარიერის დასრულებას აპირებს წარსულში ცნობილი კალათბურთელი ჩარლზ ოუკლი. საქმე ისაა, რომ ამ სპეციალისტმა გასული წლის მაისში სერიოზული დაზიანებები მიიღო ლას ვეგასში, როცა ერთ-ერთი სასტუმროს ორი მცველი დაესხა თავს.

ამ ინციდენტმა ზურგის არეში ნერვი დააზიანა, რაც მუდმივი ტკივილების პროვოცირებას იწვევს. ამის გამო ოუკლიმ წლევანდელ სეზონში 13 მატჩი გამოტოვა. უახლოეს დღეებში გადაწყდება, სჭირდება თუ არა "შარლოტის" მწვრთნელს ოპერაცია. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ვინც შეცვლის "ბობკეტსის" სამწვრთნელო შტაბში ოუკლის.

ნიქსი პრეზიდენტის გარეშეა
"ნიუ იორკ ნიქსის" ხელმძღვანელობაში დიდი ცვლილებებია. კლუბი ახალი გენერალური მენეჯერისა და პრეზიდენტის ძებნას იწყებს. ნიუიორკული კლუბის მფლობელმა ჯეიმს დოლანმა შაბათს გამოაცხადა, რომ დონი უოლში აღარ მუშაობს გენერალური მენეჯერისა და პრეზიდენტის თანამდებობაზე.

"დონი უოლშთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ ერთობლივ გადაწყვეტილებამდე მივედით - ის დატოვებს ორივე თანამდებობას.

ჩვენ მადლობას ვუხდით მათ გაწეული შრომისთვის, რამაც "ნიქსი" ახალ დონეზე აიყვანა", - განაცხადა დოლანმა.
მომავალ სეზონში უოლშის მოვალეობა მხოლოდ "ნიქსის" კონსულტანტობა იქნება.

რაც შეეხება "ნიუ იორკის" მთავარ მწვრთნელ მაიკ დ'ანტონის, უოლშის წასვლის მიუხედავად, ის არ აპირებს პოსტის დატოვებას და მომავალ სეზონშიც უნდა "ნიქსის" გაწვრთნა. ეს ინფორმაცია მწვრთნელის აგენტმა დაადასტურა.

"მაიკს კლუბთან მომავალი თანამშრომლობის იმედი აქვს. მან სამი კარგი სეზონი ჩაატარა "ნიქსში", ამიტომაც არ წავა პოსტიდან თუ გუნდის ხელმძღვანელობამ თავად არ მოისურვა კონტრაქტის გაუქმება", - ამბობს დ'ენტონის აგენტი.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონი ბოლო იქნება ამ სპეციალისტისთვის "ნიქსში". გასული სეზონში მისმა ხელფასმა 6 მილიონი დოლარი შეადგინა.

შაკი მწვრთნელობას არ აპირებს
კალათბურთიდან წასვლის შემდეგ ლეგენდარული ცენტრი შაკილ ო'ნილი პრესის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.

პირველ რიგში, შაკმა მადლობა გადაუხადა "ლეიკერსის" ხელმძღვანელობას, რომელმაც გადაწყვიტა კლუბის არენის - Staples Center-ის თაღზე ო'ნილის 34-ნომრიანი მაისურა დაკიდოს.

"მადლობელი ვარ "ლეიკერსის" იმისთვის, რომ მათ ჯერ კიდევ ახსოვთ ჩემი თამაში", - განაცხადა ო'ნილმა.
ჟურნალისტებმა ხელიდან არ გაუშვეს შემთხვევა და დაინტერესდნენ შაკის მომავლით, კერძოდ, რამდენად შესაძლებელია მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად მუშაობა.

"არავითარ შემთხვევაში. თუ საქმე მექნა ისეთ მოთამაშეებთან, როგორიც მე ვიყავი, ნამდვილად არაფერი გამომივა", - იხუმრა "დიზელმა".

ცენტრმა განაცხადა, რომ აქილევსის მყესზე ოპერაციის გაკეთება მოუწევს, რის შემდეგაც საზოგადოებრივ საქმიანობას დაუბრუნდება.

ო'ნილი ამბობს, რომ ის კარგ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყოს, რადგან მომავალში კინოში მოღვაწეობას აპირებს, გააგრძელებს სიმღერების ჩაწერას, ბიზნესს წარმართავს და ქველმოქმედებას მიხედავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული