სტატისტიკით "მაიამი" ჩემპიონია

AutoSharing Option
მცირეხნიანი შესვენების შემდეგ განახლდა "დალასისა" და მაიამის" ფინალური სერია. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, 1985 წლიდან მოყოლებული, როცა ფინალის ჩატარების სისტემა 2-3-2-ზე გადავიდა, 11-ჯერ იქნა დაფიქსირებული ანგარიში - 1:1. და ყოველთვის, მესამე მატჩის მომგები გუნდი საბოლოოდ ჩემპიონი ხდებოდა. შესაბამისად, გუშინდელი მატჩის მნიშვნელობაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.

მატჩის წინ "დალასს" საკადრო პრობლემები შეექმნა. ბრენდონ ჰეივუდმა ვერ მოასწრო ბარძაყის ტრავმის მკურნალობა, რომელიც მან მეორე შეხვედრაში მიიღო, რის გამოც განაცხადში მისი ადგილი ფრანგმა იან მაინმიმ დაიკავა. სხვა მხრივ, გუნდები სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ მატჩს.

შეხვედრის პირველი წუთები
თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ მეოთხედის შუა ნაწილისთვის "დალასმა" ნელ-ნელა წინა გასვლა დაიწყო. კიდისა და სტივენსონის სამქულიანებმა მასპინძლებს მინიმალური უპირატესობა მოუტანეს. თუმცა "ჰიტი" არ დაბნეულა და აგრძელებდა თავისი საფირმო თამაშის ჩვენებას. დროული ტაიმ-აუტის აღების შემდეგ ერიკ სპოელსტრამ საჭირო კორექტივები შეიტანა გუნდის თამაშში და შედეგიც მალე მიიღო. შესანიშნავი გუნდური კალათბურთის წყალობით ფლორიდელებმა არათუ გაათანაბრეს ანგარიში, არამედ წინ გასვლაც მოახერხეს.

ეს ყველაფერი "მაიამის" "დიდი ტრიოს" შეტევაში კარგი თამაშის ფონზე მიმდინარეობდა. "ჰიტის" ვარსკვლავებმა სწორი დასკვნები გააკეთეს მეორე მატჩის შემდეგ და მეტი ყურადღება ფარქვეშ შესვლებს დაუთმეს. საბოლოოდ, სტუმრებმა ბრწყინვალე სპურტი განახორციელეს - 14:4. "მაიამიმ" შვიდქულიანი უპირატესობა მიიღო.

მეორე მეოთხედში ორივე გუნდს ჰქონდა აღმაფრენისა და ჩავარდნის მომენტები. მაყურებელმა ორივე მხრიდან უამრავი გაქცევა იხილა, რითაც ტრიბუნები სხვადასხვაგვარ ემოციებს გამოხატავდნენ. ყველაფერი დირკ ნოვიცკის შესანიშნავი თამაშით დაიწყო, რომლის წყალობითაც ტექსასელებმა ოდნავ შეამცირეს ჩამორჩენა. თუმცა სტუმრების პასუხი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო. ამის მიზეზი გახდა "დალასის" რეზერვისტთა საშინელი თამაში ხუან-ხოსე ბარეას მეთაურობით. პუერტორიკოელი ჯერჯერობით ძალიან სუსტად გამოიყურება ამ სერიაში, არადა, "მავერიქსში" მისი დიდი იმედი ჰქონდათ.

უეიდმა და ლებრონმა კარგად შეირგეს მასპინძლების მიერ ბოძებული საჩუქრები. დიდ შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტუმრების უპირატესობა უკვე 14 ქულას შეადგენდა, თუმცა წინა მატჩის პერიპეტიების გახსენებისას გამარჯვებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევი იყო. ახლაც, ფლორიდელებმა ოდნავ მოადუნეს ყურადღება, საპასუხო სპურტი მიიღეს და გასახდელში მხოლოდ ხუთქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისი პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა. ფლორიდელები ისევ გაიქცნენ, "მავერიქსი" კი მუდმივად ჩამორჩენის გაბათილების მცდელობაში იყო. უნდა ითქვას, რომ გუშინ "მაიამის" ძალიან დაეხმარა მარიო ჩელმერსი. გამთამაშებელი თავისი სამქულიანებით მოსვენებას არ აძლევდა ტექსასელებს და წყალში ყრიდა იმ შრომას, რასაც მასპინძლები მოედანზე ეწეოდნენ. მიუხედავად ამისა, "დალასს" ძალიან გაუმართლა იმით, რომ მესამე მეოთხედის შუაში "ჰიტმა" ამოწურა გუნდური პერსონალურების ლიმიტი. ასე რომ, სტუმრების ყველა დარღევა საჯარიმოს სროლით აღინიშნებოდა. ამის წყალობით კარლაილის გუნდმა ბოლო მეოთხედის წინ თითქმის გაათანაბრა ანგარიში.

მეოთხე მეოთხედის პირველი წუთებიდანვე ცხადი გახდა, რომ მატჩს დაძაბული ფინალი ექნებოდა. მოედანზე ისეთი ნერვული სიტუაცია იყო, ყოველი შეტევა გადამწყვეტი გეგონებოდათ. მთელი ამ დროის განმავლობაში "ჰიტი" ცდილობდა ახლოს არ მოეშვა "მავერიქსი", რომელიც, თავის მხრივ, დანებებას არ აპირებდა. ბოლო წუთები ნოვიცკისა და დუეინ უეიდის პირად დაპირისპირებად იქცა. დასკვნით ნაწილში საკუთარი გუნდების ქულათა თითქმის ასი პროცენტი მათ თავიანთ ანგარიშზე მიითვალეს.

საფინალო სირენამდე 39 წამით ადრე "ჰიტმა" კარგად გაიყვანა სასროლ პოზიციაზე კრის ბოში, რომელმაც საშუალო მანძილიდან აიღო ორი ქულა - 86:88. საპასუხო შეტევაში ნოვიცკიმ ვერ გადაწყვიტა - თავად ესროლა თუ პასი გადაეწოდებინა და საბოლოოდ, ბურთი დაკარგა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებს მაინც რჩებოდათ შანსი - მთავარი იყო კარგი დაცვა. "დალასმა" მაინც ვერ გააკონტროლა პერიმეტრი, საიდანაც ლებრონმა პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე ისროლა, მაგრამ "მავერიქსისთვის" საბედნიეროდ - ააცილა. ბურთი ნოვიცკიმ მოხსნა.

ბუნებრივია, რიკ კარლაილმა ტაიმაუტი აიღო. "დალასს" შეხვედრის გადასარჩენად კიდევ 4.4 წამი რჩებოდა, თუმცა ამით ტექსასელებმა ვერ ისარგებლეს. ჰასლემთან ერთი ერთზე დარჩენილმა ნოვიცკიმ მორიგი რთული ტყორცნა შეასრულა, მაგრამ ამჯერად არაზუსტად.

"მაიამიმ" დაიბრუნა საკუთარი მოედნის უპირატესობა და ახლა, "დალასს" უბრალოდ აღარ აქვს წაფორხილების უფლება. საკუთარ კედლებში დარჩენილ ორ მატჩში თუნდაც ერთი წაგება ამ გუნდს თითქმის არ დაუტოვებს სერიის მოგების შანსს.

დალასი-მაიამი 86:88
22:29, 20:18, 22:20, 22:21
დ: ნოვიცკი (34+11 მოხსნა+3 დაფარება), ტერი (15), მერიონი (10+3 პასი), კიდი (9+10 პასი+6 მოხსნა), ბარეა (6), ჩენდლერი (5+11 მოხსნა+3 დაფარება), სტივენსონი (3), სტოიაკოვიჩი (2), მაინმი (2), კარდინალი.
მ: უეიდი (29+11 მოხსნა+3 პასი), ბოში (18), ჯეიმსი (17+9 პასი), ჩელმერსი (12), ჰასლემი (6), ბიბი (3), ენტონი (2+6 მოხსნა+2 დაფარება), ჰოვარდი, მილერი.
სერია: 1-2
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული