დირკს დასცინიან

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეექვსე მატჩის გამართვამდე გუნდების ლიდერებმა სხვადასხვა ხერხით სცადეს ერთმანეთის წყობიდან გამოყვანა.

მოგეხსენებთ, რომ სერიის მეოთხე შეხვედრაში დირკ ნოვიცკი 38-გრადუსიანი სიცხით გავიდა მოედანზე და 21 ქულა დააგროვა. "დალასმა" მოიგო ის შეხვედრა, დირკმა კი ბოლოში უმნიშვნელოვანესი ორი ქულა მოიპოვა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სიცხიანი გერმანელი მუდმივად მაისურს იფარებდა პირზე და ახველებდა. სწორედ ეს ფაქტი აქციეს დაცინვის საგნად "მაიამის" ლიდერებმა - ლებრონ ჯეიმსმა და დუეინ უეიდმა.

ტელეარხ CBS-ის კამერის წინ უეიდი მაისურს იფარებდა პირზე და ძალით ახველებდა -
ამით ის გერმანელს აჯავრებდა. "ვაიმე, გესმით ჩემი ხველება? მე მგონი ავად ვარ", - სიცილით მიმართავდა დუეინი ლებრონს.

ამ "ხუმრობაზე" გერმანელმა ვარსკვლავმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "ბავშვური გართობაა. როგორც ჩანს, ისინი არასაკმარისად არიან ინფორმირებულები".

მოგვიანებით უეიდმა განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარებოდა ნოვიცკის ავადმყოფობაში, უბრალოდ, გერმანელის საქციელი პრესკონფერენციაზე გადამეტებული ეჩვენა.

"მე მას პატივს ვცემ, როგორც ერთ-ერთ უდიადეს მოთამაშეს. უბრალოდ, ყველა რაღაც ტრავმით გავდივართ მოედანზე, ამიტომაც არ ღირს ასეთი წვრილმანების გამო მთელი ისტორიის შეთხზვა. თუ მოედანზე გახვედი - უნდა ითამაშო. არანაირი გამართლება არ არსებობს - აქ ყველა ერთნი ვართ", - განაცხადა უეიდმა.

ლებრონ ჯეიმსმა კი აღნიშნა, რომ დუეინის ხველება ნამდვილი იყო და მან მხოლოდ იმის გამო იხუმრა, რომ იქვე კამერა დაინახა. მაიამელმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ამ ვიდეოს დროს ნოვიცკის გვარი არცერთხელ არ იყო ნახსენები.

* * *
ისე კი დირკს ლებრონის დასაცინი არაფერი სჭირს. ჯეიმსი ბოლო მატჩებს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უშინაარსოდ ატარებს. განსაკუთრებით ეს შესამჩნევი იყო ბოლო შეხვედრის მეოთხე მეოთხედში, რომელშიც "მეფემ" ორი ქულა დააგროვა.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს ჯეიმსის სუსტი თამაშის მიზეზი. მეხუთე მატჩის მსვლელობისას კამერამ დააფიქსირა "დალასის" ფორვარდი შონ მერიონი, რომელიც ლებრონისგან იცავდა თავს და მუდმივად რაღაცას ელაპარაკებოდა "მაიამის" ლიდერს. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ "ბინძურ საუბრებს" "მეფე" წყობიდან გამოყავს.

"ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არც კალათბურთელები არიან გამონაკლისები. მაგალითად, კობის მოსწონს თამაშის დროს ასეთი "საუბრები", ლებრონს, როგორც ჩანს, ეს აღიზიანებს. ბრაიანტისგან განსხვავებით, მას სხვანაირად აქვს მოწყობილი ტვინი", - ასეთი კომენტარი გაუკეთა პრესის ვარაუდს "დალასის" მოთამაშემ დეშოუნ სტივენსონმა.


* * *
ამასობაში, ფინალურ სერიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაციაც გავრცელდა. მეხუთე მატჩის შემდეგ "დალას მავერიქსის" გასახდელში შენიშნეს "ნიუ ჯერსი ნეტსის" ვარსკვლავი გამთამაშებელი დერონ უილიამსი, რომელმაც გამარჯვება მიულოცა დირკ ნოვიცკისა და კომპანიას. ამის გამო პრესაში უკვე დაიწყეს ლაპარაკი იმაზე - გადავა თუ არა "ნეტსთან" კონტრაქტის ამოწურვამდე დერონი "მავერიქსის" რიგებში.

შეგახსენებთ, რომ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის ხელშეკრულებას 2012 წლის ზაფხულში გასდის ვადა, თუმცა მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. თუ დერონმა "ნიუ ჯერსიში" დარჩენა მოინდომა, ამ პუნქტის მიხედვით 17.7 მილიონს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული