კიდი წასვლას არ ჩქარობს

AutoSharing Option
მავერიქსს დალასის გარდა კლივლენდიც ქომაგობდა
კარიერაში პირველი საჩემპიონო ტიტულის მოგების შემდეგ "დალას მავერიქსის" ვეტერანი ჯეისონ კიდი არ ჩქარობს დიდი სპორტიდან წასვლას. გამთამაშებლის თქმით, ის კიდევ 2-3 წელი დიდი სიამოვნებით ითამაშებს თავისი ამჟამინდელი კლუბის რიგებში.

"მზად ვარ გუნდთან ერთად მომავალი 2-3 წელი გავატარო, - ამბობს კიდი. - შემიძლია ვთქვა, რომ ძველებურად კარგად ვგრძნობ თავს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გაცილებით ახალგაზრდა პარტნიორებს, რომლებსაც კვლავინდებურად სჯერათ ჩემი შესაძლებლობების".

სავარაუდოდ, "დალასის" რიგებში დარჩება კერონ ბატლერიც, რომელმაც სეზონის მეორე ნაწილი და პლეი ოფი მძიმე
ტრავმის გამო გამოტოვა. მოთამაშემ მომავალ სეზონში ჩემპიონის რიგებში დარჩენის სურვილი გამოთქვა და თავად კლუბსაც სურს კონტრაქტი გააგრძელოს თავის ერთ-ერთ ლიდერთან.


* * *
დალასის მეტოქე ფინალში - "მაიამი ჰიტი" კი ახალი სეზონისთვის ხეირიანი ცენტრის გაფორმებას აპირებს. როგორც გაზეთ "მაიამი ჰერალდისთვის" გახდა ცნობილი, ფლორიდულ კლუბს "საკრამენტო კინგზის" ცენტრთან სამუელ დალემბერთან სურს კონტრაქტის გაფორმება. მალე ეს კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.

"მაიამიში" მიაჩნიათ, რომ დალემბერი ღირსეულად შეცვლის ერიკ დამპიეს, ჯამალ მაგლოირსა და ჟიდრუნას ილგაუსკასს, რომლებიც, სავარაუდოდ, სულ მალე დაასრულებენ კარიერას.

თუმცა "ჰიტის" ხელმძღვანელობა შიშობს, რომ ცენტრს სხვა კლუბში უფრო მაღალ ხელფასს შესთავაზებენ, ვიდრე ეს "მაიამის" შეუძლია.


* * *
დალასთან ერთად "მავერიქსის" ჩემპიონობა კლივლენდშიც იზეიმეს. მოგეხსენებათ, შარშანდელ ზაფხულამდე სწორედ ამ ქალაქის გუნდში გამოდიოდა რეგულარული ჩემპიონატის ორგზის MVP ლებრონ ჯეიმსი, სანამ საჩემპიონო ტიტულის ძიებაში მან "მაიამი ჰიტში" გადასვლა არ გადაწყვიტა.

"კლივლენდის" გაწბილებული გულშემატკივრებისთვის სუპერვარსკვლავი ნამდვილ მტრად იქცა. ფინალურ სერიაში მთელი კლივლენდი "დალასს" გულშემატკივრობდა. "კავალიერსის" მფლობელმა დენ გილბერტმა "ტვიტერის" სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცე გამარჯვება "დალასს", თან ლებრონ ჯეიმსსაც უკბინა ისე, რომ მისი გვარი არ უხსენებია: "მავერიქსს" არასოდეს მიუტოვებია გამარჯვებაზე ფიქრი და ახლა, ამ გუნდმა საჩემპიონო ბეჭდები მოიპოვა. ეს კარგი გაკვეთილია ყველასთვის: ჩემპიონობისკენ მოკლე გზა არ არსებობს. ასე არასოდეს ხდება".

კიდევ უფრო შორს წავიდა ოჰაიოს შტატის გუბერნატორი ჯონ კეისიკი - მან შესაბამისი ბრძანებით "დალასის" ყველა მოთამაშეს შტატის საპატიო მაცხოვრებლის სტატუსი მიანიჭა.


* * *
გუშინ ცნობილი გახდა, რომ "დალას მავერიქსის" მცველი დეშოუნ სტივენსონი ლას ვეგასის პოლიციამ დააკავა. სამშაბათს ღამით პოლიციაში დარეკა ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის ბინადარმა. მისი განცხადებით, ეზოში იმყოფებოდა კალათბურთელი, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და მაცხოვრებლებს ხმაურით აწუხებდა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ სტივენსონს კოორდინაციაზე ტესტის ჩატარება მოსთხოვა, რომელიც კალათბურთელმა ვერ გაიარა. ამის შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დალასელი 475 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული