დუიატ ჰოვარდი: ოდესღაც "მეჯიქს" გამხდარი მოვეჩვენე

AutoSharing Option
მსოფლიოს საუკეთესო ცენტრი, "ორლანდო მეჯიქის" ლიდერი დუაიტ ჰოვარდი ჟურნალ "სლემისთვის" მიცემულ ინტერვიუში ლაპარაკობს საკუთარ წარმატებებზე, თავის კარიერაში მეჯიქ ჯონსონის წვლილზე, ქველმოქმედებაზე, კალათბურთის როლზე მოზარდის ცხოვრებაში და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე.

- დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო ცენტრი ხართ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ფაქტი? ამის გამო ზეწოლას ხომ არ გრძნობთ?
- სულაც არა. ჩემი ამოცანაა - მუდმივი სრულყოფა და არ დავკმაყოფილდე მიღწეულით. დიახ, მე მსოფლიოს საუკეთესო ცენტრი ვარ. შესაბამისად, შემდეგი მიზანია - საუკეთესო მოთამაშის ტიტული . ამ სეზონში ახლოს ვიყავი ამასთან, პრეტენზიას ვაცხადებდი
MVP-ის ტიტულზე. არ დავმალავ, საზოგადოების აღიარება ბევრს ნიშნავს ჩემთვის. იმისთვის ვთამაშობ, რომ საუკეთესო ვიყო.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ NBA-ში გადასვლა მეჯიქ ჯონსონთან პირადი შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეთ...
- დიახ, ეს რეალური ისტორიაა. მაშინ ჯერ კიდევ სკოლის გუნდში ვთამაშობდი და შესანიშნავი სტატისტიკა მქონდა. მაგრამ ერთ-ერთი მატჩის შემდეგ მეჯიქმა მითხრა: "ბიჭუნა, ძალიან გამხდარი ხარ. NBA-სთვის ძალა არ გყოფნის". ამის შემდეგ უფრო დიდხანს ვრჩებოდი სატრენაჟორო დარბაზში. ახლა, როგორც ხედავთ, არც გამხდარი ვარ და არც სუსტი (211 სანტიმეტრი სიმაღლის ჰოვარდი 120 კილოგრამს იწონის).

- ვინ იყო ბავშვობაში თქვენი კერპი?
- მეჯიქ ჯონსონი და ბუნებრივია, მაიკლ ჯორდანი. ისინი მხოლოდ უდიადესი მოთამაშეები არ ყოფილან. მათ მთელი თაობების ცხოვრება შეცვალეს. ის, რასაც მოედანზე აკეთებდნენ, ნამდვილი გარღვევა იყო! მათ ღარიბი ოჯახებიდან გამოსულ ბიჭებს ცხოვრებაში დამკვიდრების შანსი მისცეს. თუ სერიოზულად იმუშავებ, აბსოლუტურად ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ჯორდანი და ჯონსონი - ნამდვილი მოტივატორები იყვნენ. ისინი ხალხს გმირობისკენ უბიძგებდნენ. და არა მხოლოდ კალათბურთში. მათი მაგალითი გვაიძულებდა მე და ჩემს თანატოლებს სწორად გვეცხოვრა: ყოველთვის გაღიმებული ვყოფილიყავით, იოლად გადაგვეტანა სირთულეები, არ მოგვეწყინა, ოპტიმიზმით შეგვეხედა მომავლისთვის. უმეტესწილად, მათი წყალობით მივაქციე უფრო მეტი ყურადღება ქველმოქმედებას. NBA-ის სხვა მოთამაშეებთან ერთად ვატარებთ მასტერკლასებს, სხვადასხვა სოციალურ აქციას. ვცდილობთ ავუხსნათ შემდეგ თაობას უბრალო, მაგრამ ფუნდამენტალური საკითხები. რწმენა, სიყვარული, ოპტიმიზმი...

- თქვენამდე ნომერ პირველ ცენტრად შაკილ ო'ნილი ითვლებოდა, რომელმაც ოფიციალურად დაასრულა კარიერა. რას ფიქრობთ მის გადაწყვეტილებაზე?
-რა თქმა უნდა, შაკი ძალიან დაგვაკლდება. ის ბრწყინვალე მოთამაშე და ადამიანია. უდიადესი კარიერა ჰქონდა. მრავალი წლის განმავლობაში რეალურად დომინირებდა ფარქვეშ ბრძოლაში. და ბევრი რამ გააკეთა NBA-ის პოპულარიზაციისთვის. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში შევძლებ მის ღირსეულად შეცვლას. და მივაღწევ იმ სიმაღლეებს, სადამდეც ის ავიდა. მაგრამ ამისთვის კოლოსალური შრომაა საჭირო - მე ეს კარგად მესმის.

- თავად იგონებთ თქვენს ფანტასტიკურ ჩატენვებს? თუ ვინმე გეხმარებათ?
- მხოლოდ მე თვითონ. საერთოდ იმპროვიზაცია მიყვარს. ჯერ გონებაში ვაწყობ ყველაფერს და მხოლოდ შემდეგ გადამაქვს ცხოვრებაში. ნამდვილად ორიგინალური და დასამახსოვრებელი დანკის მოგონება უფრო რთულია, ვიდრე მისი რეალიზება. თითქოს ერთიც და მეორეც კარგად გამომდის.

- რა ასაკში იყავით, როცა პირველი ჩატენვა შეასრულეთ?
- 14 წლის. და მას შემდეგ ვცდილობ სულ უფრო ხშირად გავაკეთო ეს. კალათბურთის თამაში სამი წლის ასაკში დავიწყე. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი - მინიმუმ სამი-ოთხი საათი დღეში. ბედმა გამიღიმა, რადგან საკალათბურთო ოჯახში გავიზარდე. მამა სკოლაში მწვრთნელად მუშაობდა - ამ გუნდში მე ვთამაშობდი. იქ ძალიან კარგი საკალათბურთო ტრადიციები იყო. დედაც კოლეჯის ნაკრებში თამაშობდა. ასე რომ, მემკვიდრეობის მხრივ ყველაფერი წესრიგში იყო. სხვათა შორის, ბავშვობაში ძალიან სწრაფი და მოძრავი ვიყავი. ალბათ, ტყუილად არ მაკრიტიკებდა მეჯიქი სიგამხდრის გამო. სამაგიეროდ, შემეძლო ნებისმიერ პოზიციაზე მეთამაშა - თუნდაც მცველად.

- აპირებთ ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლას?
- რა თქმა უნდა. საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაში - დიდი პატივია. ძალიან ამაყი ვიყავი პეკინში მოპოვებული გამარჯვების გამო. და ისევ მინდა განვიცადო მსგავსი შეგრძნება. მთავარია, ჯანმრთელობამ არ მიღალატოს.

- ვინ იქნება ამერიკის ნაკრების მთავარი კონკურენტი?
- რა თქმა უნდა, ესპანეთი. ეს გუნდი ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი შემადგენლობით ძალიან ძლიერია. ესპანელებთან რამდენიმე რთული მატჩი გვქონდა.

- კეთილი და მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. მაშინ რატომ იღებთ ასეთი დიდი რაოდენობით ტექნიკურ ფოლებს?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი! შესაძლოა, მოედანზე ვიცვლები, უფრო აგრესიული ვხდები. თანაც მომწონს თამაშის პროცესი. მინდა კალათბურთისგან სიამოვნება მივიღო. მსაჯები კი ხანდახან ყველაფერს აფუჭებენ. იმედია, მომავალში შემცირდება ტექნიკური ჯარიმები.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტი?
- ასეთი ძალიან ბევრია. კმაყოფილი ვარ საკუთარი ცხოვრებით. კალათბურთის წყალობით ბავშვობის ოცნებების რეალიზების შესაძლებლობა მომეცა. მაგალითად, ძალიან მიყვარს მოგზაურობა. და ახლა არა მარტო შემიძლია ვიმოგზაურო სხვა ქვეყნებში, არამედ იქ კალათბურთის პოპულარიზაციას მივყო ხელი. ეს დიდი საქმეა. ძალიან მომწონს ახალ კულტურასთან ზიარება, ახალი ქალაქებისა და ქვეყნების გაცნობა. ბოლო დროს მოგზაურობის ფართო გეოგრაფია მქონდა - ჩინეთი, გერმანია, აფრიკა... ყველგან საინტერესო იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული