პლეი ოფის გაკვეთილები

AutoSharing Option
ტელეკომპანია ESPN-ის მიმომხილველებმა  2010-11 წლების სეზონის მეორე ნაწილის - პლეი ოფის ძირითადი ტენდენციები გააანალიზეს, რომლებიც ასე თუ ისე თანამედროვე კალათბურთის სახეს განსაზღვრავენ.

დაცვა
დღევანდელ კალათბურთში კარგი დაცვის გარეშე წარმატების მიღწევა რთულია. "ნიუ იორკის" მსგავსი გუნდები განწირულნი არიან წასაგებად, როცა უკანა ხაზში სერიოზული გარღვევა აქვთ. ერთი საინტერესო ფაქტი. რატომ ითამაშა "დალასმა" ფინალური სერიის ბოლო სამი მოგებული მატჩი პეჟა სტოიაკოვიჩის გარეშე? იმიტომ, რომ სერბმა არ იცის დაცვა - ნელი ტემპი, მოუხრელი ფეხები, სიზარმაცე... პეჟას სარგებლიანობის კოეფიციენტი მესამე მატჩში "მინუს 11"-ს უდრიდა, რის
შემდეგაც კარლაილი ნაკლებად ტექნიკურ, მაგრამ მონდომებულ ბრაიან კარდინალს ენდო.

ხასიათი და გამარჯვებისკენ სწრაფვა
წარმატების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. გასულმა პლეი ოფმა ყველა გაახარა დრამატული სცენარებითა და დაძაბული ფინალური წუთებით. ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული იყო "დალასი", რომელმაც კბილებით გამოსტაცა სერია "ოკლაჰომას" და ფინალშიც გამარჯვების ფანტასტიკური სურვილი გამოამჟღავნა. საკმარისია გავიხსენოთ მეორე მატჩი, რომელსაც ტექსასელები მეოთხე მეოთხედში 15 ქულით აგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებულებმა დატოვეს მოედანი. ეს მთელი სერიის გარდამტეხი მომენტი გახდა.

მოთმინება და მრავალწლიანი მონდომებული მუშაობა
მარკ ქიუბანი NBA-ში ოდიოზური ფიგურაა და ბევრს არ უყვარს ეს ემოციური მილიარდერი. მაგრამ ფაქტია, რომ მან დაიმსახურა "დალასის" ჩემპიონობა თავისი გუნდისადმი ნდობის, სიყვარულისა და მოთმინების გამო. მრავალი წლის განმავლობაში ის თანხებს არ იშურებდა საყვარელი გუნდისთვის და ბოლოს მაინც მიირთვა შამპანური გამარჯვებულის რანგში.

იგივე ეხებათ ლიგის დამსახურებულ ვეტერანებს - ნოვიცკის, კიდს, მერიონს, სტოიაკოვიჩს, ტერის... მათ დასცინოდნენ და პენსიაში საჩემპიონო ბეჭდის გარეშე გასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ამ ბიჭებმა იმდენი სირთულე გადალახეს, რომ არ შეიძლებოდა მათი დიდება არ გაგვეზიარებინა. ეს გაკვეთილია იმ სულსწრაფებისთვის, რომლებსაც ყველაფერი ერთბაშად უნდათ. პირველ რიგში, ეს ეხებათ "ნიუ იორკსა" და განსაკუთრებით "მაიამის". მხოლოდ მოთმინება და საკუთარ შეცდორებზე მუშაობა აგიყვანს მწვერვალზე.

ლებრონს საჩემპიონო ხასიათი არ აქვს
ზემოთ თქმული ასევე მნიშვნელოვანწილად ეხება ლებრონ ჯეიმსს. რატომ ვერ აიღო მან გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავზე ლიდერობა და რატომ გადააბარა პასუხისმგებლობა პარტნიორებს, თუნდაც ეს ნიჭიერი დუეინ უეიდი ყოფილიყო? რატომ არ გაამართლა მან ამჯერადაც ნდობა? თუ ლებრონს სურს ნამდვილი "მეფე" გახდეს, საკუთარ თავზე უდიდესი შრომის გაწევა მოუწევს, პირველ რიგში, მენტალურად. სამწუხაროა, როცა ასეთი ნიჭის მქონე ადამიანი სრულად ვერ ახერხებს ღმერთისგან ბოძებული საჩუქრის რეალიზებას. იმისთვის, რომ ჩემპიონი გახდე - საკუთარ თავში უნდა აღზარდო ჩემპიონი. ჯეიმსა ეს ბოლოს და ბოლოს უნდა შეიგნოს.

წინა ხაზის მნიშვნელობა
წინა ხაზის როლი კვლავ მნიშვნელოვანი გახდა. "მემფისმა" "სან ანტონიოს" ზაკ რენდოლფისა და მარკ გასოლის წყვილის უნარიანი მოქმედების ხარჯზე აჯობა, "ბოსტონმა" "ნიუ იორკი" სამწამიანში "დაახრჩო", პაუ გასოლი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა ლამარ ოდომთან და ენდრიუ ბინუმთან ერთად - შედეგად "ლეიკერსის" "მშრალი" ანგარიშით მარცხი "დალასთან". "მავერიქსის" წარმატება "ოკლაჰომასთან" და "მაიამისთან" შემადგენლობაში უფრო მრავალფეროვანი "მაღლების" ყოფნამ განაპირობა. კრის ბოშმა კვლავაც ვერ ისწავლა ნორმალურად თავის დაცვა, ენტონი ცენტრი არ არის, ხოლო ვეტერანი "მაღლებისგან" "ჰიტს" არანაირი სარგებლობა არ ჰქონდა. "ოკლაჰომა" კი ვერ ეღირსა კენდრიკ პერკინსისგან ნორმალურ თამაშს. ეს ფრაგმენტები ერთ საერთო სურათს ქმნის - ხარისხიანი თავდასხმა და ზუსტი დაცვა მაღალი კალათბურთელების მუშაობას ეფუძნება.

გამთამაშებლის სტილის შეცვლა
წარსულს ჩაბარდა ჯონ სტოქტონის ტიპის აკადემიური პლეიმეიქერები. წლევანდელ პლეიოფში კონფერენციის ფინალისტთა შემადგენლობაში გამორჩეული იყო ორი მცველი, რომლებიც აქცენტს ფარქვეშ შესვლასა და სროლაზე აკეთებდნენ და არა პასზე. ესენი იყვნენ რასელ უესტბრუკი და დერიკ როუზი. სამწუხაროდ, ხშირად ასეთ მოქმედებას გუნდისთვის სარგებლობა არ მოაქვს, რაშიც როუზის მაგალითზე დავრწმუნდით. თუმცა მისი შეცდომები შეიძლება ახალგაზრდა ასაკსა და გამოცდილების არქონას დავაბრალოთ.

ასეა თუ ისე, გამთამაშებელი, რომელიც თითქმის საჯარიმოს ხაზიდან ტენის ბურთს კალათში, პატივისცემასა და მეტოქის მხრიდან შიშს იწვევს. კალათბურთი იცვლება, თამაში უფრო მეტ ფიზიკურ მომზადებას, კარგ ნახტომსა და ათლეტიზმს მოითხოვს. თუმცა ბედის ირონიით, "დალასი" ტიტულამდე ძველი ფორმაციის მოთამაშემ ჯეისონ კიდმა მიიყვანა.

სათადარიგოთა სკამის როლი
ისევ ბანალური ჭეშმარიტება - ხარისხიანი რეზერვის გარეშე რთულია წარმატების მიღწევა. სოლიდური სასტარტო ხუთეულის მიუხედავად, "ნიუ იორკმა" "მშრალი" ანგარიშით წააგო "ბოსტონთან" სწორედ სუსტი და არასრულფასოვანი როტაციის გამო. "მაიამიმ" 7-8 მოთამაშით სცადა ჩემპიონობის მოპოვება, მაგრამ კრახი განიცადა. ჩემპიონი კი გახდა რაოდენობის მხრივ ყველაზე ძლიერი შემადგენლობის მქონე გუნდი. ბარეა, ტერი, ჰეივუდი, სტოიაკოვიჩი, მაინმი, კარდინალი - გარკვეულ ეტაპებზე ამ კალათბურთელებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს "მავერიქსის" ტრიუმფში. სხვათა შორის, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ტექსასელები მხარში ედგნენ ერთმანეთს იმის მიუხედავად, ძირითადში თამაშობდა კალათბურთელი და ღრმა რეზერვში იმყოფებოდა. სწორედ ამას ჰქვია გუნდური სული. უნდა აღინიშნოს კარლაილის მუშაობა, რომელმაც შეძლო როტაციის დალაგება და უნარიანად იყენებდა სათადარიგო მოთამაშეებს. პატ რაილის კი ბევრი ფიქრი მოუწევს იმაზე, ვინ შეიძლება გააძლიეროს "მაიამი".

უმაღლესი დონის ვარსკვლავების წასვლა
შაკილ ო'ნილი აღარ ითამაშებს კალათბურთს პროფესიულ დონეზე, ფილ ჯექსონი აღარ არის "ლეიკერსის" მწვრთნელი და, შესაძლოა, ის აღარასოდეს დაუბრუნდეს სამწვრთნელო სამუშაოს. ერთ დროს "სან ანტონიოს" მძლავრი საკალათბურთო დინასტია განვლილი წლების სიმძიმისგან მხრებში მოიხარა, "ბოსტონი" მოხუცთა თავშესაფარს მოგვაგონებს, სერიოზულ წმენდას საჭიროებს "ლეიკერსი"...

მოკლედ, მიდიან პიროვნებები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში NBA-სთან ასოცირდებოდნენ. მაკგრეიდისგან მხოლოდ საკუთარი თავის აჩრდილი დარჩა, კარტერი ვერ გვახარებს საფირმო ჩატენვებით, მალე პენსიაში გავლენ კიდი, ნეში, დანკანი, გარნეტი და სხვები.

თაობათა ცვლა
"ჩამოწერილ" ვეტერანთა ფონზე წლევანდელი პლეიოფში მთავარი ნიშანი იყო მრავალრიცხოვანი ახალგაზრდების პროგრესი. მართალია ჩემპიონობა ვეტერანებს ერგოთ, მაგრამ ბევრ გუნდში განმსაზღვრელ როლს თამაშობდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები. პრინციპში ეს ეხება რეგულარულ ჩემპიონატსაც. დერიკ როუზი, კევინ დურანტი, რასელ უესტბრუკი, რაჟონ რონდო, სერჟ იბაკა, ჯეიმს ჰარდენი, ტადეუშ იანგი, ლუოლ დენგი, ჟოაკიმ ნოა, ჯეფ ტიგი, ტაი ლოუსონი, ლარი ფილდსი, დრიუ ჰოლიდეი, უესლი მეტიუზი, ბლეიკ გრიფინი, ერიკ გორდონი, კევინ ლავი, ჯონ უოლი, დემარკუს კაზინსი, ერიკ ბლედსოუ, ჯავალ მაკგი, ბრუკ ლოპესი, რობინ ლოპესი, ჯეი ჯეი ჰიქსონი, ტაირიკ ევანსი და ბევრი სხვა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, დღეს მათი დრო დგება. უახლოესი წლების განმავლობაში სწორედ ამ კალათბურთელების თამაშს დავაკვირდებით. მანამდე კი მილოცვას დამსახურებული ვეტერანები იღებენ, რომლებმაც წელს საჩემპიონო ბეჭდები მოიგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული