ახალი ამბები მრავლადაა

AutoSharing Option
საკალათბურთო სეზონი დასრულდა, თუმცა ოკეანის გაღმიდან თუ ევროპიდან ახალი ამბები მრავლად ვრცელდება. ტრადიციულად გთავაზობთ მნიშვნელოვან სიახლეთა მოკლე დაიჯესტს.

ვებგვერდი Draft Express იტყობინება, რომ "გოლდენ სტეიტი" "ორლანდო მეჯიქს" დუაიტ ჰოვარდის სანაცვლოდ სამ მოთამაშეს - მონტა ელისს, ანდრის ბიედრინშსა და ეკპე უდოს სთავაზობს.

თავად დუაიტი მსოფლიოში მოგზაურობასა და "ადიდასის" რეკლამას განაგრძობს, თან კომენტარებსაც იძლევა. "სუპერმენს" ბოლო განცხადება ხმაურიანი გამოუვიდა - მან თავისი გუნდის მწვრთნელი სტენ ვან განდი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის არასწორად იყენებდა გამთამაშებელ გილბერტ არენასს.

ზუსტად ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მეჯიქი" მეორე გამთამაშებლის - ჯამირ ნელსონის გაშვებას აპირებს. ვითომ ახალ სეზონში არენასზე აპირებენ აქცენტის გაკეთებას? საერთოდ, "ორლანდოში" ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჰოვარდი სხვაგან არ გაექცეთ.

* * *
"ფინიქს სანზი" აპირებს გამოისყიდოს ვინს კარტერის კონტრაქტის ბოლო წელი. ალბათ, ეს პროცესი კლუბს ძვირი დაუჯდება, მაგრამ "დაბერებული" ვარსკვლავისთვის სეზონში თითქმის 19 მილიონის გადახდაც ზედმეტი ფუფუნებაა. საინტერესოა, რომელიც კლუბი შეიფარებს მომავალ სეზონში ვინსს?

* * *
გაზეთი Indianapolis Star იტყობინება, რომ "პეისერსი" მომავალი სეზონისთვის, შესაძლოა, ბრაიან შომ ჩაიბაროს. როგორც იცით, ის "ლეიკერსში" ფილ ჯექსონის ასისტენტი იყო და ლეგენდარული მწვრთნელის წასვლის შემდეგ კალიფორნიული კლუბის მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ მაიკ ბრაუნზე შეჩერდნენ.

* * *
უცნაურ გარიგებას ამზადებს "მილუოკი ბაქსი". ESPN-ის ინფორმაციის თანახმად, "ბაქსის" ხელმძღვანელობა თავისი ერთ-ერთი ლიდერის ენდრიუ ბოგუტის გაცვლას აპირებს. ავსტრალიელ ცენტრს "მინესოტას" დაუთმობენ, სანაცვლოდ კი "ირმები" ამ წლის დრაფტის მეორე ნომრის არჩევის უფლებას მიიღებენ.

* * *
"სან ანტონიო სპურსის" ერთ-ერთი ლიდერი მანუ ჯინობილი იდაყვის ტრავმის გამო კიდევ ორ თვეს გამოტოვებს. არგენტინელი პლეი ოფში "მემფისთან" სერიას იდაყვის არეში გაბზარული ძვლით თამაშობდა. ახლა ჯინობილიმ ექიმებისგან მითითება მიიღო - იქამდე არ გავა მოედანზე, სანამ სრულად არ გამოჯანმრთელდება.

* * *
NBA-ის ახალი ჩემპიონი, "დალას მავერიქსის" ცენტრი ტაისონ ჩენდლერი სილამაზის კონკურსის - "მის აშშ"-ის ჟიურიში ირიცხებოდა. გაზეთ USA Today-ის აინტერესებს, უბრალო დამთხვევა იყო თუ არა ის, რომ კონკურსში კალათბურთელის მშობლიური შტატის - კალიფორნიის წარმომადგენელმა გაიმარჯვა.

* * *
წამყვანი ევროპული კლუბები აქტიურად მუშაობენ სატრანსფერო ბაზარზე. ბოლო ინფორმაციის თანახმად, დაცვითი ყაიდის მცველი ბონიფაცი ნდონგი "ბარსელონას" ტოვებს და თურქულ "ეფეს პილსენში" გადადის სათამაშოდ.

გარდა ამისა, "ბარსელონამ" ხელშეკრულება გაუგრძელა პიტ მიკელს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანია.

* * *
დაბოლოს, თელ-ავივის "მაკაბიმ" დიუკის უნივერსიტეტის ყოფილი გამთამაშებელი ჯონ შაიერი გაიფორმა. ეს სულაც არ არის რიგითი ტრანსფერი - შაიერი ძალიან ნიჭიერი პლეიმეიკერია და ლიდერის თვისებებით არის დაჯილდოებული. ეს ჯერ კიდევ უნივერსიტეტში თამაშისას შეიმჩნეოდა. ჯონი NBA-ს იმ მიზეზით ვერ შეეწყო, რომ ფიზიკური კონდიციები არ ჰყოფნიდა, ევროპისთვის კი მისი გაბარიტები და სისწრაფე სავსებით დამაკმაყოფილებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული