”ტორონტოს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
დღეს "ტორონტო რეპტორზი" ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს. "დალას მავერიქსის" დამრიგებლის რიკ კარლაილის ასისტენტი დუეინ კეისი მომავალი სეზონიდან კანადურ კლუბს ჩაუდგება სათავეში. "ტორონტოში" ის ჯეი ტრაიანოს შეცვლის, რომელმაც გასულ სეზონში 82-დან 60 მატჩი წააგო.

54 წლის კეისის დამოუკიდებლად "მინესოტაში" უმუშავია და 2005 წლის ივნისიდან 2007 წლის იანვრამდე 49 მატჩი მოიგო და 59-ჯერ დამარცხდა. ის მერვე მწვრთნელია "ტოროტოს" ისტორიაში.

"ჩემი ამოცანაა - ინდივიდუალური დაცვის დალაგება და მკაცრი სათამაშო სისტემის შემოღება", - განაცხადა "რეპტორზის" ახალმა დამრიგებელმა. კეისი არ მალავს, რომ დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს
დაცვაში თამაშს. მისი თქმით, "დალასმა" "მაიამისთან" ფინალური სერია სწორედ კარგი დაცვის წყალობით მოიგო. მან ერთი საიდუმლო გაანდო ჟურნალისტებს - ფინალური სერიის დროს "დალასი" დაცვის საიმედოობის ასამაღლებლად ჰოკეის მატჩებს უყურებდა.

"ვიგრძენით, რომ სერიის დასაწყისში ძალიან რბილად ვთამაშობდით "მაიამის" წინააღმდეგ. სწორედ ამის შემდეგ ვნახეთ ჰოკეის მატჩების კადრები. დიდი შთაბეჭდილება მივიღეთ ძალისმიერი ილეთებისგან - სწორედ ასეთი თამაში გვჭირდებოდა. "ტორონტოში" ვაპირებ დაცვაში ასეთი მანერით თამაშს, თავდასხმაში კი სრულად ვენდობი კალათბურთელებს და მათ სრულ თავისუფლებას მივანიჭებ", - ამბობს დუეინ კეისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული