თუმცა წელს მაინც მრავლად არიან მოთამაშეები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება.
1. კაირი ირვინგი
გამთამაშებელი, დიუკი
კაირი ირვინგი ამ დრაფტის საუკეთესო მოთამაშეა. წესით და რიგით, სწორედ ის უნდა დაასახელონ პირველ ნომრად. კაირი 1992 წლის 23 მარტს მელბურნში დაიბადა. ეს ფაქტი იმით არის საინტერესო, რომ მას ორმაგი
ირვინგს ფენომენალური თვისებები აქვს შეტევაში. თითქმის ყველაფერი შეუძლია: სამქულიანები, კარგი შესვლა, სწრაფი გარღვევა, მოედნის ხედვა და რაც მთავარია, ბრწყინვალე პასი. ერთადერთი ნაკლი სუსტი დაცვაა, მაგრამ ამ მხრივ მომატების პოტენციალი გააჩნია. მას უკვე ადარებენ კრის პოლს.
2. დერიკ უილიამსი
ფორვარდი, არიზონა
ფენომენალური ათლეტი - 206 სანტიმეტრი და 109 კილოგრამი. მისი ვარსკვლავური საათი გახდა "მარტის საგიჟეთი", სადაც უილიამსმა ნამდვილი ლიდერის თვისებები გამოავლინა. არავინ ელოდა, რომ არიზონა ტოპ-რვაში შევიდოდა, მაგრამ გადალახა დიუკის ბარიერი.
ჯერ უცნობია, რა პოზიციაზე ითამაშებს დი-უილი NBA-ში. სავარაუდოდ, მსუბუქი ფორვარდი იქნება. როგორც ვთქვით, ფენომენალური ათლეტიზმით გამოირჩევა, მაგრამ ამას გარდა გრძელი ხელები აქვს, რაც მოხსნებსა და დაფარებებში დაეხმარება. კარგად მუშაობს ფეხებით, ფართან ზურგით მდგომს ეხერხება თამაში, ბურთს კარგად ფლობს და გარღვევებშიც ხშირად მიდის. ამას ემატება სამქულიანების გამოყენების კარგი პროცენტი. ნაკლი ის არის, ხშირად იღებს ზედმეტ პერსონალურებს. თუ მძიმე ფორვარდს ითამაშებს, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას მაღლებთან დაცვაში მოქმედებისას. თუმცა პოტენციალი ძალიან დიდია.
3. ენეს კარტერი
ცენტრი
მიუხედავად იმისა, რომ წელს NCAA-ის მატჩებზე არ დაუშვეს (იმ მიზეზით, რომ პროფესიულ ლიგაში ჰქონდა ნათამაშები), ის საუკეთესო ცენტრია ამ დრაფტზე. კანტერი 1992 წელს ციურიხში დაიბადა. ამერიკაში გადასვლამდე ევროპაში "ულქერის" შემადგენლობაში თამაში მოასწრო, შტატებში კი მხოლოდ სკოლის დონეზე გამოდიოდა.
211 სანტიმეტრი და 118 კილოგრამი - ასეთი გაბარიტებით ის სერიოზული ძალა იქნება ფარქვეშ ბრძოლაში. თურქი კარგად ირჯება მოხსნებზე, გრძნობს თამაშს, დაფარებაც შეუძლია (თუმცა ეს არ არის მისი ძლიერი მხარე). შესანიშნავი საშუალო ტყორცნა აქვს და კარგ დრიბლინგს ფლობს. ნაკლია არასაკმარისი ათლეტიზმი და დაცვაში სისწრაფის ნაკლებობა. დღეს იშვიათია ასეთი ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელსაც ზურგით ფართან ბრწყინვალე თამაში შეუძლია.
4. ბრენდონ ნაითი
გამთამაშებელი, კენტუკი
ნაითი ყველა დონეზე წარმატებული იყო და NBA-შიც არ დაიკარგება. ორჯერ აღიარეს ამერიკის სასკოლო კალათბურთის საუკეთესო მოთამაშედ, რის შემდეგაც კენტუკიში გადავიდა.
191 სანტიმეტრი სიმაღლის გამთამაშებელი კარგი მსროლელია. შესანიშნავად დაყენებულ საშუალო და შორეულ ტყორცნებს ფლობს. მდიდარი აქვს ტექნიკური არსენალი, რისი დახმარებითაც თავად იქმნის სასროლ სიტუაციას. ის კარგი პლეიმეიკერია, შესანიშნავია კონტრშეტევის დროს და ძალიან სწრაფია გარღვევებისას. ძალიან კარგი მცველი. ამასთან, ბრენდონი ჭკვიანი ბიჭია და კალათბურთში წარმატებების გარდა კარგად სწავლობს კოლეჯში.
რაც შეეხება ნაკლს, ხშირად კარგავს ბურთს, აგრეთვე ფიზიკურ მომზადებას უნდა მიაქციოს ყურადღება. მას ადარებენ ახალგაზრდა გილბერტ არენასს, თუმცა ნაითს სწორედ გამთამაშებლის პოტენციალი გააჩნია.
5. კემბა უოკერი
მცველი, კონეკტიკუტი
"მარტის საგიჟეთის" საუკეთესო მოთამაშე. ლიდერად და ბომბარდირად დაბადებული. მცირე გაბარიტების მიუხედავად (185 სმ, 83 კგ) ყოველთვის ჩანს მოედანზე. თამაშობდა კონეკტიკუტში, რომელთან ერთადაც წელს NCAA-ის ჩემპიონი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კემბა გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობს, ყველაზე კარგად მაშინ გრძნობს თავს, როცა თავად ფლობს ბურთს, რადგან შეტევაში ყველაფრის კეთება შეუძლია. უოკერს ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, დაუჯერებლად სწრაფია და ბრწყინვალედ გამოიყურება სწრაფი გარღვევის დროს. გარდა ამისა, მას შესანიშნავი დრიბლინგი, საშუალო და შორეული ტყორცნა გააჩნია, არ ეშინია კონტაქტის და ხშირად დგება საჯარიმოების ხაზზე.
ბევრი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ უოკერი არ არის კარგი გამთამაშებელი, მაგრამ ის კარგად ხედავს მოედანს და პასების დარიგებაც იცის. შეუძლია დაცვაში თამაში, ჩაჭრების სპეციალისტია. ფენომენალურია ლიდერის ფუნქციები - არასოდეს ნებდება. მინუსი ის არის, რომ გამთამაშებლის ამპლუის მიუხედავად, პირველ რიგში სროლას ამჯობინებს, ვიდრე პასის მიცემას.
6. იან ვესელი
ფორვარდი
ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მოთამაშე. ბუნებამ ეს ჩეხი უხვად დააჯილდოვა, მათ შორის, საღი გონებით - სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სერბულ "პარტიზანში" წავიდა. ეს კლუბი ხომ ახალგაზრდა კადრების ნამდვილი სამჭედლოა.
ბოლო სეზონში ვესელიმ კიდევ უფრო მოუმატა, არასად გამქრალა ჩვეული ათლეტიზმი: პირიქით, უფრო მეტი გახდა. უყვარს ძალისმიერი გარღვევებისას ეფექტური ჩატენვებით შეტევის დასრულება. მოუმატა სისწრაფეს, კარგად იმუშავა სროლებზე...
იანის მთავარი პრობლემა გახლავთ ე. წ. "სათამაშო IQ". ახალგაზრდა ჩეხი ხშირად ამოვარდნილია დაცვითი სქემებიდან, კარგავს თავის ოპონენტებს, იღებს არასაჭირო ფოლებს. თუ საკუთარი თამაშიდან მოაშორებს ასეთ სისულელეებს, შეიძლება ღირებული კადრი გახდეს საკალათბურთო ბაზარზე.
7. კავაი ლეონარდი
ფორვარდი, სან დიეგო
ლეონარდმაც გამოიჩინა თავი "მარტის საგიჟეთის" დროს. სწორედ ამ სეზონის შემდეგ გაიცნო ის ფართო საზოგადოებამ. სამი წლის წინ მას მამა მოუკლეს და ეს ტრაგედია კიდევ უფრო მეტ მოტივაციად ექცა - საკალათბურთო წარმატებები მშობელს მიუძღვნა. კავაი გამორჩეულია არანორმალური შრომისუნარიანობით და ამას თავისი ნაყოფი მოაქვს. მას შეუძლია მატჩის შედეგზე იქონიოს გავლენა იმის მიუხედავად, რომ შეტევა არ არის მისი ძლიერი მხარე.
მსუბუქი ფორვარდი ლეონარდი (201 სმ, 103 კგ) შესანიშნავი მცველია, რომელსაც დაცვაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. კარგია ორივე ფართან მოხსნებისას. ეხერხება კონტრშეტევაზე თამაში, ბრწყინვალედ არიგებს პასებს, შესანიშნავი დრიბლინგი აქვს და ბურთის ფლობა კარგად გამოსდის. ეს ახალგაზრდა ბიჭი არასოდეს ნებდება და ყოველი ბურთისთვის ბოლომდე იბრძვის. ნაკლი გახლავთ არასტაბილური ტყორცნა საშუალო და შორი მანძილებიდან, აგრეთვე ზედმეტად ერთობა დრიბლინგით.
ლეონარდმა ყოველ წელს უნდა მოუმატოს თამაშს.
8. იონას ვალანჩიუნასი
ცენტრი
მისი პროგრესი ევროპულ კალათბურთში უსწრაფესი იყო. დიდი ხანი იონასის ვარსკვლავისა არ სჯეროდათ, იქამდე, სანამ მარტო არ დაიწყო მატჩების მოგება ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე - შარშან ზაფხულში ლიტვის ნაკრებს ევროპული ტიტული მოაპოვებინა. ამის შემდეგ მისთვის თვალი არ მოუცილებიათ.
იშვიათად ევროპელ კალათბურთელს ერთდროულად ჰქონდეს ასეთი გრძელი ხელები და ბურთის გრძნობა. თითქოს ლიტველმა სროლამდე იცის საით წავა ფარიდან ასხლეტილი ბურთი. სამუშაო აქვს შეტევაში ტექნიკურ არსენალზე, გარდა ამისა, ძალიან გამხდარია.
ვალანჩიუნასს დაცვა შეუძლია - დაფარებაც ეხერხება და მეტოქის ჩიხში შეყვანა. მოკლედ ის კლასიკური ევროპელი ცენტრია, რომელსაც ყველა შანსი აქვს პირველი გახდეს მრავალი წლის განმავლობაში. თუმცა ამისთვის ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე.
9. ალეკ ბრუქსი
მცველი, კოლორადო
შემტევი მცველი კოლორადოს უნივერსიტეტიდან, მისი სიმაღლეა 198 სანტიმეტრი, წონა - 88 კილოგრამი. ბრუქსი კარგი ათლეტია, თავად იქმნის სასროლ პოზიციას, საჯარიმოების გამოყენების მაღალი პროცენტი აქვს და კარგად გამოიყურება სწრაფი გარღვევისას. ალეკი ორივე ფარზე კარგად მოქმედებს და პარტნიორებზე მუშაობაც შეუძლია. ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს ბურთით ხელში.
მისი ნაკლია არასტაბილური საშუალო და შორი ტყორცნები, მაინც და მაინც კარგი არ არის დაცვაში, ხანდახან ბევრს იღებს საკუთარ თავზე. ბრუქსი საუკეთესო შემტევი მცველია ამ დრაფტზე, ასე რომ, მასზე მოთხოვნილება იქნება.
10. ტრისტან ტომპსონი
ფორვარდი, ტექსასი
მიუხედავად იმისა, რომ კანადაში დაბადებული ტრისტანი მხოლოდ 204 სანტიმეტრია, ის შესანიშნავად გრძნობს თავს ორივე ფართან. მას ძალიან გრძელი ხელები და მაღალი ნახტომი აქვს, რაც უამრავი მოხსნისა და დაფარების შეგროვების საშუალებას მისცემს. დაცვაში პერსონალური მეურვეობისას შესანიშნავად მოქმედებს და ამასთან, ხშირად აზღვევს პარტნიორებს.
ტომპსონს მაღალი სისწრაფე აქვს, რისი წყალობითაც ეფექტურია ფაქვეშ შესვლებისას. ბოლომდე ერთგულია თამაშის და ერთი წამით არ ეთიშება ბრძოლას. ნაკლი კი ის არის, რომ მძიმე ფორვარდისთვის მაინც მცირე გაბარიტები აქვს, არ აქვს განვითარებული საშუალო და საჯარიმო ტყორცნები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"