"მგლები" უმწვრთნელოდ დარჩნენ

AutoSharing Option
გუშინდელი დღის მთავარი ამბავი, რა თქმა უნდა, "მინესოტას" აწ უკვე მთავარ მწვრთნელ კურტ რემბისს უკავშირდება. კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ ეს სპეციალისტი დაითხოვეს "მგლების" რიგებიდან.

გასულ სეზონში რემბისის შეგირდებმა მხოლოდ 17 მატჩი მოიგეს, ერთი წლით ადრე კი "მინესოტას" ანგარიშზე მხოლოდ 15 გამარჯვება იყო. შეგახსენებთ, რომ რემბისმა მანამდე ცხრა წელი იმუშავა "ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის როლში.

* * *
ჭორების მორიგი პორცია მივიღეთ ოკეანის გაღმიდან. მაგალითად, "ლეიკერსთან" დაახლოებული წყარო იუწყება, რომ კალიფორნიული გრანდი "დენვერიდან" რაიმონდ ფელტონის
გადაბირებით არის დაინტერესებული. "ლეიკერსის" დაინტერესება გასაგებია: დერეკ ფიშერი უკვე ძალიან "ბებერია", სტივ ბლეიკმა კი ვერ გაამართლა იმედები. საინტერესო ის არის, სანაცვლოდ რას სთავაზობენ "ნაგეტსს" - ფელტონი საკმაოდ კვალიფიციური კადრია.

* * *
როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, "სან ანტონიო სპურსის" ხელმძღვანელობა დრაფტზე მაღალი ნომრის მიღებას ცდილობს და ამისთვის მზად თავის ერთ-ერთ ლიდერს, გამთამაშებელ ტონი პარკერს შეელიოს.

როგორც აღმოჩნდა, "სან ანტონიო" ლიტველი ცენტრის იონას ვალანჩიუნასის ხელში ჩასაგდებად არის ასე მონდომებული.

* * *
ამასობაში, "ნიუ იორკ ნიქსი" აპირებს ჩონსი ბილაპსის სტივ ნეშში გაცვლას, - წერს გაზეთი "ნიუ იორკ პოსტი". ამით მაიკ დ'ანტონი აღადგენს მის საყვარელ დუეტს: ნეში-ამარე სტაუდმაიერი. ამით "ნიქსის" მწვრთნელმა ყველას მიანიშნა, რომ მისთვის დაცვაში თამაში არ არის მთავარი.

* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ცოცხალმა ლეგენდამ, "მაიამი ჰიტის" გენერალურმა მენეჯერმა პატ რაილიმ სააგენტო AP-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს სამწვრთნელო კარიერის განახლებას და სრულად ენდობა გუნდის დღევანდელ მწვრთნელს ერიკ სპოელსტრას. ეს უკანასკნელი პლეი ოფში მართლაც უნარიანად ხელმძღვანელობდა გუნდს, მაგრამ მაინც საინტერესო იქნებოდა ლეგენდარული რაილის გაწვრთნილი "დიდი ტრიოს" ხილვა.

* * *
კიდევ ერთი ინფორმაცია "მაიამის" ბანაკიდან. "ჰიტის" ვეტერანმა ცენტრმა ჟიდრუნას ილგაუსკასმა გადაწყვიტა აამოქმედოს მის კონტრაქტში არსებული პუნქტი და კიდევ ერთი წლით დარჩეს ფლორიდელთა რიგებში. ამის სანაცვლოდ ლიტველი 174 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

გასულ სეზონში ილგაუსკასი 51-ჯერ მოხვდა სასტარტო ხუთეულში, თუმცა პლეი ოფში თითქმის არ დახმარებია გუნდს. ამის გამო აგორდა ჭორი იმის შესახებ, რომ 36 წლის ცენტრი თამაშს ასრულებდა, მაგრამ ლიტველმა კარიერის ერთი წლით გახანგრძლივება გადაწყვიტა.

* * *
"საკრამენტო კინგზმა" 2012-13 წლების სეზონის ბოლომდე გააგრძელა კონტრაქტები სამ წამყვან კალათბურთელთან - მცველ ტაირიკ ევანსთან, ფორვარდ ომრი კასპისთან და ცენტრ დემარკუს კაზინსთან. ამის შესახებ "კინგზის" ოფიციალური პრეს-რელიზი იუწყება.

ევანსი, კასპი და კაზინსი გასულ სეზონში საშუალოდ 17.8, 8.6 და 14.1 ქულას აგროვებდნენ.

* * *
ესპანეთის ჩემპიონს "ბარსელონას" "მილუოკის" ერთ-ერთი ლიდერის ერსან ილიასოვას დაბრუნება აქვს განზრახული. ბოლო წლებში თურქი კალათბურთელი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდა და სავარაუდოდ, არ მოისურვებს NBA-ის დატოვებას, თუმცა ლიგაში ლოკაუტია მოსალოდნელი, ასე რომ, გამორიცხული არაფერია.

* * *
წლევანდელი დრაფტის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ენეს კანტერი დიდად არ ლამობს მომავალ ევრობასკეტზე თურქეთის ნაკრებისთვის დახმარებას.
როგორც ახალგაზრდა კალათბურთელი ამბობს, აგვისტოში კონტინენტის პირველობაზე იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ლოკაუტი გამოცხადდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული