სერ ჩარლზი არმაგედონს წინასწარმეტყველებს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, სულ მალე ახდება ლეგენდარული ცენტრის, პატრიკ იუინგის ოცნება და ის NBA-ის კლუბს ერთპიროვნულად ჩაიბარებს. ამჟამად იუინგი "ორლანდო მეჯიქში" მთავარი მწვრთნელის, სტენ ვან განდის ასისტენტად მუშაობს.

სხვადასხვა წყაროების მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ "დეტროიტ პისტონზის" ხელმძღვანელობამ წინასწარი მოლაპარაკებები გამართა იუინგთან, თუმცა საუბრის დეტალები პრესისთვის უცნობი დარჩა.

პატრიკი უკვე დიდი ხანია ოცნებობს რომელიმე გუნდში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.

"იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ვერაფრით ვახერხებ წინ ნაბიჯის გადადგმას. ბევრს ვშრომობ და ველოდები, როდის მომცემენ შანსს.

ბევრი ჩემს კანდიდატურას სერიოზულად არ აღიქვამს. ამბობენ,
რომ მარტო ცენტრების გაწვრთნა შემიძლია, თუმცა მე სრულფასოვანი მწვრთნელი გახლავართ", - განაცხადა ამასწინ იუინგმა.

* * *
NBA-ის მეორე ლეგენდა ჩარლზ ბარკლი გულშემატკივრებს იმის გამო უყვართ, რომ სათქმელს პირდაპირ ამბობს. თუმცა ორი დღის წინ Chicago Sun-Times-ში გამოქვეყნებული მისი სიტყვები არავის არ მოეწონებოდა.

"როგორც ჩანს, ახალ სეზონში კალათბურთი არ გვექნება - ყველაფერი ამაზე მეტყველებს. კლუბების მფლობელები მზად არიან იმისთვის, რომ არმაგედონი მოაწყონ", - განაცხადა სერ ჩარლზმა მოსალოდნელი ლოკაუტის შესახებ.

* * *
თუ HoopsHype-ს დავუჯერებთ, "ჰიუსტონ როკეტსი" "გოლდენ სტეიტთან" ლატვიელი ცენტრის, ანდრის ბიედრინშის ხელში ჩასაგდებად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჯერჯერობით უცნობია, სანაცვლოდ რას სთავაზობენ ტექსასელები "მეომრებს". ბიედრინშისადმი ინტერესი იმაზე მიუთითებს, რომ იაო მინის დაბრუნება მოსალოდნელი არ არის.

ამასობაში, "გოლდენ სტეიტის" ლიდერს, მონტა ელისს მობეზრდა გაუთავებელი ჭორები მისი სავარაუდო ტრეიდის შესახებ. მცველმა კლუბის ბოსებს ახალი სამუშაო ადგილის მოძებნა მოსთხოვა - რადგან არ მაფასებთ, თქვენთან საქმის დაჭერა არ მინდაო!

* * *
ამასწინდელი დრაფტის მეხუთე ნომერი, "ლეტუვოს რიტასის" ფორვარდი იონას ვალანჩუნასი, სავარაუდოდ ევროპაში არ დარჩება - მან დაუყოვნებლივ NBA-ში გადასვლის სურვილი გამოთქვა. შეგახსენებთ, ნიჭიერი ახალგაზრდა "ტორონტომ" აირჩია.

"ბედნიერი ვარ იმით, რომ "ტორონტოს" მაისურს მოვიგებ. ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ გუნდს და დავათვალიერებ ქალაქს, - ამბობს ლიტველი. - ძალიან მინდა, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდე NBA-ში. ეს ჩემი მთავარი ოცნებაა."

* * *
ამ ზაფხულს, შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს "მემფის გრიზლისის" ცენტრმა მარკ გასოლმა. უახლოეს დროში ესპანელი შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება, "მემფისთან" კი მან ვერ შეძლო ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება. ეს ინფორმაცია "მემფისის" მენეჯერმა კრის უოლასმაც დაადასტურა.

* * *
ბოლოს რამდენიმე ევროპული სიახლე. "ეფეს პილსენმა" სლოვენიელ ფორვარდთან ბოსტჯან ნახბართან განშორება გადაწყვიტა, "ბარსელონამ" კი ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი მეორე სლოვენიელ ერაზემ ლორბეკთან.

იტალიის "მილანი", რომელმაც ცოტა ხნის წინ სერჯო სკარიოლო ჩაუდგა სათავეში, არგენტინელი გამთამაშებლის, პაბლო პრიჯიონისა და "ბარსელონას" ექს-ცენტრის, ბონიფაცი ნდონგის გაფორმებას აპირებს. აგრეთვე, მილანელები უახლოეს დროში დაიმატებენ მცველ ომარ კუკს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული