ისევე როგორც 1998 წელს, NBA-ში რეგულარული ჩემპიონატი სერიოზულად შეიკვეცება ან საერთოდ არ გაიმართება მოთამაშეთა გაფიცვის გამო. კალათბურთელები ხელფასების მომატებას ითხოვენ, კლუბების მფლობელები - ხარჯების შემცირებას... და ამ საკითხში კომპრომისი ჯერ არ ჩანს.
ყველაფერი გვიან ღამით გაირკვა. ბოლო სამსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - პროფკავშირის ბოლო შეთავაზებამ არ დააკმაყოფილა NBA. ამასობაში, ამოიწურა გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა და დღეიდან ყველა კალათბურთელი თავისუფალი აგენტი
მოთამაშეთა შეთავაზება ასეთი იყო: მათ სურდათ, რომ ლიგაში საშუალო ხელფასი კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების მეექვსე წელს 7 მილიონი დოლარი გამხდარიყო. რაც შეეხება ასოციაციას, მის კომისარს დევიდ სტერნს ურყევი პოზიცია აქვს - ხელფასები უნდა შემცირდეს. NBA-მ თავისი პოზიცია ფინანსური კრიზისის გამოვლინებით ახსნა. გარდა ამისა, ლიგის ოფიციალურ წარმომადგენლებს სურდათ გაემკაცრებინათ ხელფასების მაქსიმალური ზღვარი, რომელიც დღეს სრულიად იგნორირებულია მდიდარი კლუბების მიერ.
როცა ერთ მხარეს ნაკლების გადახდა უნდა, მეორეს - მეტი ფული, კომპრომისი თითქმის შეუძლებელია.
"ჩვენს შორის ძალიან დიდი მანძილია", - ასეთი კომენტარი გააკეთა პროფკავშირის თავმჯდომარემ ბილი ჰანტერმა. მიუხედავად ამისა, მანვე განაცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში კიდევ ერთი შეხვედრის იმედი აქვს. შესაძლოა, მოესწროს სიტუაციის გამოსწორება და NBA-ში სეზონი ჩატარდეს, როგორც ეს 1995 და 1996 წლებში იყო. 1998 წელს ლოკაუტი შედგა (ერთადერთხელ ისტორიაში), თუმცა მაშინ სეზონი მაინც ჩატარდა, ოღონდ შემცირებული სქემით.
გასული სეზონი NBA-ში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო ასოციაციის ისტორიაში. ტელერეიტინგები ძალიან ამაღლდა, ტრიბუნები პირთამდე იყო სავსე, გუნდების ფანშოპებიდან კი კლუბის ატრიბუტიკას წამში იტაცებდნენ. "მაიამიში" შეკრებილი სუპერტრიო, "ლეიკერსის" ჩრდილში გასვლა, "დალასის" ჩემპიონობა - ამ ყველაფერმა ლიგის პოპულარობას შეუწყო ხელი. მაგრამ ამ მნიშვნელოვანი მოვლენების შემდეგ ასოციაციას კრიზისი დაუდგა.
ეს კრიზისი დადგა იმ მომენტიდან ერთი წლის თავზე, როცა უმაღლესი დონის კალათბურთელები თავისუფალი აგენტები გახდნენ - ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი, ამარე სტაუდმაიერი და კარლოს ბუზერი... იმ გუნდებმა, რომლებმაც ეს მოთამაშეები გაიფორმეს, ძალიან გადააჭარბეს სახელფასო ბიუჯეტს. "მაიამი", "ნიუ იორკი" და "ჩიკაგო" მაინც ვერ გახდნენ ჩემპიონები, თუმცა ტიტულის ახალი მფლობელი "დალასიც" წლების განმავლობაში დიდ თანხებს ხარჯავდა ტრიუმფის მისაღწევად. "მავერიქსი" და "ლეიკერსი", რომლებმაც მოიგეს ბოლო სამი სეზონი, რეგულარულად ედგნენ სათავეში სახელფასო ბიუჯეტის სიას.
ლიგის ხელმძღვანელობას დათვლილი აქვს - 2011-12 წლების სეზონში მოქმედი ხელფასების მიხედვით ფინანსური ზარალი 300 მილიონის ტოლი იქნებოდა. და ეს იმ დროს, როცა გასულ სეზონში ასოციაციის მოგებამ ერთი მილიარდი დოლარი შეადგინა. სტერნმა ამ სეზონს ბრწყინვალე, მაგრამ "არამომგებიანი უწოდა. ახლა კი წაგებაში დარჩება ყველა: NBA ვერაფერს გამოიმუშავებს, ევროპაში გადასული მოთამაშეები კი ისეთ თანხებს ვერ მიიღებენ, რაც ამერიკაში აქვთ. თუმცა ევროპაშიც წასასვლელი მაინც და მაინც არ არის: ესპანეთსა და თურქეთში კლუბების კეთილდღეობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, სამაგიეროდ, საბერძნეთშია ამ მხრივ სერიოზული კრიზისი.
არ უნდა დავივიწყოთ, რომ უმუშევრები დარჩებიან არამარტო სპორტსმენები, არამედ კლუბების თანამშრომლები, აგრეთვე ასოციაციის პერსონალი. ეჭვგარეშეა, ეს ყველაფერი უარყოფითად იმოქმედებს ამერიკულ სპორტზე და მთლიანად ეკონომიკაზე. თუმცა, როგორც ჰანტერმა აღნიშნა, შანსი ჯერ კიდევ არის. ბოლო შანსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"