"ბეშიქთაში" დერონს ადასტურებს და კობიც მოუნდა

AutoSharing Option
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ინფორმაციამ "ბეშიქთაშში" დერონ უილიამსის სავარაუდო გადასვლის შესახებ. თურქული პრესის შემდეგ ეს ცნობა ამერიკულმა გაზეთებმაც დაადასტურეს, ხოლო სტამბოლელთა მთავარი მწვრთნელი ერგინ ათამანი ოფიციალური კომენტარით გამოვიდა.

მან ESPN-თან ინტერვიუში ამ გარიგებას შარშან ალენ აივერსონთან დადებულ კონტრაქტზე მნიშვნელოვანი უწოდა, ბოლოს კი უფრო შორს წავიდა და თვით კობი ბრაიანტის პიროვნებით დაინტერესება გაახმოვანა.

ასე რომ, საინტერესო გუნდი იქმნება თურქეთის ჩემპიონატში. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ "ბეშიქთაში" ევროლიგაზე არ თამაშობს.

* * *
ბერძნული ვებგვერდი Superbasket.gr იუწყება, რომ "ოლიმპიაკოსის" ყოფილი ცენტრი იანის
ბურუსისი (რამდენიმე დღის წინ "მილანში" გადავიდა) სუფთაა ანტისადოპინგო კანონის წინაშე. კალათბურთელმა დოპინგტესტი გაიარა და დაამტკიცა, რომ არ მიუღია აკრძალული პრეპარატი. თანაც, ანალიზი თავად ბურუსისის მოთხოვნით ჩატარდა.

* * *
პოლონეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მაჩეი ლიამპე ესპანეთის "კახა ლაბორალში" გააგრძელებს კარიერას. როგორც ACB.com იუწყება, პოლონელმა ბასკონურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა ხელშეკრულების ფინანსური დეტალები. ცნობისთვის, რუსული კლუბები ლიამპეს წლიურ 2.5 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.

* * *
ევროპაში თამაშის სურვილი გამოთქვა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის არშემდგარმა ვარსკვლავმა ადამ მორისონმა. ჯერჯერობით არ დასახელებულა ის კლუბები, რომლებიც დაინტერესებული არიან NBA-ის ორგზის ჩემპიონის ("ლოს ანჯელეს ლეიკერსის" შემადგენლობაში) პიროვნებით. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ასეთი კლუბი საერთოდ არ გამოჩნდეს, რადგან მორისონის დღევანდელი სათამაშო დონე ძალიან დაეცა.

* * *
მორისონს მიბაძავს "დეტროიტ პისტონზის" შვედი ლეგიონერი იონას იერებკო, რომელიც თავდაპირველად არ აპირებდა ევროპაში დაბრუნებას, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება შეცვალა. მართალია, შვედმა შარშანდელი სეზონი ტრავმის გამო სრულად გამოტოვა, მაგრამ ის კლუბი, რომელიც მას გაიფორმებს, მნიშვნელოვნად გაძლიერდება.

* * *
ესპანელი გამთამაშებელი რაულ ლოპესი რუსეთის "ხიმკიში" გატარებული კარგი სეზონის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება. მომდევნო ორ წელს ლოპესი ესპანეთის ვიცე-ჩემპიონის "ბილბაოს" შემადგენლობაში გაატარებს.

* * *
"დალას მავერიქსის" რიგებში NBA-ის ახალი ჩემპიონი შონ მერიონი მხოლოდ კალათბურთში არ ყოფილა ნიჭიერი. ასოციაციის საჩემპიონო ბეჭდის მოგების შემდეგ შონი ახალ საიუველირო ნაწარმს უმიზნებს - ეს არის WSOP-ის (ტურნირების ყველაზე პრესტიჟული სერია პოკერში) პოკერის ტურნირის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი სამაჯური. ამ გეგმის შესახებ "მატრიცამ" ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოაცხადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული