როგორც Yahoo! Sports წერს, ჩინელი ვარსკვლავი NBA-ის ხელმძღვანელობას თავისი გადაწყვეტილების შესახებ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში აცნობებს. ლიგაში გატარებული ცხრა სეზონის განმავლობაში იაომ "ყველა ვარსკვლავის მატჩში" შვიდჯერ ითამაშა.
ასოციაციისთვის და მთლიანად ჩინეთისთვის ეს მძიმე დარტყმაა, რადგან იაო NBA-ის სავიზიტო ბარათი იყო ჩინეთში და დიდად შეუწყო ხელი ლიგის ფინანსურ აყვავებას. ჩინური ბაზარი ნამდვილი სამოთხეა რეკლამის დამკვეთებისთვისა და სპორტული ატრიბუტიკის მწარმოებლებისთვის. იაო მინის სახელთან
იაოს კარიერის ასეთ დასასრულს არ ელოდნენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელები, რომლებმაც, თავის დროზე, ნება დართეს საკალათბურთო ვარსკვლავის შექმნის ექსპერიმენტს. იაოს მშობლები თავის დროზე ჩინეთის საკალათბურთო ნაკრებში თამაშობდნენ: მამა 202 სანტიმეტრი იყო, დედა - 188 სანტიმეტრი. მათი ქორწინება უმაღლესმა პარტიულმა ჩინოვნიკებმა "აკურთხეს".
როგორც მოსალოდნელი იყო ნამდვილი გიგანტი გაჩნდა - ახალდაბადებული სამი წლის ბავშვს ჰგავდა. 13 წლის იაო თითქმის ორი მეტრი იყო, მაგრამ ერთი პრობლემა არსებობდა - კალათბურთი არ აინტერესებდა. ბიჭს უნდოდა არქეოლოგი გამოსულიყო. მაგრამ მხოლოდ გათხრებისთვის არ იყო ჩაფიქრებული თამამი გენეტიკური ექსპერიმენტი.
ბიჭი საკალათბურთო სექციაში სავარჯიშოდ გაუშვეს, მოგვიანებით "შანხაი შარქსში" ჩაირიცხა და იქ ხუთი წლის განმავლობაში ითამაშა. უკვე NBA-ის ვარსკვლავის რანგში მინმა თითქმის გაკოტრებული "შარქსი" შეიძინა და მისი წყალობით, ეს კლუბი კვლავ ერთ-ერთი უძლიერესია ქვეყანაში.
229 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელს NBA-ის სკაუტები აუცილებლად შეამჩნევდნენ. თან დროც შეიცვალა - ჩინეთი აღარ იყო მთელი მსოფლიოსთვის დახურული ქვეყანა, სადაც კომპარტიის ბრძანებით შექმნეს მსოფლიო კალათბურთის მომავალი ვარსკვლავი. 2002 წლის დრაფტზე "ჰიუსტონ როკეტსმა" პირველ ნომრად აირჩია იაო მინი.
ცხრა სეზონის განმავლობაში ჩინელი ცენტრი აშშ-ის ავიაკოსმოსური მრეწველობის ცენტრში თამაშობდა. "როკეტსის" ხელმძღვანელობას ტრეიდის გაგონებაც არ სურდა. ამასთან, "ჰიუსტონი" მოედანზე ვერ ბრწყინვალე, სამაგიეროდ, მის შემადგენლობაში ჩინელი ცენტრის ყოფნა ფინანსური სტაბილურობის გარანტია იყო.
"ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილეებისთვის შესარჩევ ხმის მიცემის პროცედურაში ჩინელი გულშემატკივრების წყალობით იაო ყოველთვის დიდი უპირატესობით ჯობნიდა კონკურენტებს. მისი პოპულარობა სამშობლოში მართლაც ფანტასტიკურ იყო. იაო ორჯერ - ათენისა და პეკინის ოლიმპიადებზე ჩინეთის ოლიმპიური ნაკრების მედროშე იყო.
"ჰიუსტონის" ცენტრი ჩინეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მას უმსხვილესი სარეკლამო კონტრაქტები აქვს გაფორმებული, მრავალმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მისი ავტობიოგრაფია და დოკუმენტური ფილმი DVD-ზე. მისი მშობლები, რომლებმაც თავის დროზე პარტიის დავალება შეასრულეს, არაფერს ნანობენ. ისინი შვილის მეზობლად ჰიუსტონის პრესტიჟულ კვარტალში ცხოვრობენ.
ყველაფერი გააფუჭა ხშირმა ტრავმიანობამ. ბოლო სეზონში მუხლთან დაკავშირებული პრობლემების გამო იაომ მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, ბოლო ექვსი სეზონიდან ხუთში კი მინიმუმ 25 მატჩს ტოვებდა რეგულარულ ჩემპიონატში. კარიერის დასრულების მიზეზიც სწორედ ეს არის. სუპერცენტრის კარიერული მონაგარი NBA-ში 19.0 ქულა, 9.3 მოხსნა და 1.9 დაფარებაა.
იაო მინი
დაიბადა: 12.09.80, შანხაი (ჩინეთი)
სიმაღლე: 229 სმ
წონა: 141 კგ
დრაფტი: I ნომერი (2002, ჰიუსტონი)
კარიერა: 1997–2011
ტიტულები: ოლ სტარი - 8 (2003–2009, 2011); ორჯერ მეორე სიმბოლურ ნაკრებში (2007, 2009); სამჯერ მესამე სიმბოლურ ნაკრებში (2004, 2006, 2008); მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები (2002); აზიის ჩემპიონატის სამგზის MVP (2001, 2003, 2005).
კარიერის რეკორდები
ქულა: 41 - ატლანტასთან (02.22.04)
მოხსნა: 22 - ფინიქსთან (03.11.05)
პასი: 7 - ატლანტასთან (02.22.04)
ჩაჭრა: 4 - სან ანტონიოსთან (11.14.06)
დაფარება: 8 - ლეიკერსთან (12.15.06)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"