მხარეები შეხვედრას არ აპირებენ

AutoSharing Option
ოკეანის გაღმიდან კვლავაც არადამაიმედებელი ამბები მოდის ლოკაუტთან დაკავშირებით. ბოლო ინფორმაცია კარგად ასახავს დღეს შემქნილ სიტუაციასა და მისი მოგვარების პერსპექტივებს.

საქმე ისაა, რომ ლიგის წარმომადგენლები და პროფკავშირის წევრები ერთხელაც არ შეხვედრიან (!) ერთმანეთს იმ მომენტიდან, რაც ლიგაში გაფიცვა გამოცხადდა (პირველი ივლისი). უფრო მეტიც, მხარეებს არც კი უცდიათ შეეთანხმებიათ მომავალი შეხვედრის თარიღი, - გვატყობინებს CBS. როგორც ჩანს, სკეპტიკოსებს უნდა დავუჯეროთ - ამჯერად ლოკაუტი დიდი ხანი გაგრძელდება.

* * *
ლეგენდარულმა შაკილ ო'ნილმა, რომელმაც დროულად მოასწრო კარიერის დასრულება, ახალი სამუშაო იპოვნა - ის
ტელეარხ TNT-ის კომენტატორი გახდა. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ შაკი ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და არაორდინარული ანალიტიკოსი იქნება, უბრალოდ საკითხავია - რას უნდა გაუკეთოს მან კომენტარი?

* * *
თურქეთში გასამგზავრებლად გამზადებულმა დერონ უილიამსმა ინტერვიუ მისცა ESPN-ს, რომელშიც განაცხადა, რომ ძალიან მოსწონს "ნიუ ჯერსიში" ყოფნა, თუმცა ვერ დაპირდება კლუბის ხელმძღვანელობას 2012 წლის შემდეგ კონტრაქტის გაგრძელებას. ეს მეტად არასასიამოვნო ინფორმაციაა "ნეტსისთვის", რომელიც სუპერკლუბის აშენებას აპირებს და დერონი სხვა სუპერვარსკვლავების მოსაზიდად სჭირდება, მაგალითად ისეთის, როგორიცაა დუაიტ ჰოვარდი.

იმავე ინტერვიუში დერონმა ისიც განაცხადა, რომ "ბეშიქთაშში" გადასვლის შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ მას ამ თემაზე NBA-ის 10-15 კალათბურთელი დაუკავშირდა, რომლებმაც ევროპაში გადასვლის სურვილი გამოთქვეს. "ზოგიერთი მათგანი ლიგის სუპერვარსკვლავია", - განაცხადა უილიამსმა.

* * *
ფრანგმა ტონი პარკერმა კი მკაფიოდ ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია. "სან ანტონიოს" გამთამაშებელმა განაცხადა - თუ იანვარში ცნობილი გახდა, რომ ლოკაუტი სეზონის ბოლომდე გაიწელება, ის სამშობლოში დაბრუნდება და რომელიმე ფრანგულ კლუბს დაეხმარება, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელ გუნდს გააბედნიერებს.
გარდა ამისა, პარკერმა ისიც გამოაცხადა, რომ "ჩიკაგოს" ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ მასთან საუბარში დაადასტურა ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ასე რომ, ფრანგი გულშემატკვირებისთვის ამერიკიდან კარგი ამბები ვრცელდება.

* * *
რაც შეეხება "ნიუ იორკ ნიქსის" ვარსკვლავ ამარე სტაუდმაიერს, მან პირიქით, კატეგორიულად გამოაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. მას ნიუ იორკში ყველაფერი აწყობს. "ევროპული კლუბებიდან მუდმივად მიკავშირდებიან შეთავაზებებით. მაგრამ ვფიქრობ, ამერიკაში დავრჩები. ქალაქ ნიუ იორკისა "და "ნიქსის" პატრიოტი ვარ", - დაწერა თავის "ტვიტერში" სტაუდმაიერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული