დირკ ნოვიცკი - ამერიკელი პატრიოტივით მოლაპარაკე გერმანელი

AutoSharing Option
13 წელი დასჭირდა გერმანელ დირკ ნოვიცკის იმისთვის, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გამხდარიყო. ჟურნალმა "შპიგელმა" გერმანიაში სტუმრად მყოფ მძიმე ფორვარდთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გაუშვა. ამ ინტერვიუს მეშვეობით "დალას მავერიქსის" გერმანელ ვარსკვლავს სულ სხვა კუთხით გავიცნობთ.

- მშობლიურ ვიურცბურგში 10 ათასი მაყურებელი გამოვიდა ქუჩებში თქვენთან მისასალმებლად. საკმაოდ მოკრძალებული ადამიანი ხართ, ამიტომაც საინტერესოა, როგორ რეაგირებთ ასეთ მიღებებზე?
- სასიამოვნო გრძნობაა, თუმცა ეს ყველაფერი არარეალურად მეჩვენება. "მაიამისთან" მეექვსე მატჩის შემდეგ ერთგვარი წრე შეიკრა: საღამო, აღლუმი, ისევ საღამო, ისევ აღლუმი... დიდი ხანი ასეთი
ცხოვრებით არსებობა არ შემიძლია. რამდენიმე დღის განმავლობაში ასეთ რამეს უკვე მეორედ განვიცდი - თავიდან ამერიკაში, ახლა გერმანიაში.

- ამ ორი სამყაროდან რომელია თქვენთვის უფრო ახლობელი?
- გერმანიაში ყველაფერი სხვანაირადაა. რა თქმა უნდა, ამაყი ვარ, როცა მესმის, რომ გერმანელი გულშემატკივრები ღამის სამ საათზე უყურებენ ჩვენს მატჩებს და ზეიმობენ "დალასის" ჩემპიონობას ისე, თითქოს გერმანიას ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი მოეგოს.

- მაგრამ?
- მაგრამ მალე 13 წელი გახდება, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. თავიდან ჩემს მიმართ ოდნავ აგდებულ დამოკიდებულებას ვგრძნობდი. დამცინოდნენ და ამბობდნენ: "ეს გერმანელი ბიჭი აქ ფეხს ვერ მოიკიდებს". მაგრამ არ დავნებდი. და ახლა, დალასში 250-ათასიანი აღუმი მელოდა. ძალიან ძლიერი შეგრძნება იყო.

- ახლა თქვენ ამერიკულ-გერმანული კერპი ხართ...
- სიმართლე გითხრათ, ხანდახან მიჩნდება გრძნობა, რომ მე არ ვარ შექმნილი ასეთი მომენტებისთვის.

- რა გაქვთ მხედველობაში?
- არ ვაჭარბებ - მრცხვენია კიდეც, როცა ჩემი პიროვნების მიმართ ასეთ ყურადღებას იჩენენ. ვფიქრობ, ხალხი ხედავს ამას. პუბლიკის წინაშე ხის მორივით მოუხეშევი ვხდები...

- ფინალური სერიის ყველაზე ძვირფას მოთამაშედ აგირჩიეს. ფანები თქვენში ხედავენ ადამიანს, რომელმაც "დალასი" ჩემპიონობამდე მიიყვანა. გამოდის, რომ ამით ამერიკული პუბლიკა უხერხულ მდგომარეობაში გაყენებთ?
- სულაც არ ვფიქრობ, რომ ფინალური სერია მხოლოდ მე მოვიგე. ყველას ერთდროულად კარგად რომ არ გვეთამაშა, გუნდური მოქმედება სათანადო დონეზე რომ არ ყოფილიყო, ყველაფერი კატასტროფით დასრულდებოდა. როცა მეექვსე მატჩი დამთავრდა, თავში სისხლი ამივარდა. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, როცა გასახდელისკენ გავიქეცი.

- გასახდელისკენ მაშინ წახვედით, როცა მატჩი ჯერ დასრულებული არ იყო. კიდევ რამდენიმე წამი რჩებოდა...
- მხოლოდ ის ვიცი, რომ კლუბის რამდენიმე თანამშრომელი გამომეკიდა. ისინი მიყვიროდნენ: "შენ აქ უნდა იყო. ახლა თასს გადმოგცემენ!" მე ვუპასუხე: "ეს არ მჭირდება!" შხაპში შევარდი, თავი პირსახოცში ჩავრგე და ავტირდი. შემდეგ მესმოდა სკანდირება: "დირკ! დირკ!" მე კი ვამბობ: "თასი ვინმე სხვას მიეცით!" არ მეთანხმებით, რომ ღირსეული ჩემპიონისთვის არადამახასიათებელი საქციელი იყო?!

- მაგრამ გონს მოხვედით და გუნდის კაპიტნისთვის დამახასიათებელი ღირსებით ჩაიბარეთ პრიზი.
- დიახ, მადლობა ღმერთს. მაგრამ ეს არ იყო იოლი.

- მოგვიანებით გამარჯვება ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოგილოცათ, რომელიც კალათბურთის დიდი გულშემატკივარია.
- მატჩის შემდეგ ობამამ ჩვენს მწვრთნელს რიკ კარლაილს დაურეკა და თეთრ სახლში დაპატიჟა. ის ვერ შეგვხვდა ორი წლის წინ, როცა თეთრ სახლში ექსკურსიაზე ვიყავით. რაღაც საქმით იყო დაკავებული ოვალურ კაბინეტში. პრეზიდენტთან ვიზიტი - უდიდესი პატივი იყო ჩვენი გუნდისთვის. და მხოლოდ იმიტომ არა, რომ მან კალათბურთში ბევრი რამ იცის.

- კიდევ რატომ?
- იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია მასთან გავაიგივოთ საკუთარი თავი. როცა ორწლინახევრის წინ პრეზიდენტად აირჩიეს, იმ მომენტში ტურნეში მივდიოდით. სპეციალურად შევცვალეთ გუნდის გეგმა და შევყოვნდით, რათა მისი საინაუგურაციო სიტყვა მოგვესმინა პირდაპირ ეთერში. გუნდში ყველა ბედნიერი ვიყავით, რომ მან შეძლო ამის გაკეთება.

- ამერიკელი პატრიოტივით ლაპარაკობთ...
- საკუთარ თავს კოსმოპოლიტად მივიჩნევ. როცა რაღაც მიტაცებს, ნაციონალობას არ აქვს მნიშვნელობა. ობამას არჩევამ ძალიან გამიტაცა. წინასწარ ვერ იტყოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამერიკას შავკანიანი პრეზიდენტი ეყოლებოდა.

- ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შავკანიანი კალათბურთელები დომინირებენ. ახლა კი თქვენ, გერმანიის საშუალო კლასიდან გამოსულმა თეთრმა ბიჭმა საკუთარი გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანეთ. ამერიკულ პრესაში თქვენი წარმატება არჩევნებზე ობამას გამარჯვებას შეადარეს. ხედავთ პარალელებს?
- ასეთი შედარება ჩემთვის არ არის. მე არ ვფიქრობ "შავი" და "თეთრი" კატეგორიებით.

- გეშინიათ ეპოქის სიმბოლო არ გახდეთ?

- პოლიტიკა და სპორტი განსხვავებული ცნებებია ჩემსთვის. ასე ვარ აღზრდილი. მე რომ ამ შეხედულებას ბოლომდე არ მივყოლოდი, არ ვიქნებოდი ის, რაც დღეს ვარ.

- მაშინ რაში მდგომარეობს თქვენი ახალი ამერიკული როლი?
- ის არ შეცვლილა. ნებისმიერ ახალგაზრდა კალათბურთელს შეუძლია რჩევისთვის მომმართოს. მიყვარს სასარგებლო რჩევების მიცემა. როგორც "დალასის" კაპიტანი, სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ. ის ადამიანი არ ვარ, რომელიც გასახდელში მუსიკას ჩართავს ან გრძელ სიტყვებს წარმოთქვამს. სხვებმა ითამაშონ კლოუნის როლი. მაგრამ მე ყველასთვის ხელმისაწვდომი ვარ. მიუხედავად ამისა, არ ვაპირებ "დიდი ადამიანის" როლის თამაშს და სხვა მოთამაშეების ქცევის კორექტივებას. თუმცა არ ვიცი, სწორია თუ არა ჩემი კურსი.

- ფინალში გამარჯვების შემდეგ ამერიკულ პრესაში გაჩნდა ფოტომონტაჟი - თქვენ ხართ ძიძა ჩვილი ბავშვებით ხელში. ბავშვების სახეებში ჩასმულია ლებრონ ჯეიმსისა და დუეინ უეიდის ფოტოებმ, რომლებიც ფუფუნებით ცხოვრებას არიან მიჩვეული. ახლა ეს თქვენი პირდაპირი მოვალეობაა - აღზარდოთ ასეთი მოთამაშეები?
- რა თქმა უნდა, არა. ამერიკულ კალათბურთს სჭირდება ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ჯეიმსი და უეიდი, მაგრამ ჩემნაირი "უბრალოებიც" საჭირონი არიან. ჩვენ ყველანი შოუს ნაწილი ვართ. შოუს კი დიდი ხანი ვერ უყურებ, თუ მასში მრავალფეროვნება არ შეინიშნება. ნებისმიერს უნდა შეეძლოს მისთვის სასურველი არჩევანის გაკეთება.

- ძვირფასი ნივთების შეძენისგან ყოველთვის თავს იკავებდით. ამ მხრივ რამე ხომ არ შეიცვლება?
- შეთავაზება ძალიან ბევრია. ვერც კი წარმოიდგენთ, საათების რამდენმა მწარმოებლებმა გამომიგზავნა საკუთარი მოდელი. უბრალოდ, საჩუქრად. ყველა დავარიგე. მყოფნის ის, რაც მაქვს. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რამდენად არანორმალური უნდა იყო, რომ ყველა სარეკლამო წინადადებას გამოეხმაურო. ამას ვერ გავაკეთებ.

- გერმანელი პოლიტიკოსებისგან იყო მილოცვები?
- როგორც ვიცი, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაურეკა ჩემს აგენტს. მაგრამ იცით ყველაზე მეტად რა გამეხარდა?

- რა?
- მუჰამედ ალიმ ამანათი გამომიგზავნა.

- რა იდო მასში?
- კრივის ხელთათმანი წარწერით: "შენ უდიადესი ხარ". ძალიან გთხოვთ, ახლა არ მკითხოთ ამ საჩუქრის პოლიტიკურ მხარეზე. უბრალოდ ბედნიერი ვიყავი და მაშინვე გავუგზავნე ალის საკალათბურთო ბურთი ანალოგიური წარწერით.

- აგვისტოს ბოლოს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. გიხილავთ ამ ტურნირზე?
- სავარაუდოდ, კი. ოღონდ აბსოლუტურად ჯანმრთელი უნდა ვიყო. ოთხი კვირის განმავლობაში ვირუსული ინფექცია გადავიტანე და აზრი არ ექნება კონტინენტის პირველობაზე გამოსვლას, თუ ასი პროცენტით არ ვიქნებ მზად. ეს არც მე მჭირდება და არც ჩემს თანაგუნდელებს.

- ეს ჩემპიონატი ლონდონის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირია...
- ამიტომაც ძალიან მინდა იქ თამაში. არ მინდა შევამცირო ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი.

- დღეს NBA-ში ლოკაუტია და ჯერჯერობით დიდი შანსია იმისა, რომ მომავალი სეზონი არ გაიმართება. არსებობს ჭორი იმის შესახებ, რომ გაფიცვის პერიოდში გერმანიის ლიგაში აპირებთ თამაშს.
- იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შეთანხმება შედგება და კიდევ სამი-ოთხი წელი "დალასში" უმაღლეს დონეზე ვითამაშებ. ამის შემდეგ დასრულდება ჩემი კარიერა ამერიკაში.

- უკან დარჩა გრძელი სეზონი. როგორ აპირებთ ევროპის ჩემპიონატის წინ ფორმის აღდგენას?
- უპირველეს ყოვლისა, ჩემს გერლფრენდთან ერთად დასასვენებლად წავალ. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემს გვერდითაა. არ მიყვარს მარტოობა. ვაპირებ კალათბურთის გარდა რაიმე სხვა საქმე მოვნახო. მაგალითად, დასარტყმელ ინსტრუმენტებზე დაკვრა. დასანანი იქნება თუ ადრე აღებული გაკვეთილები ფუჭად დამრჩება.

- კარგად უკრავთ?
- ეს არ არის ადვილი. ავტომატიზმამდე უნდა დაიყვანო ყველაფერი. აუცილებელია შენმა ხელებმა სრული იგნორირება გაუკეთოს იმას, რასაც აკეთებენ შენი ფეხები და არ უნდა დაუშვა, რომ ერთმა ხელმა აკეთოს იგივე, რასაც აკეთებს მეორე. მაგრამ თუ ამას სრულყოფამდე დავიყვან, ეს კალათბურთის თამაშში უფრო მეტად დამეხმარება. ეს რომ ადრე მცოდნოდა, დასარტყმელ ინსტრუმენტებს კარიერის დასაწყისში მივუჯდებოდი.

დოსიე
დირკ ნოვიცკი
კლუბი: დალას მავერიქსი, №41
დაიბადა: 19.06.78 (ვიურცბურგი, გერმანია)
ეროვნება: გერმანელი
სიმაღლე: 2.13 მ
წონა: 111 კგ
ამპლუა: მძიმე ფორვარდი
NBA-ის დრაფტი: მე-9 ნომერი (1998)

კარიერა

1994-1998 ვიურცბურგი
1998- დალას მავერიქსი

მიღწევები
NBA-ის ჩემპიონი (2011)
NBA-ის ფინალური სერიის MVP (2011)
NBA-ის MVP (2007)
ყველა ვარსკვლავის მატჩი - 10-ჯერ (2002–11)
I სიმბოლური ნაკრები - 4-ჯერ (2005–07, 2009)
II სიმბოლური ნაკრები - 5-ჯერ (2002–03, 2008, 2010–11)
II სიმბოლური ნაკრები - 2-ჯერ (2001, 2004)
სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული (2006)
მსოფლიოს ჩემპიონატის MVP (2002)
ევრობასკეტის MVP (2005)
ევროპის საუკეთესო მოთამაშე (2005)

საშუალო მონაგარი
რეგულარული: 23.0 ქ - 8.4 მ - 2.7 პ - 0.9 ჩ - 1.0 დ
პლეი ოფი: 25.9 ქ - 10.4 მ - 2.6 პ - 1.1 ჩ - 1.0 დ
ოლ სტარი: 10.6 ქ - 4.1 მ - 1.6 პ - 0.8 ჩ - 0.4 დ

კარიერის რეკორდები
ქულა: 53 (ჰიუსტონთან, 12/02/04)
მოხსნა: 23 (ბოსტონთან, 02/21/02)
პასი: 12 (მილუოკისთან, 02/06/08)
ჩაჭრა: 9 (ჰიუსტონთან, 03/07/04)
დაფარება: 7 (დენვერთან, 01/06/06)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული