დუეინ უეიდი სალაროსთან

AutoSharing Option
"ბოსტონ სელტიქსი" სათანადოდ დააფასებს ლეგენდარული ბილ რასელის ღვაწლს კლუბის წარმატებებში. ბოსტონის მერმა ტომ მენინომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 77 წლის ლეგენდას შემოდგომაზე სიცოცხლეშივე დაუდგამენ ძეგლს ქალაქში.

კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა "სელტიქსის" შემადგენლობაში 11-ჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული - მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში და საერთოდ, უდიდესი წვლილი შეიტანა კლუბისა და მთლიანად კალათბურთის განვითარებაში. შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სახელოვან ვეტერანს სახელმწიფო ჯილდო გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ ბოსტონში აღმართავენ არა მხოლოდ კალათბურთელი რასელის, არამედ მისი, როგორც დიადი პიროვნების ქანდაკებას.
ქვეყნის პირველი პირის სურვილი სულ მალე ახდება.

* * *
ისევ ლოკაუტის შესახებ. გაზეთმა Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვებგვერდმა NBA.com-მა 2010 წელს რეკლამის მეშვეობით დაახლოებით 22 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს დაახლოებით 90 პროცენტით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე. და სწორედ კალათბურთისადმი ასეთი გაზრდილი ინტერესის მიუხედავად, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება გაფიცვა.

* * *
მანამდე კი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ყველა თავისებურად ერთობა. მაგალითად, "მაიამის" ვარსკვლავმა დუეინ უეიდმა "ტვიტერზე" ხუმრობით დაწერა, რომ სამსახურს ეძებს. და ამ განცხადებას მაშინვე გამოეხმაურა KFC-ის სწრაფი კვების რესტორნების ქსელი და კონკრეტული წინადადება შესთავაზა უეიდს.

საქმე ისაა, რომ პროფესიონალი კალათბურთელის კარიერის დაწყებამდე დუეინი სწორედ ამ რესტორანში მუშაობდა. ამბობდა: "სალარო თავისუფალია!" და იღიმოდა. და ახლა KFC-მ გადაწყვიტა ძველ "თანამდებობაზე" დააბრუნოს უეიდი. ამისთვის ის ჰონორარის სახით 250 ათას დოლარს იხდის.

* * *
ამასობაში, NBA-ის კიდევ ერთი ვარსკვლავი აპირებს პოკერში თავის გამოჩენას. "დალასის" ფორვარდმა შონ მერიონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სურს ბანქოს ამ თამაშში, "ბოსტონის" ლიდერი პოლ პირსი კი უკვე შეუდგა ამ ამოცანის შესრულებას.

ლას ვეგასში WSOP-ის (მსოფლიო პოკერის მთავარი სერია) ძირითადი ტურნირის მეორე დღისთვის პირსმა თავისი ბანკი 30 ათასიდან 62 ათას დოლარამდე გაზარდა.

* * *
უსაქმოდ ყოფნას არ აპირებს "დეტროიტის" მცველი უილ ბინუმი - ის იმ მოთამაშეებს შეუერთდება, რომლებიც ევროპაში თამაშს აპირებენ.

მცველის აგენტმა მარკ ბარტელსტაინმა Detroit News-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის კლიენტს თელ-ავივის "მაკაბიში" დაბრუნება სურს, სადაც 2006-08 წლებში თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული