"ეს მაინც მოხდა. ორი წელი შიშით ელოდნენ ამ დღეს - 2011 წლის პირველ ივლისს. ამოიწურა ასოციაციის მოთამაშეებსა და NBA-ს შორის კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მოდით გულახდილები ვიყოთ - შეიძლება ძალიან დიდი ხანი გავიდეს იქამდე, სანამ ახალი ხელშეკრულება გაფორმდება და ჩვენ ისევ ვნახავთ
მას შემდეგ, რაც ლოკაუტმა მყარად დაიკავა ადგილი კალათბურთის თითოეული თაყვანისმცემლის გონებაში, დადგა დრო ვუპასუხოთ ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად სვამენ ფანები. რა თქმა უნდა, აქ არ იქნება უკვე ბანალური კითხვები: "რა არის ლოკაუტი?" ან "რატომ გამოცხადდა გაფიცვა?" ამაზე პასუხი უკვე ყველამ იცის. ასე რომ, იმ კითხვებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც მართლაც იმსახურებენ პასუხის გაცემას", - შესავლის ნაცვლად ამბობს კუნი.
- რა ეშველება "ლეიკერსისა" და "ორლანდოს" მსგავს გუნდებს იმ შემთხვევაში, თუ სახელფასო ბიუჯეტის მკაცრი მაქსიმალური ზღვარი დაწესდება?
- მოდით ვაღიაროთ, რომ წინა სახელფასო ზღვარი ფორმალობა იყო, რადგან გუნდები მას ისე ზრდიდნენ, როგორც თავად მიაჩნდათ საჭიროდ. კლუბების მფლობელებს ამის შეცვლა სურთ - ისინი აპირებენ 45 მილიონზე ზემოთ მკაცრი შეზღუდვა დააწესონ - კლუბები ამ თანხას ვერ გადაცდებიან. მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენიმე გუნდი აღმოჩნდება ამ შემთხვევაში 2011-12 წლების სეზონის დასაწყისიდან გამოუვალ მდგომარეობაში. მაგალითად, "ლეიკერსის" სახელფასო ბიუჯეტი მომავალი სეზონისთვის 91 მილიონი დოლარი უნდა იყოს, "ორლანდოსი" - 76 მილიონი. ამ გუნდების ხელმძღვანელობა მშვიდად ვერ იქნება.
მაგრამ, მეორეს მხრივ, ასეთი მაქსიმალური ზღვარის დაწესების შემთხვევაშიც, ლიგა ვერ უბრძანებს გუნდს შემადგენლობის ნახევარი ქუჩაში მიაბრძანოს. იმ წინადადებაში, რომელიც ასეთი მკაცრი წესის შემოღებას ითვალისწინებს, ჩადებულია მიმდინარე ხელფასების შესამჩნევად შემცირების (15-25 პროცენტით) შესაძლებლობა, აგრეთვე "ამნისტიის წესი", რომელიც გუნდებს საშუალებას მისცემს უარი თქვან ერთ რომელიმე მოთამაშეზე. ეს წესები ოდნავ ამცირებს დარტყმის სიმძიმეს.
ასევე მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ისიც, რომ ხელფასებზე მკაცრი ლიმიტის დაწესება მხოლოდ პირველი წინადადებაა. ლიგის შემდეგი შეთავაზება ამ ლიმიტის შენარჩუნებასთან ერთად გუნდებს სამწლიან "ამოსუნთქვის" პერიოდს აძლევს და მხოლოდ შემდეგ ამოქმედდება სრული ძალით ის მკაცრი წესი. სავსებით შესაძლებელია, რომ მოლაპარაკებების პროცესში წინადადებები კიდევ უფრო შერბილდება და საბოლოო კოლექტიური ხელშეკრულება არ აიძულებს გუნდებს საკუთარი მოთამაშეების მიმართ რადიკალური ზომების მიღებას.
- როდის დაიწყებენ მოთამაშეები თავიანთი კუთვნილი ხელფასების დაკარგვას?
- ჩვეულებრივ, NBA 15 ნოემბრიდან პირველ მაისამდე ყოველ ორ კვირაში უხდის მოთამაშეებს ხელფასს. მაგრამ ზოგიერთი კალათბურთელი ჯამაგირს მთელი 12 თვის განმავლობაში იღებს და 2010-11 წლის სეზონისთვის განკუთვნილ თანხას ის 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღებს.
კლუბები ვალდებულნი არიან რეგულარული ჩემპიონატის განმავლობაში მოთამაშეს სრული ხელფასის 20 პროცენტი გადაუხადოს. დანარჩენი 80 პროცენტი კლუბსა და მოთამაშეს შორის შეთანხმების თანახმად გადაირიცხება. ასე რომ, ბევრ კალათბურთელს ჯერაც მისაღები აქვს თანხა, თანაც საკმაოდ სოლიდური.
- შეუძლიათ თუ არა NBA-ის მოთამაშეებს ლოკაუტის მსვლელობისას საზღვარგარეთ თამაში?
- ამაზე მხოლოდ ერთი პასუხია: ეს ძალიან რთულია. დევიდ სტერნმა განაცხადა, რომ მოთამაშეებს შეუძლიათ ის გააკეთონ, რასაც მოისურვებენ, მაგრამ სინამდვილეში, უმნიშვნელოა რას ამბობს ასოციაციის კომისარი - ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მის გარეშე მიიღებენ. მოისურვებენ თუ არა თავად კალათბურთელები ევროპაში თამაშს - ეს არის მთავარი საკითხი. უბრალოდ იქ არ ეყოფათ გუნდები NBA-ის 400 კალათბურთელის დასასაქმებლად. ამასთან, ევროლიგის მონაწილეები, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპის სხვა ლიგებზე, უბრალოდ ვერ შეძლებენ ისეთი ხელფასების დარიგებას, რომლის მიღებასაც NBA-ში მოთამაშეები ამერიკაში არიან შეჩვეულნი. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეს ვიხილავთ უცხოეთში და ისინიც არ იქნებიან ლიგის მთავარი ვარსკვლავები.
- იმ შემთხვევაში, თუ ლოკაუტი მთელი სეზონი გაგრძელდა, რა ეშველება 2012 წლის დრაფტს? როგორ განაწილდება ახალბედათა არჩევის ნომრები?
- თუ ეს სეზონი გაუქმდება და მხარეები მხოლოდ მომავალი წლის ივნისისთვის მივლენ შეთანხმებამდე, 2012 წლის დრაფტი დაგეგმილ ვადაში გაიმართება. ეს მარტივია. უფრო რთული იქნება არჩევანის მიმდევრობის გარკვევა, რადგან არ შეიძლება 2010-11 წლების სეზონში ცუდი გამოსვლისთვის გუნდების ორჯერ დასაჩუქრება.
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში იდგნენ ასეთი დილემის წინაშე, როცა იქ 2004-05 წლების სეზონი დაკარგეს. მაშინ ლიგამ ლატარია ჩაატარა, რომელშიც ყველა გუნდი იღებდა მონაწილეობას, თუმცა მათი შანსები შეფასებული იყო ბოლო ოთხი სეზონის შედეგების მიხედვით. NBA-ც დაახლოებით ასეთივე გზით წავა, შემდეგ კი ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, ჩვეულ კალაპოტში ჩადგება.
- თუ ლოკაუტი მთელი წელი გაგრძელდა, რა მოხდება იმ კონტრაქტებთან მიმართებაში, რომლებსაც ვადა 2011-12 წლების სეზონის ბოლოს გასდის? მათ ვადა გაუვა თუ ავტომატურად გაგრძელდება ერთი წლით?
- კონტრაქტები, რომელთა ვადა 2011-12 წლების სეზონის ბოლოს იწურება, მოქმედებას 2012 წლის 30 ივნისს შეწყვეტს, მიუხედავად იმისა, გაიმართა სეზონი თუ არა. ეს იმას ნიშნავს, რომ დუაიტ ჰოვარდმა, შესაძლოა, უკვე ჩაატარა თავისი ბოლო სეზონი "ორლანდოში". განსაკუთრებით წინდახედულმა გუნდებმა ყველა საჭირო გარიგება 30 ივნისამდე განახორციელეს და ახლა მშვიდად არიან - ისინი კომპენსაციის გარეშე ვეღარ დაკარგავენ თავიანთ კალათბურთელებს.
მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ იმ ვარიანტსაც, რომ ერთობლივი შეთანხმების მიხედვით კონტრაქტების ვადა ერთი წლით გადაიწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მოლაპარაკების საკითხია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"