80 პროცენტი წამსვლელია

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რამდენიმე წამყვანმა აგენტმა განაცხადა, რომ მსოფლიოს უძლიერესი ლიგის მოთამაშეთა 80 პროცენტი უცხოეთში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას განიხილავს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებას დიდი ხნის განმავლობაში არ მოეწერება ხელი. ამ ინფორმაციას ESPN-ის ანალიტიკოსი კრის ბრუსარდი ავრცელებს.

NBA-ის ერთ-ერთი ვარსკვლავის აგენტმა ESPN-ს მოუყვა, რომ რამდენიმე მოთამაშის წარმომადგენელი შეგნებულად მალავს ევროპისა და ჩინეთის კლუბებთან მოლაპარაკებების ფაქტს.

* * *
"მაიამი ჰიტის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბის ახალი გენერალური მენეჯერი ნიკ არისონი გახდა. 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული კლუბის მფლობელის
მიკი არისონის 30 წლის ვაჟი "ჰიტში" საკალათბურთო ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა.

ნიკ არისონი აგრეთვე დიუკის უნივერსიტეტის შტატში ირიცხებოდა, აგრეთვე 2004 და 2008 წლების ოლიმპიადებზე აშშ-ის ნაკრების ადმინისტრაციის წევრი იყო.

* * *
არგენტინელმა ლუის სკოლამ განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. "ჰიუსტონის" ლეგიონერი იმ კლუბში გადასვლას გეგმავს, რომლის მფლობელიცაა მისი მეგობარი იაო მინი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ.

"ჩინეთი - უფრო ღია ბაზარია. იქ საკმაოდ მაღალი პოტენციალია და ქვეყანაც მაწყობს. საკუთარ თავს "შანხაი შარქსში" ვხედავ, რადგან მისი მფლობელი იაო მინია", - განაცხადა არგენტინელმა ფორვარდმა.

* * *
ლოკაუტისგან დაზარალებული კიდევ ერთი კლუბი გახდა - "ლოს ანჯელეს ლეიკერსი", რომელმაც 20 თანამშრომელი დაითხოვა სამსახურიდან.

სხვათა შორის, უმუშევართა რიგებში აღმოჩნდა კალიფორნიული კლუბის გენერალური მენეჯერის ასისტენტი რონი ლესტერი.

* * *
NBA-ის რამდენიმე ვარსკვლავი ამჟამად ფილიპინებში იმყოფება და მათგან შემქნილმა სახელდახელო შემადგენლობამ საჩვენებელი მატჩი გამართა ფილიპინის ჩემპიონატის ვარსკვლავთა ნაკრებთან. ბუნებრივია: გამარჯვება ამერიკელებს დარჩათ- 131:105.

NBA-ის ვარსკვლავები: მაკგი (25), დურანტი (22), დ. უილიამსი (19), ევანსი (17), ჰარდენი (16), ბრაიანტი (12), პოლი (11), როუზი (9).

* * *
"მინესოტა ტიმბერვულვზის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მორიგი, რიგით მეოთხე კანდიდატი გახდა ვეტერანი სპეციალისტი რიკ ადელმანი. "ჰიუსტონის" ყოფილი დამრიგებელი დღეს შეხვდება "მგლების" მფლობელ გლენ ტეილორსა და გენერალურ მენეჯერ დევიდ კანს.

ვარაუდობენ, რომ ადელმანის დანიშვნა ხელს შეუწყობს კლუბის ერთ-ერთი ლიდერის კევინ ლავის შენარჩუნებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული