დენის როდმანი: ჯორდანი ღმერთი, პიპენი იესო, მე ეშმაკი

AutoSharing Option
დენის როდმანის სახელი უკვე დიდი ხანია ექსტრაორდინალური გამოხდომებისა და კრეატივის სინონიმად იქცა. ის არასოდეს გამოირჩეოდა სანიმუშო ხასიათით და სხვებისთვის მისაბაძიც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ყველა პატივს სცემდა. სიმაღლეში ორი მეტრიც არ ყოფილა, მაგრამ ეს "ნაკლი" ხელს არ უშლიდა ლიგის ლიდერი ყოფილიყო მოხსნების რაოდენობით. ის გულშემატკივრების პროვოცირებას ცდილობდა სიტყვებით, ჟესტებით და რეგულარულად იცვლიდა თმის ფერს. თუმცა ის მაინც უყვარდათ.

2011 წლის 4 აპრილს როდმანი კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამასთან დაკავშირებით შედგა პრესკონფერენცია, რომელზეც NBA-ის ხუთგზის ჩემპიონი საკუთარ ემოციებს ვერ მალავდა:

"თავად დიდების
დარბაზში მოხვედრის ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ხალხმა ჩემს მიმართ ნეგატიური აზრი მოიშორა. ხშირად გვიწევს იმის მოსმენა, რომ მე რაღაც ახალი შევიტანე კალათბურთში, დაცვითი თამაში უფრო მაღალ დონეზე ავიყვანე. მაგრამ მე ასე არ მგონია. არასოდეს ვყოფილვარ საუკეთესო სნაიპერი, არც დიადი სპორტსმენი და არ ვცდილობდი საყოველთაო ყურადღების მიპყრობას", - განაცხადა როდმანმა, რომელსაც მაისში 50 წელი შეუსრულდა.

რამდენიმე დღის წინ დენის როდმანმა Slamonline.com-ის კითხვებს უპასუხა. ამ ინტერვიუს შემოკლებით გთავაზობთ.

- დიდების დარბაზის წევრობის კანდიდატად დასახელებისას გჯეროდათ, რომ საბოლოოდ კალათბურთის ლეგენდებს შორის მოხვდებოდით?
- მჯეროდა? ახლაც ვერ ვიჯერებ ამას. სინამდვილეში, მთელი კარიერის განმავლობაში მიწევდა იმის მოსმენა, რომ ჩემი საქციელის გამო ვერასოდეს მოვხვდებოდი დიდების დარბაზში. მართალია, ბევრს მივაღწიე, დიად გუნდებში ვითამაშე, ბევრი დიდი გამარჯვება მივიპოვე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ აღიარების არ მჯეროდა.

- როგორ შეიტყვეთ ეს სასიამოვნო ამბავი?
- სახალისო ისტორია იყო. თავიდან აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა. თავდაპირველად ამას ყურადღება არ მივაქციე, რადგან სხვა ახალი ამბავი გავიგე - "დეტროიტი" აპირებდა ხმარებიდან ჩემი ნომრის ამოღებას. გავიდა გარკვეული დრო და აგენტმა ისევ ახსენა დიდების დარბაზი. მე მხოლოდ გავიცინე და ისევ არ დავიჯერე მისი ნათქვამი. იცით რატომ?

- რატომ?
- იმიტომ, რომ ეს იყო "სულელების დღე" - პირველი აპრილი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მეხუმრებოდნენ. აგენტს ძალიან დიდი მონდომება დასჭირდა იმისთვის, რომ დავერწმუნებინე.

- მოგვიყევით თქვენი გრძნობების შესახებ...
- რთულია ამის სიტყვებით გადმოცემა. მიუხედავად იმისა, რომ NBA-ის ვარსკვლავის სტატუსი მქონდა, ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ ოდესღაც დიდების დარბაზში მოვხვდებოდი. ეს რაღაც მიუღწეველ სიმაღლედ მეჩვენებოდა. მაგრამ მე ეს შევძელი და ახლა მწვერვალზე ვარ. პირველ რიგში ის მინდა, რომ შვილები ამაყობდნენ ჩემით. მათ ცოცხლად არ უნახავთ ჩემი თამაშები, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ მათი მამა თავის საქმეს ხარისხიანად და გულიანად აკეთებდა. ჩემს ვაჟს ახლა თვალწინ ექნება მაგალითი, ამიტომაც უნდა მოინდომოს და ჩემზე უკეთესი გახდეს.

- ამ გრძნობას უფრო მეტი სიხარული მოაქვს, ვიდრე ჩემპიონატის მოგებას?
- დაახლოებით ერთი და იგივე გრძნობაა. ასეთ მომენტებში, თითქოს თავიდან იწყებ ცხოვრებას. იხსენებ ყველა სირთულეს და ხვდები, რომ მათ გარეშე საბოლოო შედეგი არ იქნებოდა. ეს ყველაფერი დარჩება ჩემს გულში და ამას ვერავინ წამართმევს.

- და მაინც გვეჩვენება, რომ კალათბურთი თქვენს ცხოვრებაში მეორე პლანზე გადავიდა.
- ადრე მთელი ჩემი ცხოვრება კალათბურთი იყო. ახლა ის უკან უნდა დავტოვო და წინ სხვა გზით წავიდე. ამჟამად ბევრ საქმეს ვუძღვნი საკუთარ თავს. ეს არის ჩემი ოჯახი, რომელსაც მაქსიმალურად ბევრ დროს ვუთმობ; მაქვს საკუთარი ვებგვერდი, რომლის მეშვეობით ვცდილობ ბავშვებს ვასწავლო სხვადასხვა საკალათბურთო ელემენტი, ძირითადად დაცვითი ილეთები: მოხსნები, დაცვაში გადაადგილება, დაფარება, ჩაჭრა... გარდა ამისა, მუსიკით ვარ დაკავებული. შეიძლება ითქვას, მსოფლიო დონის დი-ჯეი გახლავართ (იცინის). ჩემს მეგობართან, ცნობილ დი-ჯეისთან ვიკ ლატინოსთან ერთად მთელს მსოფლიოში უმსხვილეს კლუბებში გამოვდივართ: იბიცაზე, სენ-ტროპეში, ტოკიოში, მადრიდში... მე მგონი საქმე მრავლად მაქვს.

- თქვენ დალასის ღარიბ რაიონში დაიბადეთ. როგორ მოახერხეთ მწვერვალზე ასვლა?
- მე თვითონაც არ ვიცი. უკან ვიხედები და შიშით ვაცნობიერებ, რომ უბრალოდ შეიძლებოდა სრულწლოვან ასაკამდე ვერც მიმეღწია. დალასის სამხრეთით თუ ცხოვრობ, იოლად შეიძლება სწორ გზას აცდე. ჩემი ბევრი მეგობარი მოხვდა ციხეში, რამდენიმე მოკლეს. ეს საშინელებაა. არ მახსოვს როგორ ავირჩიე კალათბურთი, მაგრამ, როგორც კი თავისუფალი დრო მიჩნდებოდა, მაშინვე დარბაზში გავრბოდი. მჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდი.

- გახსოვთ ისეთი თამაში, რომელშიც განსაკუთრებულად მაღალი სტატისტიკა გქონდათ?
- არა, სტატისტიკურ ოქმებში არასოდეს ვიხედებოდი. ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო მეთამაშა ისე, თითქოს ეს ბოლო მატჩი გახლდათ კარიერაში. ვცდილობდი გასაქანი არ მიმეცა მეტოქეებისთვის, ხისტად ვთამაშობდი. ყოველ მატჩში მხოლოდ ერთი რამ მინდოდა - მოგება.

- რა ფიქრობთ ბილ რასელთან შედარებაზე?
- ეს მიუღებელია. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეს გადარებენ, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ის სეზონში საშუალოდ 30 მოხსნას აკეთებდა. ეს არარეალურია. თანაც უამრავი ტიტული ჰქონდა მოპოვებული.

- "დეტროიტში" თამაშის პერიოდში ხშირად კლოუნს გეძახდნენ. სპეციალურად ახდენდით პუბლიკის პროვოცირებას?
- მაშინ უბრალოდ მომწონდა ის, რასაც ვაკეთებდი. ახლა ვაცნობიერებ, რომ პროფესიონალი მსახიობივით ვიქცეოდი. მაგრამ ხალხმა მაქცია ისეთად, როგორიც ახლა ვარ. საერთო ჯამში, გულშემატკივრების წყალობით ვიგრძენი თავდაჯერებულობა და შევინარჩუნე ადგილი შემადგენლობაში. ბომბარდირი არასოდეს ვყოფილვარ, ლიდერსაც ვერ დამარქმევდით. ვიღაც ვერ მიტანდა, ვიღაც მაღმერთებდა... გულგრილი არავინ რჩებოდა და ეს მომწონდა.

- იმ დროს ძალიან დაუახლოვდით "დეტროიტის" მაშინდელ მწვრთნელს ჩაკ დეილის.
- ის ფანტასტიკური ადამიანი იყო, რომელმაც საკუთარი გული გამიღო. მეხმარებოდა რჩვევებით, მოთმინებით მისმენდა, როცა მე ეს ძალიან მჭირდებოდა. ერთხელ მითხრა: "დენის, მართალია, შენ ჩემთვის არ თამაშობ, მაგრამ მაინც საკუთარი შვილივით მეყვარები. ეს ქველმოქმედება არ არის, უბრალოდ შენ ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავე. ვფიქრობ, შეგვიძლია ერთმანეთისთვის ახლობელი ადამიანები გავხდეთ".

- ის თქვენთვის მამასავით იყო?
- მე მამის გარეშე ვიზრდებოდი და არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ვინმესთვის "მამის" დაძახება. შესაძლოა, ის ჩემი მშობელი იყო. ყოველთვის ბაშვივით მიხაროდა მისი დანახვა. მამხნევებდა მისი ღიმილი.

- ალბათ, გაგიჭირდათ მას შემდეგ, რაც ის გუნდიდან წავიდა?
- კიდევ ერთი წელი დავრჩი "დეტროიტში" და შემდეგ "სან ანტონიოში" გადავედი. ვერ ვეგუებოდი მის არყოფნას. ჩვეულებრივ, ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო - ვგრძნობდი მას. იმ პერიოდში საკუთარ თავთან და მარტოობასთან ბრძოლა მიწევდა. გამოსავალი ვიპოვნე. საკუთარ თავს ვუთხარი: დაისახე მიზანი და მიაღწიეს მას! ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რაც შეიძლება კარგი თამაში მეჩვენებინა. უფრო მეტი მუშაობა დავიწყე, ვიდრე წინა წლებში. მაშინაც კი, როცა მთელი სხეული მტკიოდა, მაინც მივდიოდი დარბაზში და თავს მუშაობას ვაიძულებდი. და ეს სწორი ნაბიჯი იყო. ახლა მე დიდების დარბაზში ვარ და დიად კალათბურთელებს მადარებენ.

- "ჩიკაგოში" გადასვლის შემდეგ ეს გუნდი უბრალოდ დაუმარცხებელი გახდა. ბევრი მას ყველა დროის საუკეთესო კლუბს უწოდებს...
- როცა "ხარების" შესახებ მეკითხებიან, ყოველთვის ვპასუხობ, რომ ჩვენს გუნდში იყო ღმერთი - მაიკლ ჯორდანი. ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიადი მოთამაშე მთელს ისტორიაში. სკოტი პიპენი - იესო, მე კი რაღაც ეშმაკის მაგვარი. და ყველაფერი ეს ერთ გუნდში. მაშინ ყველა მოთამაშეს სჯეროდა, რომ ჩვენი დამარცხება შეუძლებელი იყო. გამიმართლა, რადგან მოედანზე ჩემს გვერდით დიდების დარბაზის ორი პოტენციური წევრი იმყოფებოდა, ხოლო გუნდს ავარჯიშებდა უდიადესი მწვრთნელი კალათბურთის ისტორიაში - ფილ ჯექსონი.

- რა ისტორია შეგემთხვათ თქვენ და მაიკლ ჯორდანს სასტუმროში?
- სასაცილო ეპიზოდი იყო. გასვლაზე გვქონდა თამაში და სასტუმროში ვცხოვრობდით. მაიკლმა ჩემს ნომერში შემოსვლა გადაწყვიტა, მე კი ამ დროს კარმენ ელექტრასთან ერთად საწოლში ვიყავი. ერთად რომ დაგვინახა, მაიკლს გაეცინა, უკან გაბრუნდა და როცა კარს ხურავდა, მითხრა: "დენის, მხოლოდ შენ შეძლებდი ამის გაკეთებას".

- გაქვთ კავშირი ჯორდანთან და პიპენთან?
- ყველა ჩვენთაგანს საკუთარი ცხოვრება აქვს. არ გვიწევს ურთიერთობა. თუმცა რამდენიმე წლის წინ ერთ ღამის კლუბში მივედი, სადაც მითხრეს, რომ ჯორდანიც და პიპენიც იქ იმყოფებოდნენ. სწრაფად ვიპოვნეთ ერთმანეთი, უცხოებს დავემალეთ, ბევრი ვილაპარაკეთ და კარგი დრო გავატარეთ. "ბითლზივით" ვართ - ხალხს მაინც მუდამ ერთად წარმოვუდგენივართ. ჩვენს შორის მაინც მუდმივი კავშირი იქნება.

- მომავალში რა მიზნები გაქვთ?
- ჩემი ზღვარია - ცა. მადლობა ღმერთს, მუშაობა არ მჭირდება და რაღაცის შექმნა შემიძლია. ამით ვიყავი დაკავებული ბოლო 20 წელი. ამ ცხოვრებაში ყველაფერი მოვსინჯე და ვნახე. მკითხეთ, რა არ გამიკეთებია და გიპასუხებთ, რომ მე ყველაფერი მქონდა. გამიმართლა, რომ ცოცხალი ვარ. ბრწყინვალე კარიერა მქონდა და რაც მთავარია, ყოველთვის ჩემს გვერდით ორი შესანიშნავი ბავშვი იყო.

დენის როდმანი
დაიბადა: 1961 წლის 13 მაისს ტრენტონში (ნიუ ჯერსი)
სიმაღლე: 1.98 მ
წონა: 100 კგ
ნომრები: 10, 91, 73, 70
პოზიცია: მსუბუქი ფორვარდი/მძიმე ფორვარდი
კარიერა NBA-ში
დრაფტი - 1986, 27-ე ნომერი, დეტროიტი
1986-93 - დეტროიტი
1993-95 - სან ანტონიო
1995-98 - ჩიკაგო
1999 - ლეიკერსი
2000 - დალასი

კარიერის მიღწევები და რეკორდები
- NBA-ის ხუთგზის ჩემპიონი: ორჯერ "დეტროიტში" (1989, 1990), სამჯერ "ჩიკაგოში" (1996, 1997, 1998)
- საშუალო კარიერული მონაგარი: 7.3 ქულა, 13.1 მოხსნა, 1.8 პასი, 0.67 ჩაჭრა, 0.58 მოხსნა (სულ 911 მატჩი)
- ზედიზედ შვიდი წელი (1992-98) ლიგის ლიდერი იყო მოხსნების საშუალო რაოდენობით
- შეტევაში 11 მოხსნით გაიმეორა NBA-ის ფინალური სერიის რეკორდი (1996, ორჯერ)
- 169 მატჩი ჩაატარა პლეი ოფში, საშუალოდ 6.4 ქულასა და 9.9 მოხსნას აგროვებდა
- კარიერაში 10 ათასი მოხსნა დააგროვა 1997 წლის 14 იანვარს "ვაშინტგონის" წინააღმდეგ
- 1996 წლის 16 იანვარს "ფილადელფიასთან" მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა - 10 ქულა, 21 მოხსნა, 10 პასი
- ორჯერ იყო სეზონის საუკეთესო დამცველი (1989-90, 1990-91)
- შვიდჯერ მოხვდა საუკეთესო დამცველთა პირველ სიმბოლურ ნაკრებში (1988-93, 1995, 1996)
- ორჯერ მოხვდა სეზონის მესამე სიმბოლურ ნაკრებში (1991-92, 1994-95)
- ორჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" (1990, 1992). ჯამში 36 წუთში 17 მოხსნა დააგროვა.
- NBA-ის ლიდერი თამაშიდან ტყორცნებით რეალიზაციის პროცენტით - 59.5 (1988-89)

კარიერის რეკორდები
ქულა - 34 (დენვერთან, 02.01.91)
მოხსნა - 34 (ინდიანასთან, 04.03.92)
პასი - 10 (ფილადელფიასთან, 16.01.96
ჩაჭრა - 4 (ხუთჯერ)
დაფარება - 5 (ორჯერ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული