ლოკაუტი უახლოეს პერიოდში არ დასრულდება

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა დერეკ ფიშერმა განაცხადა: ლოკაუტი უახლოეს პერიოდში არ დასრულდება, რადგან მისმა ორგანიზაციამ ლიგის ხელმძღვანელობასთან კონტაქტი შეწყვიტა.

"პირველ ივლისამდე ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს. ვცდილობდით რაღაცის გაკეთებას, მაგრამ ახლა სრული სიჩუმეა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ არავის არაფერი სჭირდება", - ამბობს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვეტერანი მცველი.

ამასობაში, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ NBA-ის მოთამაშეებს სხვა ლიგებში თამაშის უფლება ოფიციალურად დართო.

თუ მოთამაშე რომელიმე გუნდში გამოსვლის სურვილს გამოთქვამს, NBA-ში მის კლუბს ხელის შეშლის უფლება არ ექნება, მაგრამ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ლოკაუტის დასრულების შემდეგ კალათბურთელი
ვალდებულია, მაშინვე გამოცხადდეს ძველი გუნდის შემადგენლობაში.

რაც შეეხება სავარაუდო ტრავმებს, FIBA კლუბის ხელმძღვანელობას უტოვებს უფლებას, დამატებითი დოკუმენტი გააფორმოს, რომელიც ტრავმის მიღების შემთხვევაში მოთამაშის პასუხისმგებლობას განსაზღვრავს.

"როგორც კალათბურთის მმართველი ორგანო, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრება და NBA-ის სეზონი განრიგის მიხედვით დაიწყება. ხოლო იმის გამო, რომ ჩვენი მიზანია სპორტის ამ სახეობის განვითარება და პოპულარიზაცია, მხარი უნდა დავუჭიროთ კალათბურთელების მისწრაფებას, სადაც სურთ იქ ითამაშონ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ ირღვევა არც ერთი მხარის ინტერესები, უფლებები და მოვალეობები", - ამბობს ფედერაციის გენერალური მდივანი პატრიკ ბაუმანი.

* * *
"დეტროიტ პისტონზმა" შეთანხმებას მიაღწია ლოურენს ფრენკთან, რომელიც ერთი პერიოდი "ნიუ ჯერსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებით მუშაობდა. ოთხწლიან ხელშეკრულებას ამ კვირის დასაწყისში მოეწერება ხელი. "დეტროიტის" გარდა ფრენკს მთავარი მწვრთნელის თანამდებობას სთავაზობდნენ "ტორონტო" და "ჰიუსტონი".

აღსანიშნავია, რომ ფრენკი ახალბედა მწვრთნელებს შორის რეკორდსმენია: "ნიუ ჯერსიში" მისვლისთანავე მან გუნდს ზედიზედ 13-ჯერ მოაგებინა.

* * *
"პორტლენდის" ფორვარდი ნიკოლა ბატუმი მომავალ სეზონს საფრანგეთში დაიწყებს. გაზეთ "ეკიპის" ინფორმაციით, ფრანგმა კალათბურთელმა კლუბ "ნანსისთან" ზეპირ შეთანხმებას მიაღწია.

მიუხედავად ამისა, ხელშეკრულებას მხოლოდ მაშინ მოეწერება ხელი, როცა საბოლოოდ გაირკვევა, რომ NBA-ში სეზონი არ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბატუმი მოლაპარაკებებს აწარმოებდა "ვილერბანთან", მაგრამ "ნანსის" მიანიჭა უპირატესობა, რადგან ეს კლუბი ახალ სეზონში ევროლიგაზე ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული