კარგი ცუდი ამბავი

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა გუშინ ოკეანის გაღმიდან - როგორც იქნა, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ ეროვნული საკალათბურთო ლიგის კომისარი დევიდ სტერნი, პროფკავშირების პრეზიდენტი დერეკ ფიშერი და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ბილი ჰანტერი.

თითქოს სასიამოვნო ინფორმაციაა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ სამსაათიან შეხვედრას არანაირი შედეგი არ ჰქონია. აგვისტოში კიდევ არის დაგეგმილი რამდენიმე შეხვედრა, მაგრამ სტერნი პესიმისტურ განწყობას არ მალავს და აცხადებს, რომ შეიძლება მთელი სეზონი დაიკარგოს.

კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარეების მოთხოვნები: მოთამაშეები ჯიუტად იმეორებენ, რომ კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების მეექვსე წლისთვის კალათბურთელთა საშუალო ხელფასი 7
მილიონ დოლარს უნდა შეადგენდეს, ლიგის ხელმძღვანელობა კი ითხოვს, რომ მოთამაშეთა ხელფასი არათუ უნდა გაიზარდოს, არამედ დღევანდელ მაჩვენებელზე დაბლა უნდა ჩამოვიდეს. ასევე დაუშვებელი უნდა იყოს მდიდარი კლუბების მხრიდან მაქსიმალური სახელფასო ლიმიტის გადაჭარბება, რაც აქამდე ძალიან ხშირად ხდებოდა.

შეხვედრიდან გამოსული სტერნი მოღუშული და სიტყვაძუნწი იყო. მოლაპარაკებების შესახებ კითხვაზე მან ასე უპასუხა: "ამასთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწყობა ვერ მექნება".

სამაგიეროდ, ლაპარაკის ხასიათზე იყო "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვეტერანი მცველი დერეკ ფიშერი. მან აღიარა, რომ ამ მომენტისთვის ლიგას არ გააჩნია კონკრეტული წინადადება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

თუმცა ფიშერმა არ გამორიცხა, რომ აგვისტოში კიდევ რამდენიმე მსგავსი შეხვედრა გაიმართება: "გულახდილად ვამბობ - მოლაპარაკების დასრულებამდე ჯერ შორს არის. მხარეების მოთხოვნები ძალიან განსხვავებულია. მიუხედავად ამისა, კარგად გვესმის, რომ შეხვედრების გარეშე ერთი ადგილიდან ვერ დავიძვრებით. ასე რომ, ამ თვეში მსგავსი მოლაპარაკებები კიდევ გაიმართება. იმედია, უფრო პროდუქტიულები ვიქნებით".

ეროვნულ საკალათბურთო ასოციციაში რეგულარული სეზონი პირველ ნოემბერს უნდა დაიწყოს, მაგრამ შეიძლება განმეორდეს 2004 წლის სიტუაცია, როცა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მთელი სეზონი გაუქმდა. "ჯერჯერობით შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არ ჩანს", - ამბობს პროფკავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბილი ჰანტერი, თუმცა იქვე ამატებს, რომ მდგომარეობა შეიძლება ბოლო მომენტში შეიცვალოს და სეზონი გადარჩეს, როგორც ეს 1998 წელს მოხდა. მაშინ NBA-ში შემოკლებული ჩემპიონატი გაიმართა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული