ლებრონსაც ოლიმპიადაზე უნდა

AutoSharing Option
კობი ბრაიანტის შემდეგ NBA-ის კიდევ ერთმა ვარსკვლავმა გამოთქვა ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლის სურვილი. ეს გახლავთ "მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც ისიც კი განაცხადა, რომ სხვა ვარსკვლავებსაც დაარწმუნებს ლონდონში გამგზავრების აუცილებლობაში.

"მომწონს საერთაშორისო არენაზე საკუთარი ქვეყნის სახელით თამაში, ამიტომაც ვისურვებდი გავმხდარიყავი იმ გუნდის ნაწილი, რომელიც ლონდონში ოლიმპიური ოქროს დაცვას შეეცდება", - განაცხადა ლებრონმა.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა NBA-ში მიმდინარე ლოკაუტზეც გააკეთა მოკლე კომენტარი: "ამ საკითხში მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, სეზონი წელს დაიწყება".

საინტერესოა, როგორ ატარებს დროს ლებრონი საზაფხულო
არდადეგების დროს. როგორც აღმოჩნდა, ჯეიმსი პერიოდულად ვარჯიშობს "ჰიუსტონის" ყოფილ ვარსკვლავთან ჰაკიმ ოლაჟუონთან ერთად.

"მართლაც შთამბეჭდავია ის, რასაც ჰაკიმმა კარიერის განმავლობაში მიაღწია. უნიჭიერესი მოთამაშე, რომელმაც უამრავი ტიტული მოიპოვა. მისი გამოცდილება სასარგებლოა ჩემთვის ინდივიდუალური მოქმედების მხრივ. ჩემი გუნდი შეიძლება საუკეთესო გახდეს, თუ მე პროგრესს გავაგრძელებ", - ამბობს "მეფე".

* * *
ამასობაში, "მაიამი ჰიტის" მეორე ლიდერი დუეინ უეიდი უსაქმოდ ყოფნას არ აპირებს. სააგენტო AP-თვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ლოკაუტის სწრაფად დასრულების იმედი აქვს, მაგრამ თუ ასე მოხდა, კალათბურთელი აუცილებლად გადავა რომელიმე უცხოურ კლუბში სათამაშოდ.

ამასთან, უეიდი უარყოფს უახლოეს ხანში ერთ-ერთ ჩინურ კლუბში გადაბარგებას. ამ ინფორმაციას მან ჭორი უწოდა. დუეინმა ისიც აღნიშნა, რომ მზად არის თავად მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში ახალი კოლექტიური ხელშეკრულების შესახებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული