შაკი ჩხუბში მიდის

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოქსის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბი შეიძინა ბიზნესმენმა ალექს მერუელომ. ლოკაუტის გამო გარიგების პირობები არ გახმაურებულა.

მერუელო NBA-ის კლუბის პირველი ლათინოამერიკული წარმოშობის მფლობელი იქნება. 48 წლის კალიფორნიელი ბიზნესმენი კუბელი ემიგრანტების შვილი გახლავთ.

"ეს დიდი პატივია. აღნიშნული გარიგება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ვამაყობ იმით, რომ პირველი ლათინოამერიკელი ვარ ამ პოსტზე. იმედია, შევძლებ კლუბის სწორად მართვას და ყველა იამაყებს ჩემით. საუკეთესო ნამდვილად არ ვარ, მაგრამ შევეცდები წარმატების მიღწევას", - განაცხადა მერუელომ.

* * *
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ლეგენდარული ცენტრი
შაკილ ო'ნილი უკვე დიდი ხანია გამოთქვამს ინტერესს შერეული საბრძოლო ხელოვნების მიმართ. ამ სახეობას ორგანიზაცია UFC კურირებს და მისმა პრეზიდენტმა დანა უაიტმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

"შაკილი - ჩემი კარგი მეგობარია. ის ყოველთვის გამოხატავდა ჩვენსა და მთლიანად სპორტის ამ სახეობის მიმართ პატივისცემას, - ამბობს უაიტი. - შაკს უნდა ამ საქმეში იყოს ჩართული. რა თქმა უნდა, ის ჩხუბს არ აპირებს, მაგრამ ჩვენი ბიზნესი მართლაც აინტერესებს. ვნახოთ, რა გამოუვა".

* * *
საბოლოოდ გაირკვა, რომ ბრაზილიის ნაკრების გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი "ბარსელონაში" გააგრძელებს კარიერას. კატალონურმა გრანდმა ამ ზაფხულს ყველაზე მოთხოვნად კალათბურთელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შარშან უერტასი მეორე ესპანურ კლუბში - "კახა ლაბორალში" თამაშობდა და მეორე ადგილზე გავიდა ევროლიგაზე შედეგიანი გადაცემების საშუალო რაოდენობით (5.5). მასზე წინ მხოლოდ "პანათინაიკოსის" მცველი დიმიტრის დიამანტიდისი აღმოჩნდა. გარდა ამისა, უერტასი ევროლიგის მატჩებში 10.3 ქულასა (სამქულიანების რეალიზაცია - 44.2 პროცენტი) და 3.0 მოხსნას აგროვებდა.

* * *
იტალიის ჩემპიონმა "მონტეპასკიმ" ხელშეკრულება გააგრძელა ლიტველ ფორვარდთან კშიშტოფ ლავრინოვიჩთან. ახალი კონტრაქტი 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.

ლავრინოვიჩი ოთხი წელია თამაშობს "მონტეპასკიში" და ოთხივე სეზონში იტალიის ჩემპიონის ტიტულს ეუფლებოდა. გარდა ამისა, მან სამჯერ მოიგო იტალიის თასი და ორჯერ ითამაშა ევროლიგის "ოთხთა ფინალში". გასულ სეზონში ევროლიგაზე ლიტველის საშუალო მონაგარი 13.2 ქულასა და 4.2 მოხსნას შეადგენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული