ამერიკული პრესა იტყობინება, რომ "მაიამი ჰიტმა" შემადგენლობის გასაძლიერებლად ორ კალათბურთელს დაადგა თვალი - ესენი არიან "დეტროიტ პისტონზის" წევრები: ტაიშონ პრინსი და ტრეისი მაკგრეიდი.
გასულ სეზონში პრინსმა რეგულარულ ჩემპიონატში 78 მატჩი ჩაატარა, რომელშიც საშუალოდ 14.1 ქულა, 4.2 მოხსნა და 2.8 შედეგიანი პასი დააგროვა.
მაკგრეიდის შესაბამისი სტატისტიკაა: 72 მატჩი, 8.0 ქულა, 3.5 მოხსნა და 3.5 პასი.
"ფილადელფია სიქსერზის" ლიდერს, ანდრე იგუოდალას არ სჯერა ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება.
"შემიძლია თამამად გითხრათ, რომ არანაირი სეზონი არ იქნება. შარშანდელი წარმატებული ჩემპიონატის შემდეგ, როცა ტელევიზიაში უდიდესი რეიტინგი მოვიპოვეთ და დიდი მოგება ვნახეთ, მეგონა, რომ მოლაპარაკებას შევძლებდით. მაგრამ მხარეები ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან", - აღნიშნა იგუოდალამ.
როგორც იცით, ლიგისა და პროფკავშირის წარმომადგენლები ამ თვეში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.
* * *
კიდევ ერთი ვარსკვლავი აპირებს ლოკაუტის პერიოდში რომელიმე უცხოურ ლიგაში თამაშს. ეს გახლავთ "ჩიკაგო ბულზის" მძიმე ფორვარდი კარლოს ბუზერი.
"ვფიქრობ, მოთამაშეთა უმრავლესობა ლოკაუტს არც ისე წარმატებულ გამოცდად აღიქვამს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობაცაა. როცა პეკინის ოლიმპიადაზე ამერიკის ნაკრების რიგებში გამოვდიოდი, ამ გამოცდილებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, - აღიარა ბუზერმა. - თუ ასოციაციაში სეზონის დაწყება გადაიდო ან ჩემპიონატი საერთოდ გაუქმდა, მინდა ეს დრო იმ შეგრძნებების მისაღებად გამოვიყენო, რაც 2008 წლის ზაფხულში მქონდა. თუ ლოკაუტი გაგრძელდა, საზღვარგარეთ წავალ სათამაშოდ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"