გადაწყდა: რონი ინგლისში მიდის

AutoSharing Option
საბოლოოდ გაირკვა, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდი რონ არტესტი ლოკაუტის გაგრძელების შემთხვევაში ბრიტანეთის ლიგაში "ჩეშირ ჯექსის" ღირსებას დაიცავს.

როგორც უკვე ვწერდით, ინგლისური კლუბი 31 წლის კალათბურთელს მუსიკალურ და კინოკარიერაში წინსვლას რაპირდა, რადგან არ შეუძლია მისთვის თვეში 2.5 ათასი დოლარის გადახდა. ESPN-ის ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობა ერთ-ერთ ბრიტანულ სერიალში როლს მოუძებნის არტესტს. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს კალათბურთელმა თავისი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი რეპალბომი გამოუშვა სახელწოდებით - My World.

"ჯეტსი" ახალ სეზონს 30 სექტემბერს დაიწყებს, მაგრამ არტესტი გუნდს მხოლოდ ნოემბერში შეუ
ერთდება. თავდაპირველად კალათბურთელი ერთ კვირას გაატარებს ფინურ კლუბ "ლოიმაა ბიზონზში", შემდეგი ორი კვირა კი კომედიურ შოუებში მიიღებს მონაწილეობას.

"თუ სადმე თამაშს ვაპირებ, მინდა ამისგან სიამოვნება მივიღო. ამ მომენტისთვის კმაყოფილი ვარ ახალი გუნდითა და ლიგით. ეს არ არის ევროპაში საუკეთესო ჩემპიონატი, მაგრამ მას დიდი პოტენციალი გააჩნია. მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა "ჯეტსის" მაისურით პირველ მატჩს ჩავატარებ. როცა მითხრეს, რომ არსებობს სერიალში მონაწილეობის შანსი და მკითხეს - მსურს თუ არა მასში მონაწილეობის მიღება, მაშინვე დადებითი პასუხი მივეცი. ამაზე უარს ვერ ვიტყოდი. ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი ტელევიზიაში მოხვედრაზე.

რაც შეეხება ფინეთში გამგზავრებას, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ეს ყველაზე სუფთა ქვეყანაა მსოფლიოში. გაოგნებული ვარ ამით და მინდა ეს საკუთარ თავზე გამოვცადო, შემდეგ კი ამერიკაში დავბრუნდე და მიღებული გამოცდილება ყველას გავუზიარო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის", - განაცხადა არტესტმა.

* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორი წამყვანი კალათბურთელი - "ოკლაჰომას" ცენტრი კენდრიკ პერკინსი და "მილუოკის" ფორვარდი სტივენ ჯექსონი ტექსასის პოლიციამ დააკავა ქალაქ ბომონტის ერთ-ერთ ღამის კლუბთან მომხდარი ჩხუბის გამო.

პოლიციის ინფორმაციის თანახმად, მთვრალმა კალათბურთელებმა ჩხუბი აუტეხეს კლუბის დაცვის თანამშრომლებს. მოჩხუბრების გარშემო ბევრი ადამიანი შეიკრიბა და ამან პოლიციის ყურადღება მიიქცია. დაკავების შემდეგაც პერკინსი და ჯექსონი აგრესიულად იქცეოდნენ და უშვერი სიტყვებით ილანძღებოდნენ.
დაკავებულები ჯეფერსონის ოლქის ციხეში გაგზავნეს და სულ რაღაც 150 დოლარის გადახდის შემდეგ თავდებით გაანთავისუფლეს.

* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა ლოკაუტის მიმდინარეობის შესახებ. მისი აზრით, "შრომის დღე" (5 სექტემბერი) გასცემს პასუხს კითხვაზე - გამონახავენ თუ არა საერთო ენას კლუბების მფლობელები და მოთამაშეთა პროფკავშირი.

"ჩემი აზრით, სწორედ "შრომის დღეს" მივაღწევთ პროგრესს მოლაპარაკებებში. მაგრამ თუ ეს არ მოხდა, მაშინ სეზონის დაკარგვის შანსი თითქმის 100 პროცენტს მიაღწევს", - ამბობს სტერნი ESPN-თან ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული