ჰორნეტსი ძლიერდება

AutoSharing Option

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ორი საინტერესო ტრეიდი განხორციელდა. განსაკუთრებით იაქტიურა "ნიუ ორლეან ჰორნეტსმა", რომელმაც ორი ძლიერი კალათბურთელით შეავსო შემადგენლობა. ალბათ, გახსოვთ, ამ გუნდის ლიდერმა კრის პოლმა ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა - თუ ისინი შემადგენლობის გაძლიერებაზე არ იზრუნებდნენ, სხვა კლუბში გადაბარგებას მოითხოვდა. შეფობა ვარსკვლავს დაპირდა, რომ ამ ზაფხულსვე იმუშავებდა ძლიერი კალათბურთელების დამატებაზე და როგორც ჩანს, სიტყვის ასრულებას შეუდგა.

პირველი ტრეიდი საკმაოდ მასშტაბური გამოვიდა. მასში ოთხმა კლუბმა ("ნიუ ორლეანი", "ჰიუსტონი", "ინდიანა" და "ნიუ ჯერსი") და ხუთმა კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა.

"ჰიუსტონიდან" "ნიუ ორლეანში" გადავიდა მცველი

ტრევორ არიზა, "ჰორნეტსმა", თავის მხრივ, დარენ კოლისონი და ჯეიმს პოუსი "ინდიანაში" გაუშვა, "პეისერსმა" "ნიუ ჯერსის" დაუთმო ტროი მერფი, ხოლო კორტნი ლი "ნეტსიდან" "ჰიუსტონში" გადავიდა.
ამ გაცვლის თანახმად, "ნიუ ორლეანმა" კრის პოლის მთავარი შემცვლელი - კოლისონი დაკარგა, მაგრამ ძლიერი შევსება მიიღო არიზას სახით, რომელმაც შარშან 6-წლიანი კონტრაქტი (35 მილიონი) გააფორმა "ჰიუსტონთან".

"ინდიანას", როგორც იქნა, პერსპექტიული გამთამაშებელი (კოლისონი) ჰყავს და ახლა ამ გუნდის ახალგაზრდა შემადგენლობა საკმაოდ საიმედოდ გამოიყურება.

"ჰიუსტონმა" პერსპექტიული კორტნი ლი დაიმატა და რაც მთავარია, არიზას გაშვებით სახელფასო ბიუჯეტი განტვირთა. ლის ხელფასი 1.3 მილიონი დოლარია, არიზასთვის კი "რაკეტებს" 6.4 მილიონი უნდა გადაეხადათ.


იმავე საღამოს "ნიუ ორლეანი" "ტორონტო რეპტორზსაც" გაურიგდა. მომავალი სეზონიდან მცველი ჯულიან რაიტი კანადურ კლუბში ითამაშებს, "ჰორნეტსის" რიგებს კი იტალიელი ლეგიონერი მარკო ბელინელი შეავსებს.
ამ გაცვლით "ნიუ ორლეანი" უფრო მოგებული დარჩება. ბელინელის ხელფასი 2.3 მილიონს შეადგენს, რაიტისა - 2.8 მილიონს. გარდა ამისა, შარშან იტალიელის საშუალო შედეგიანობა 7.1 ქულას შეადგენდა, რაიტის - 3.8 ქულას.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული