დიდი შემოსევა იწყება

AutoSharing Option
თვენახევარი გავიდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ლოკაუტის გამოცხადების დღიდან, მაგრამ ამ დროის განმავლობაში კლუბების მფლობელებსა და მოთამაშეთა პროფკავშირს შორის მოლაპარაკებებში არანაირი პროგრესი არ შეიმჩნევა და 2011-12 წლების სეზონის გაუქმების რისკი კიდევ უფრო იზრდება. შესაბამისად, იზრდება შანსი ევროპული კლუბებში ვიხილოთ NBA-ის ბევრი სუპერვარსკვლავი.

გასულ უქმეებზე NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა გამოაცხადა: "თუ ლიგა და პროფკავშირი არ შეხვდებიან ერთმანეთს 5 სექტემბერამდე, როცა ჩვენთან "შრომის დღე" აღინიშნება, სეზონის გაუქმების შანსი თითქმის 100 პროცენტს მიუახლოვდება". აქ ლაპარაკი არ არის სეზონის ნაწილობრივ გაუქმებაზე, როგორც ეს 13 წლის
წინ მოხდა, როცა ლოკაუტის გამო 1998-99 წლების სეზონი თებერვალში დაიწყო. ლაპარაკია რეგულარულის მთლიანად ჩაშლაზე.

მელასავით ცბიერი სტერნი ამჯერად არ თვალთმაქცობს. იმაზე, რომ რეგულარული ჩემპიონატი დათქმულ დროში (31 ოქტომბერი) დაიწყოს, ლაპარაკიც ზედმეტია. საქმე ისაა, რომ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების პირობების შეთანხმებას, როგორც წესი, ოთხი თვე სჭირდება. ამ სიტაუციაში კი ეს პროცესი კიდევ უფრო გაიწელება.

ამიტომაც მარტივი გამოთვლა შეიძლება. მოლაპარაკებათა ცალკეული რაუნდები დაახლოებით თვეში ერთხელ იმართება. თუ ის 5 სექტემბერს არ დაიწყო, საუკეთესო შემთხვევაში, 5 ოქტომბერს განახლდება. მივუმატოთ ამ თარიღს "მინიმალური" ოთხი თვე და მივიღებთ 5 თებერვალს. როგორც ჩანს, ასეთი მკვეთრი განცხადებისას სტერნი სწორედ ამ ლოგიკას ეყრდნობოდა. და რთულია მას არ დაეთანხმო. თუ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე თებერვლის პირველ რიცხვებში მოაწერეს ხელი, რეგულარული ჩემპიონატის გამართვა ყოველგვარ აზრს დაკარგავს. 1999 წელს ის სწორედ 5 თებერვალს დაიწყო - 15 დღის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა ლიგამ და პროფკავშირმა ხელშეკრულება გააფორმეს. 82 მატჩის ნაცვლად თითოეულმა გუნდმა ჩემპიონატში 50 შეხვედრა ჩაატარა. საეჭვოა, რომ NBA-მ გარისკოს და მოისურვოს მატჩების რაოდენობის კიდევ 10-15-ით შემცირება.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, NBA-ის ასობით მოთამაშე, რომელთა ჯამური წლიური ხელფასი მილიარდ დოლარს აჭარბებს, 2011-12 წლებში სამუშაოსა და ჰონორარების გარეშე რჩება. მათთან ერთად ზარალდებიან თავისუფალი აგენტებიც, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ ახალი კონტრაქტების გაფორმება. ახლა კი ფული და სათამაშო პრაქტიკა რომ არ დაკარგონ, ისინი აუცილებლად ევროპას მიაშურებენ.

* * *
არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ამერიკელ ვარსკვლავებს არ უყვართ და ერთგვარად შიშით უყურებენ ევროპაში გამგზავრებას. მაგრამ ეს არ არის მართალი. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ევროპაში გამოჩდნენ NBA-ის სუპერვარსკვლავები: ბობ მაკადუ (მილანი - 1986-90, ფორლი - 1990-92), ჯორჯ გერვინი (ვირტუსი - 1986/87, მანრესა - 1989/90), მაიკლ კუპერი (ვირტუსი - 1990/91), ალექს ინგლიში (ნაპოლი - 1991/92), რეჯი ტიასი (ვარეზე - 1991/92), როლანდო ბლეკმენი (აეკ - 1994/95, მილანი - 1995/96, ლიმოჟი - 1996/97), ედი ჯონსონი (ოლიმპიაკოსი - 1994/95), ტომ ჩემბერსი (მაკაბი - 1995/96), დომინიკ უილკინსი (პანათინაიკოსი - 1995/96, ფორტიტუდო - 1997/98) და ბაირონ სკოტი (პანათინაიკოსი - 1997/98)1

ესენი მართლაც გამორჩეულები იყვნენ (ცნობისთვის: მაკადუ NBA-ის სეზონის MVP იყო, გერვინი კი საერთო ლიგის ყველა დროის საუკეთესო 50 კალათბურთელს შორის შეიყვანეს). მაგრამ შესაძლებელია ნაკლებად რეკლამირებული ლეგიონერების დასახელება: ვინი დელ ნეგრო, ჯო ბრაიანტი, ტერლ ბეილი, ჯონ სეილი, დერილ დოუკინსი, ქსავიე მაკდანიელი ან სკოტ სკაილზი. ამ ორ აბზაცში ჩამოთვილი კალათბურთელები სიამოვნების ჩადიოდნენ ევროპაში კარიერის დასასრულებლად.

მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დრაფტის შემდეგ იწყებდნენ ოკეანის აქეთ კარიერას. მათ შორის NBA-ის მომავალი ჩემპიონები: ბილ ბრედლი (მილანი - 1965/66), ბილ ლემბირი (ბრეშია - 1979/80), კურტ რემბისი (აეკ - 1980/81) და ბრაიან შო (ვირტუსი - 1989/90). აგრეთვე ენტონი მეისონი (ეფესი - 1988/89), ანტონიო დევისი (პანათინაიკოსი, 1990-92, მილანი - 1992-93) და პი ჯეი ბრაუნი (პანიონიოსი - 1992-93).

აღარაფერს ვამბობთ როი ტარპლისა და რეი "შუგარ" რიჩარდსონზე, რომლებმაც 90-იანი წლების დასაწყისში NBA ევროპაზე დოპინგთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაცვალეს. ასევე არ ვიღებთ სათვალავში მეჯიქ ჯონსონს, ვინც 1998 წელს რამდენიმე მატჩი ჩაატარა შვედური ქალაქის ბორასის გუნდში (მანამდე მისი მფლობელი გახდა).

მოკლედ, ამერიკელ ვარსკვლავებს ევროპული საკლუბო კალათბურთი დიდი ხანია ათვისებული აქვთ და არანაირი შიში არ აწუხებთ.

თანამედროვე ამერიკელი ვარსკვლავებისთვის, რომლებსაც არ ახსოვთ გერვინი და მაკადუ, ევროპული კალათბურთის ძლიერი რეკლამა გახდა გასულ შემოდგომაზე თვით ალენ აივერსონის "ბეშიქთაშში" გადასვლა. ამერიკელმა სტამბოლში 2.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა სეზონი ჩააგდო, რითაც თანამემამულეებს დაანახა: ევროპა არა მარტო ფული, არამედ კონკურენციის საკმაოდ მაღალი დონეცაა. ამით არის ის განსხვავებული ფინანსურად ასევე ძლიერ ჩინეთთან.

მოკლედ, თუ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სეზონი მართლაც გაუქმდა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ორი თვის შემდეგ, მაგალითად, კევინ დურანტი რომელიმე ევროპული კლუბის მაისურით ვიხილოთ. დერონ უილიამსმა კი უკვე გააფორმა კონტრაქტი "ბეშიქთაშთან". NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი, რომელიც სულ რაღაც 27 წლისაა, 2011-12 წლების სეზონში "ნიუ ჯერსიში" 16.3 მილიონს გამოიმუშავებდა. სხვათა შორის დურანტს "ოკლაჰომაში" ნაკლები ხელფასი აქვს და რატომ არ უნდა მიბაძოს მან დერონს?!

მოკლედ, როცა ყველა ბარიერი მოიხსნება, ევროპაში გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება NBA-ის ლეგიონერთა რაოდენობა, მანამდე კი სატრანსფერო ბაზარზე მდგომარეობა ასე გამოიყურება:

გაფორმებული კონტრაქტები
მოთამაშე კლუბი სტატუსი NBA-ში ახალი კლუბი
დერ. უილიამსი ნიუ ჯერსი $16 359 805 ბეშიქთაში (თურ)
ფაჩულია ატლანტა $4 750 000 ბეშიქთაში (თურ)
პეკოვიჩი მინესოტა $4 320 000 პარტიზანი (სერ)
ფარმარი ნიუ ჯერსი $4 000 000 მაკაბი (თ-ა, ისრ)
მოზგოვი დენვერი $2 566 800 ხიმკი (რუს)
ილიასოვა მილუოკი $2 541 000 ეფესი (თურ)
ბატუმი პორტლენდი $1 796 140 ნანსი (საფ)
ბუკერი ვაშინგტონი $1 294 920 ბნეი ჰაშარონი (ისრ)
კრსტიჩი ბოსტონი თავ. აგენტი ცსკა (რუს)
ქუინი სან ანტონიო თავ. აგენტი ხიმკი (რუს)
ანდერსენი ნიუ ორლეანი თავ. აგენტი მონტეპასკი (იტა)
არმსტრონგი ატლანტა თავ. აგენტი ვილერბანი (საფ)
ვუიაჩიჩი ნიუ ჯერსი თავ. აგენტი ეფესი (თურ)
ლოუ გ. სტეიტი თავ. აგენტი პარტიზანი (სერ)
სამერსი დეტროიტი თავ. აგენტი მონტეპასკი (იტა)
სონგაილა ფილადელფია თავ. აგენტი გალათასარაი (თურ)
ტემპლი შარლოტი თავ. აგენტი კაზალე (იტა)
უიმსი ტორონტო თავ. აგენტი ჟალგირისი (ლიტ)
უეიფერი ბოსტონი თავ. აგენტი კრემონა (იტა)
შაკური ვაშინგტონი თავ. აგენტი პო ორტეზი (საფ)
დიბლერი - დრაფტი 2011 პანიონიოსი (საბ)
ლოიერი - დრაფტი 2011 სკაილაინერსი (გერ)
მური - დრაფტი 2011 ბენეტონი (იტა)

მიმდინარეობს მოლაპარაკებები
მოთამაშე კლუბი სტატუსი NBA-ში ახალი კლუბი
დურანტი ოკლაჰომა $13 604 000 ბეშიქთაში (თურ)
ოქური იუტა $10 890 000 ფენერბაჰჩე (თურ)
თურქოგლუ ორლანდო $10 600 000 ეფესი (თურ)
არტესტი ლეიკერსი $6 790 640 ჩეშირი (ინგ)
კლეიზა ტორონტო $4 605 000 ჟალგირისი (ლიტ)
ტურიაფი ნიუ იორკი $4 360 000 მაკაბი (ჰ, ისრ)
ბელინელი ნიუ ორლეანი $3 377 604 მონტეპასკი (იტა)
დულინგი მილუოკი $2 160 000 ეფესი (თურ)
დრაგიჩი ჰიუსტონი $2 108 000 ოლიმპია (სლოვენ)
სერაფენი ვაშინგტონი $1 680 360 შოლე (საფ)
კასპი კლივლენდი $1 341 960 მაკაბი (თ-ა, ისრ)
მილზი პორტლენდი $1 171 494 ეფესი (თურ)
კირილენკო იუტა თავ. აგენტი სპარტაკი (რუს)
ე. პარკერი კლივლენდი თავ. აგენტი მაკაბი (თ-ა, ისრ)
ფესენკო იუტა თავ. აგენტი დნეპრი (უკრ)
ჯ. კროუფორდი ატლანტა თავ. აგენტი ბეშიქთაში (თურ)
ი. ტომასი ატლანტა თავ. აგენტი მურსია (ესპ)

განიხილავენ წინადადებებს
მოთამაშე კლუბი სტატუსი NBA-ში ახალი კლუბი
ბრაიანტი ლეიკერსი $25 244 000 თურქეთი, იტალია, ესპანეთი
სტაუდმაიერი ნიუ იორკი $18 217 705 ისრაელი
მაგეტი შარლოტი $10 262 069 იტალია, თურქეთი, საბერძნეთი
არიზა ნიუ ორლეანი $6 790 640 ესპანეთი, სერბეთი
ფ. პიეტრუსი ფინიქსი $5 300 000 თურქეთი
ბინუმი ლეიკერსი $3 500 000 ისრაელი
სეფოლოშა ოკლაჰომა $3 300 000 ესპანეთი
აროიო ბოსტონი თავ. აგენტი იტალია
ბარეა დალასი თავ. აგენტი ესპანეთი
რადმანოვიჩი გ. სტეიტი თავ. აგენტი სერბეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული