შაკი გალახეს!

AutoSharing Option
ლას ვეგასის Caesars Palace-ის არენაზე მეტად საინტერესო და უცნაური საკრივო ბრძოლა შედგა – ერთმანეთის პირისპირ ქვესაშუალო წონაში მსოფლიოს ექსჩემპიონი შეინ მოზლი და ლეგენდარული ... კალათბურთელი შაკილ ონილი წარსდგნენ.

შაკილ ონილი ამერიკულ ტელეარხ ABC-ზე ერთი რეიტინგული შოუს მთავარი გმირია. გადაცემათა ეს სერია სულაც შაკის სახელს ატარებს - "Shaq Vs.". "ბოსტონ სელტიქსში" ახალგადასული დევკაცისთვის ეს იყო მეორე შეხვედრა ტოპ-კლასის პროფესიონალ მოკრივესთან – შარშან აგვისტოში ონილი ლეგენდარულ ოსკარ დე ლა ჰოიას დაუპირისპირდა...

რაც შეეხება შეინ "შუგარ" მოზლის, ეს მოკრივე სხვადასხვა დროს და სხვადასხვა
ვერსიების საჩემპიონო ტიტულს ატარებდა, ხოლო დღესდღეობით პოპულარული ჟურნალ "რინგის" რეიტინგში ყველა წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის მე-5 ადგილი უკავია.

ტრადიციულ შერკინებისწინა პრესკონფერენციაზე შაკმა შეინს სანაძლეო დაუდო: "თუ მოგერევი, ტატუს გავიკეთებ – სხეულის რომელიმე ნაწილზე დავიწერ "მე შეინ მოზლი გავლახე". ხოლო თუ სასწაული მოხდა და შენ მაჯობე, ვარდისფერ ბიკინიში გამოვეწყობი და Caesars Palace-ის ერთი ბოლოდან მეორემდე ასე მივირბენ".

აღსანიშნავია, რომ კალათბურთელი ამ ბრძოლისთვის საკმაოდ სერიოზულად ემზადებოდა, ხოლო კონსულტანტად ლეგენდარული მწვრთნელი ფრედი როუჩი აიყვანა. შეხვედრა ხუთი ორწუთიანი რაუნდისგან შედგებოდა, რომელთა შორის მებრძოლები წუთნახევარს ისვენებდნენ, თანაც ბოლო, მეხუთე რაუნდი ერთწუთიანი გახლდათ.

მაგრამ მთავარი სულ სხვაა – წარმოიდგინეთ, რაოდენ კომიკურად გამოიყურებოდა რინგზე ეს წყვილი: როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეინ "შუგარ" მოზლი ქვესაშუალო (66,7 კგ) წონით კატეგორიაში გამოდის და მისი სიმაღლე 175 სანტიმეტრია, ხოლო შაკილ ონილი მსოფლიოს ერთ-ერთი დიდგაბარიტიანი სპორტსმენია – 215 სანტიმეტრი და 152 კილო! წინასწარი შეთანხმებით, "ბიგ შაკის" ხელთათმანებიც უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე მოზლისა, მაგრამ NBA-ს სუპერვარსკვლავს ვერც ამან უშველა – სამივე რეფერიმ ერთნაირი ვერდიქტი გამოიტანა: 48:47 შეინ მოზლის სასარგებლოდ!

მოკლედ, ონილმა წააგო, მაგრამ პირობა გატეხა და ვარდისფერ ბიკინიში გამოწყობილმა Caesars Palace-ში ძუნძულზე უარი თქვა: "მე არ დამიკონკრეტებია, როდის შევასრულებ ამ პირობას. აი, მოვიცლი და მერე ვნახოთ..."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული