HoopsWorld-ის ინფორმაციით, ტრადიციული საზაფხულო ლიგებისგან განსხვავებით, სადაც გუნდებში ძირითადად მოყვარებულები თამაშობენ და თითო-ოროლა პროფესიონალია, ახალ ლიგაში მხოლოდ NBA-ის კალათბურთელები ითამაშებენ.
სულ პროექტში დაახლოებით 70 მოთამაშე იქნება ჩართული, მათ შორის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჩონსი ბილაპსი, ჯონ უოლი, პოლ პირსი, კორი მაგეტი, კაილ ლოური და ჯერმეინ ო'ნილი.
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი მოლაპარაკებებს აწარმოებს ლოს ანჯელესის საკალათბურთო ლიგის - "დრიუს" ხელმძღვანელობასთან. თუ კობი შეთავაზებულ პირობებს დათანხმდა, ის მონაწილეობას მიიღებს მატჩში, რომელშიც ვაშინგტონის ლიგის - "გუდმანის" გუნდს დაუპირისპირდება. NBA-ის ვარსკვლავებს შორის შეხვედრა 10 სექტემბერისთვის არის დანიშნული.
"სულ სამი კვირა დარჩა ამ მატჩამდე და ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ ეს კალათბურთელი გადავიბიროთ. იმედია, გამოგვივა", - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ფრედ სმიტმა.
* * *
კვლავ სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი ალენ აივერსონი. ვინმე გაი უოკერმა კალათბურთელი დეტროიტის სასამართლოში უჩივლა.
უოკერი ირწმუნება, რომ 2009 წლის აპრილში ის აივერსონის პირადმა მცველმა დეტროიტის ერთ-ერთ ბარში სცემა და ახლა, კალათბურთელისგან კომპენსაციის სახით 2.5 მილიონ დოლარს ითხოვს.
* * *
როგორც ჩანს, "მინესოტა ტიმბერვულვზმა" ახალი მწვრთნელი იპოვნა. რიკ ადელმანი, რომელიც ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ კარიერაში პაუზის აღება და კალათბურთისგან დასვენება სურს, "მინესოტას" ხელმძღვანელობას შეხვდება და მომავალი თანამშრომლობის დეტალებს განიხილავს. ამერიკული პრესა ირწმუნება, რომ ადელმანი, შესაძლოა, დღეს გამოაცხადონ "მგლების" დამრიგებლად.
ასე რომ, არ დასტურდება ჭორი იმის შესახებ, რომ "ტიმბერვულვზის" მწვრთნელი შეიძლება დონ ნელსონი ან სემ მიტჩელი გამხდარიყო.
* * *
"ოკლაჰომას" ლიდერის კევინ დურანტის შემდეგ სამსახიობო პროფესიაში აპირებენ ძალების მოსინჯვას "მაიამი ჰიტის" ვარსკვლავები - მცველი დუეინ უეიდი და ფორვარდი კრის ბოში. ისინი საკუთარ თავს განასახიერებენ ცნობილ ამერიკულ სერიალში - "კანონი და წესრიგი".
იმ სერიის სიუჟეტი, რომელშიც "მაიამის" კალათბურთელები ითამაშებენ, აგებულია კალათბურთის მწვრთნელის გარშემო, რომელიც შეგირდებზე ძალადობაშია შემჩნეული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"